ახალი მთავრობა ახალი საქართველოსათვის

    შაბათს საქართველოში პირველი მინისტრის პრეზენტაცია მოეწყო, პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრის მონაწილეობით. აქ კვლავ უნდა დადასტურდეს, რომ ეს არის საქართველოს ისტორიაში პირველი «მინისტრთა კაბინეტი». მართალია, 1990-1995 წლებში არსებობდა «მინისტრთა საბჭო», მაგრამ ის უფრო კომუნისტური სტრუქტურის ატავიზმი იყო და, რეალურად, «მინისტრთა კაბინეტის» არც ერთ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა როგორც შემადგენლობით, ასევე ინსტიტუციურად.

    რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, რა თქმა უნდა სრულიად ფუჭია მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რომელი მინისტრია პრეზიდენტის კადრი და რომელი - პრემიერ-მინისტრისა. სინამდვილეში, ეს არის თავიდან ბოლომდე ზურაბ ჟვანიას კაბინეტი, ოღონდ, ასე ვთქვათ, პრეზიდენტის «სუვერენიტეტის» ქვეშ მოქმედი.
    ესე იგი, თუ მთავრობამ რამდენიმე ძირითადი პრობლემა უახლოეს მომავალში ვერ გადაწყვიტა, პრეზიდენტი მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერევა «საქმიანად» და მიიღებს «სუვერენულ» გადაწყვეტილებას.
    ამის თაობაზე მიხეილ სააკაშვილმა უკვე რამდენიმეჯერ განაცხადა კიდეც, როგორც უშუალოდ და პირდაპირ, ასევე, ქარაგმულად. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ზურაბ ჟვანიას «გაშვება» იოლი არ იქნება, ვინაიდან ამჟამინდელი პრემიერი მეტად სერიოზული პოლიტიკური ფიგურაა და მისი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე, აგრეთვე მთლიანად, ქვეყნის პოლიტიკურ ლანდშაფტზე, მხოლოდ მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელობით არ ამოიწურება.
    თვით მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ზურაბ ჟვანიამ მისთვის ჩვეული აკურატულობით შეარჩია და უმალვე თვალში საცემი გახდა ძირითადი ტენდენცია-კრიტერიუმი, რომლითაც პრემიერ მინისტრი თავის გუნდს არჩევდა. ეს იყო არა გამოცდილება, ან ყბადაღებული პროფესიონალიზმი (რაც, ჩვენს პირობებში ფულის კეთების პროფესიულ ჩვევებში უფრო სუბლიმირდებოდა), არამედ იმიჯი!
    ზურაბ ჟვანიასთვის, ვინც შესანიშნავად აცნობიერებს, რომ წინამორბედი მთავრობის ბევრი წევრი სწორედ «იმიჯმა» უფრო დაღუპა, ვიდრე «არაპროფესიონალიზმმა და გამოუცდელობამ», აშკარად ყველაზე მთავარი იყო, რომ მისი კაბინეტის ვერც ერთი წევრისათვის, თვით ყველაზე ტენდენციურ პრესას, «კორუფცირებულის» იარლიყი ვერ მიეკერებინა.
    მართლაც, ახალი კაბინეტის წევრთა საშუალო ასაკი, თუ არ ვცდები, 35 წელია; თითქმის ყველა მათგანი დასავლეთში განათლებამიღებული, ან, ყოველ შემთხვევაში «ვესტერნიზებული» ახალგაზრდაა და ნეტარხსენებულ «ძველ ელიტასთან» საერთო არაფერი აქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ, «ძველ პარტიულ-სამეურნეო ნომენკლატურაზე».
    ხოლო, თუ სიმართლეს თვალებში შევხედავთ, ახალ მთავრობაში ყველა, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები, ისევ და ისევ, თვით პრემიერ - მინისტრი იქნება, სხვები კი მისი თანაშემწეების ფუნქციას შეასრულებენ - «კაბინეტური» სისტემა გამორიცხავს ყოველგვარ ფრაქციულობას და აზრთა სხვადასხვაობას სტრატეგიულ საკითხებზე.
    ამიტომ კაბინეტში იმთავითვე მტკიცე დისციპლინა დამყარდება, ხოლო ჟვანიას ეყოფა გამოცდილება, ეს პროცესები მტკიცედ მართოს იმ ვითარებაში, როდესაც, უმცირესი გამონაკლისის გარდა, კაბინეტში იგი ერთადერთი სერიოზული პოლიტიკური ფიგურაა და ვერც ერთი სხვა მინისტრი პრემიერს, ამ თვალსაზრისით, ვერ შეედრება.
    გარდა ამისა, საქართველომ, პირველად ალბათ, მთელი ისტორიის განმავლობაში, შეიძინა «პოლიტიკური კაბინეტი», რომელმაც სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს რამდენიმე უმთავრესი მიმართულებით.
    უპირველესად, ეს არის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა, რის გარეშეც, არანაირ «საბიუჯეტო გაუმჯობესებზე» ლაპარაკი არ შეიძლება.
    თავის მხრივ კი, ეს შეუძლებელია კანონის გამკაცრების გარეშე.
    კონტრაბანდა (როგორც პრეზიდენტმა აღიარა) გრძელდება და გაგრძელდება, ვინაიდან კვლავინდებურად მოქმედებს კანონმდებლობა, რომლითაც, ფაქტობრივი კონტრაბანდა (ანუ ერგნეთში შეძენილი და წითელ ხიდზე, თუ ენგურზე გადმოპარებული მრავალგვარი საქონელი) არ ისჯება.
    რაკი კაბინეტს ახალი კონსტიტუციით საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს, შეიძლება ფრთხილად ვივარაუდოთ, რომ მისი პირველი ინიციატივა იქნება «აღურიცხავი პროდუქციის» გათანაბრება კონტრაბანდასთან - მათ შორის, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, რისიც ცეცხლივით ეშინოდა წინა მთავრობას.
    ამის პირველი ნიშნები უკვე გაჩნდა, რის გარეშეც, ეკონომიკური ვითარება, უბრალოდ, ვერ გამოსწორდება და კაბინეტი კვლავინდებურად ფუჭად დახარჯავს მრავალგვარ რესურსს.
    ახალგაზრდა კაბინეტის პირველი გამოცდაც ეს გახდება, რადგან გადაწყვეტილება სერიოზულ რისკთან არის დაკავშირებული.
    კონტრაბანდაში (არა მხოლოდ მსხვილი პარტიებით) ამა თუ ეტაპზე, ამა თუ იმ ფორმით ათასობით ადამიანია ჩართული და მათ წინააღმდეგ შეტევა შესამჩნევად დაძაბავს პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში.
    არადა, მეორე მხრივ, კონტრაბანდის მნიშვნელოვნად შემცირება უმალვე გამოიღებს ფისკალურ ეფექტს და ახალ ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირების შესრულება გაუადვილდება.

დილის გაზეთი
    16 თებერვალი, ხუთშაბათი, 2004 წელი
   
   

მთელ გვერდზე