ურჩ ბიზნესმენთა განკითხვის დღე

    პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებამ იმის შესახებ, რომ იგი სთავაზობს ბიზნესმენებს 1 აპრილამდე წარმოადგინონ საგადასახადო (შემოსავლების) დეკლარაცია და სანაცვლოდ, შეწყალებას ჰპირდება, არცთუ მცირე გაუგებრობა გამოიწვია.
        ეს წინადადება რატომღაც, შეფასდა, როგორც «საგადასახადო ამნისტია» და უმალვე გაავლეს პარალელები 1997 წელს, იმდროინდელი ფინანსთა მინისტრის - მიხეილ ჭკუასელის გამოსვლასთან მთავრობის «გაფართოებულ» სხდომაზე.
        მაშინ ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო შემოსავლების პრობლემის გადასაჭრელად პრეზიდენტს შესთავაზა წინა წლების დავალიანებათა ფაქტობრივი ჩამოწერა და ყველაფრის «სუფთა ფურცლიდან» დაწყება.
    იმ პერიოდში ამ წინადადებას დიდი აურზაური მოჰყვა და გადასახადების სფეროში გარკვეული ხნით მცირე ქაოსიც შეიქმნა, ვინაიდან, გადასახადების გადახდა იმ ბიზნესმენებმაც კი შეაჩერეს, ვინც, მანამდე, ასე თუ ისე, იხდიდა გადასახადს.
    მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ განცხადებას, სინამდვილეში, «საგადასახადო ამნისტიასთან» საერთო არაფერი აქვს. დავაკვირდეთ, რა თქვა პრეზიდენტმა: ყველა ბიზნესმენი, ვინც 1 აპრილამდე დოკუმენტურად (!) აღიარებს, რომ წინა წლებში მალავდა გადასახადს, გათავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, რაც დაკანონდება პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით.
    მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს ბიზნესმენები თავისუფლდებიან ფინანსური ვალდებულებისაგან. პრეზიდენტმა სააკაშვილმა იქვე დასძინა: ბიზნესმენებმა არა მხოლოდ გადასახადის დამალვის ფაქტი უნდა აღიარონ და თანხა მიუთითონ, არამედ (ისევ და ისევ 1 აპრილამდე) დავალიანება უნდა დაფარონ კიდეც.
    ძნელი მისახვედრი არ არის, რომ სინამდვილეში, სახელმწიფოს მეთაური ბიზნესმენებს ამნისტიას კი არ დაჰპირდა, არამედ პირიქით, უმკაცრესი ულტიმატუმი წაუყენა: თუ 1 აპრილამდე ისინი ხელისუფლებასთან თავის ფინანსურ ვალდებულებებს ერთხელ და სამუდამოდ არ გაარკვევენ, 1 აპრილის შემდეგ უკვე საკუთარ თავს უნდა დააბრალონ.
    ყველა მსხვილ გადამხდელ საწარმოში «შევა» ახლად შექმნილი ფინანსური პოლიცია და თუ იგი დარღვევებს აღმოაჩენს, ბიზნესმენს არა მხოლოდ დაფარული თანხის გადახდა მოუწევს, არამედ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.
    გარდა ამისა, თუ ის საჯარო მოხელე (ან დეპუტატია), ახალი კანონის შესაბამისად, პროკურორს პარალელურად ექნება უფლება აღძრას სამოქალაქო სარჩელი ქონების ჩამორთმევის თაობაზე.
    როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება სახელმწიფო მოხელეებს დაერია და ბევრი მათგანი დააპატიმრა კიდეც, დგება კერძო ბიზნესის დრო, თანაც, ბიზნესმენებს არ ექნებათ საშუალება თქვან, რომ ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფციას ებრძოლოს (აკი ებრძვის კიდეც) - მეწარმეებს აწიოკებს.
    ოღონდ, კერძო მეწარმეობის არსიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ აქ გამონაკლისი დაუშვა და ბიზნესს მოსაფიქრებელი ვადა (იგივე ულტიმატუმი) მისცა, რათა შემდგომ უმოწყალო მოქმედების მორალური უფლება ჰქონდეს.
    ამჟამად ჩვენი სახელგანთქმული ბიზნესმენები უდავოდ საგონებელში არიან ჩავარდნილი. მათ შესანიშნავად ესმით, რომ ის, რაც გასდიოდათ ედუარდ შევარდნაძის დროს, როცა პირდაპირ ამბობდნენ «ბიჭები ვართ და არ გადავიხდითო», - ახალ პრეზიდენტთან არ გაუვათ. მხოლოდ დამალული შემოსავლების დეკლარირება რომ კმაროდეს (ან თუნდაც მათ რესტრუქტურიზაციაზე მოლაპარაკების გამართვა ზურაბ ნოღაიდელთან), იცოცხლე, ამას ადვილად მოახერხებდნენ, მაგრამ პრეზიდენტიც და ნოღაიდელიც, უკვე 1 აპრილამდე მოითხოვენ მათგან გადასახადების სრულად შეტანას ბიუჯეტში.

დილის გაზეთი
    23 თებერვალი, ხუთშაბათი, 2004 წელი

მთელ გვერდზე