ლარის შიმშილი

    «ვარდების რევოლუციის» შედეგი მაკროეკონომიკურ ვითარებასაც დაეტყო. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, რომ ლარის ამჟამინდელი რყევა «სეზონური მოვლენაა» და სავალუტო დერეფანი სულ მალე აღდგება, თვით «რღვევის» მასშტაბები ადასტურებს, რომ მაკროეკონომიკურ ვითარებაში სერიოზული ძვრა მოხდა. რაც, უდავოდ, ეკონომიკურ პოლიტიკაში დაწყებულ ცვლილებებს უკავშირდება.

    გასული კვირის ბოლოს კომერციული ბანკები 1 დოლარში 1,8 ლარს იხდიდნენ. შაბათ-კვირას კი ამ მაჩვენებელმა კიდევ უფრო «აიწია» ლარის სასარგებლოდ. «ქუჩის ბაზარზე» ლარის კურსი ზოგიერთ ადგილას 1,75-მდეც კი ამაღლდა. განსაკუთრებით, წერილი კუპიურებისათვის.
    ნიშანდობლივია, რომ გადამცვლელები (ვაგზლის ბაზარზეც კი) უკვე ერიდებიან მყარი ციფრების დაფიქსირებას. და ეს არა მხოლოდ სწრაფი ცვლილებითაა გამოწვეული, არამედ საერთო გაურკვევლობით. მაგალითად, ქუჩაში გამოკრულ ბევრ მაჩვენებელზე მითითებულია, რომ მევალუტე დოლარს იყიდის 1,8-ზე ძვირად. ესე იგი, შეიძლება იყიდოს 1,81 ან 1,84 ლარად, გააჩნია ოდენობას და გამყიდველს. ზოგან კი მხოლოდ პირველი ციფრებია მითითებული აბრაზე, ანუ 1 დოლარი - 1 ლარი და ... (მრავალწერტილი); დანარჩენი მოლაპარაკების მიხედვით.
    დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ვითარება სავალუტო ბაზარზე 1998 წლის შემდეგ არ ყოფილა. იმ დროს, მსოფლიო სავალუტო კრიზისისა და ნავთობზე დაბალი ფასების გამო, «დაემხო» რუბლი და რუსული ვალუტა (ისევე, როგორც იაფი რუსული საქონელი) მოაწყდა საქართველოს ბაზარს.
    ამან საქართველოს სავალუტო რეზერვის კატასტროფულად სწრაფი ხარჯვა გამოიწვია, ვინაიდან ეროვნული ბანკი ჯერ კიდევ ახორციელებდა სავალუტო ინტერვენციებს ლარის კურსის შესანარჩუნებლად თანაც ეს იმ დროს, როცა ლარის მასა საკმარისად მცირე იყო საიმისოდ, რათა დეფოლტის საშიშროება არ შექმნილიყო.
    საბედნიეროდ, ხელისუფლებამ (ისევ და ისევ, ეროვნული ბანკის დროული რჩევითა და მოთხოვნით) «გაათავისუფლა» ლარის კურსი, ანუ დაეთანხმა ეროვნულ ბანკს (სხვათა შორის, მთლიანობაში ეს შესანიშნავი, მაღალკვალიფიციური კოლექტივი მაშინაც და დღესაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი საიმედო გარანტიაა), შეეწყვიტა ინტერვენციები, ანუ «თავისუფალ ვარდნაში» გაუშვა ლარი.
    არაფერი კატასტროფული ამას არ მოჰყოლია - თუ მანამდე 1 დოლარი 1,70 ლარი ღირდა (მივაქციოთ ყურადღება, ისევე, როგორც დღეს), ინტერვენციათა შეწყვეტის შემდეგ მან დოლარზე 2 ლარს გადაამეტა და უმალვე უკუსვლა იწყო.
    ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის ხელისუფლებას უფრო ადრე რომ დაეჯერებინა და ლარი 1998 წლის დასაწყისში «გაეშვა», ის წელი იმდენად დამანგრეველი და გამანადგურებელი არ იქნებოდა საქართველოს ეკონომიკისათვის.
    ამრიგად, 2004 წლის მარტში ლარი 1998 წლის კრიზისამდელ დონეზე ამაღლდა. ამას (როგორც ყოველთვის, როცა საქმე ფინანსურ ბაზარს ეხება), ყოველწლიური «სეზონური ფონის» გარდა, რამდენიმე მიზეზის კომბინაცია განაპირობებს. თუმცა, მათი ზეგავლენა ყოველთვის «მეტ-ნაკლებია».
    უმთავრესი მიზეზი ის უნდა იყოს, რომ ხელისუფლების მუქარით შეშინებული გადამხდელები (მათ შორის, წვრილი გადამხდელებიც!) ცდილობენ დროულად «გაასწორონ» ანგარიში ბიუჯეტთან და დაფარონ წინა წლიდან «მოტოვებული» საგადასახადო დავალიანება. არცთუ უმნიშვნელო ფაქტორია ისიც, რომ ცნობილი მოვლენების შედეგად შემცირდა სიგარეტის იმპორტი (რაც სრულებითაც არ ნიშნავს, თითქოს იმპორტირებული სიგარეტი მთლიანად კონტრაბანდული იყო, მაგრამ ნუ გავიკვირვებთ, თუ ხელისუფლება აშკარად ლობირებს სიგარეტის სხვა, ადგილობრივ მწარმოებელს, რომელიც თბილისში იხდის გადასახადს და არა ბათუმში), გარდა ამისა, ხელისუფლებამ პირველი, ფრთხილი ნაბიჯები გადადგა არაორგანიზებული (ქუჩის) ვაჭრობის წინააღმდეგ (ესე იგი, დაიწყო ჩრდილოვანი ეკონომიკის ამ სექტორის ლეგალიზაცია, თუმცა, ეს წვეთია ზღვაში), უმნიშვნელოდ შემცირდა კონტრაბანდა ერგნეთიდან, აფხაზეთიდან და «წითელი ხიდიდან». მაშასადამე, «მცირედიც» კი საკმაოდ შესამჩნევი აღმოჩნდა ეკონომიკისათვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ძირითადად მაინც ჯანსაღ მაკროეკონომიკურ საფუძველზე დგას და მისი განვითარების ტემპი, კორუფციის, ჩრდილოვანი წარმოების, ჩრდილოვანი ბრუნვის, კონტრაბანდის და ფალსიფიკაციის შემცირების შემთხვევაში, ბევრად მეტი იქნებოდა.
    ამას უნდა ვუმადლოდეთ არა საქართველოს მთავრობას, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რომელმაც ხელისუფლებას არ მისცა დაუსაბუთებელი ემისიის განხორციელების უფლება.
    ამ კონტექსტში მცირედ, მაგრამ მაინც გასათვალისწინებელი ფაქტორია მსოფლიო სავალუტო ბაზარზე არსებული არასტაბილურობა, გაურკვევლობა არა მხოლოდ დოლარის კურსთან, არამედ მსოფლიო ფინანსური შენობის ამ ტიტანის თვით მომავალთან დაკავშირებით.
    ჯერჯერობით, თითქოს ევრო მას სერიოზულ კონკურენციას ვერ უწევს, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება ხვალ - ეს ფაქტორი კი ისეთ «პატარა სიდიდეზეც» კი მოქმედებს გარკვეულწილად, როგორიც რუბლი და (რუსეთის ეკონომიკასთან მიბმულობის გათვალისწინებით) ლარია.
    სხვა ფაქტორები (ვთქვათ, ექსპორტის ზრდა) სერიოზულად განსახილველი არ არის, რადგან 3-4 თვეში საინვესტიციო გარემოში და წარმოების სტრუქტურაში ამდენად სერიოზული ცვლილებელი ვერ მოხდებოდა.ცვლილებები
    არანაკლებ საინტერესოა, ამჯერად რატომ დაუშვა ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის ესოდენი გამყარება, როდესაც «ძლიერი ლარი» თითქოსდა ნეგატიურად იმოქმედებს ექსპორტზე. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს ექსპორტის ოდენობა და (რაც მთავარია) სტრუქტურა ისეთია, ლარის რყევაზე იგი ნაკლებად არის დამოკიდებული. მაღალტექნოლოგიურ პროდუქციას კი, ჩვენი ქვეყანა არ აწარმოებს, ან თითქმის არ აწარმოებს. მაშასადამე, ეროვნულ ბანკს ეძლეოდა საშუალება, დიდი რაოდენობით შეესყიდა დოლარი და ამით, ერთი მხრივ, დაებალანსებინა დოლარის კურსი 2,1 ლარის დონეზე, ხოლო მეორეს მხრივ, შეესყიდა წლის პირველ ნახევარში სულ ცოტა, 40-50 მილიონი დოლარი.
    ეს, რასაკვირველია, სერიოზული შეღავათი იქნებოდა მიმდინარე წლის ბიუჯეტისთვის, რომლის მნიშვნელოვანი წილი კვლავინდებურად სუვერენული ვალის ძირითადი ნაწილისა და პროცენტების გადახდაზე დაიხარჯება, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღო და დოლარის უფრო ნელი ტემპით შესყიდვა გადაწყვიტა (წინააღმდეგ შემთხვევაში, ლარი 1,4 ნიშნულამდეც კი შეიძლება გამყარებულიყო). როგორც ჩანს, ეს განაპირობა უმთავრესად იმან, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ლარის მასა ეკონომიკაში სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა.
    არ არის გამორიცხული, ყოფილიყო მეორე მოტივიც: ეროვნული ბანკი ამას არასდროს აღიარებს, მაგრამ მისი ერთ-ერთი დანიშნულებაა აღზარდოს მოსახლეობაში პატივისცემა ეროვნული ვალუტის მიმართ. მათ შორის, აღზარდოს საკმაოდ მკაცრი (რომ არ ვთქვათ სასტიკი) მეთოდებით: ასეულობით ათასი ადამიანი, ვისაც 1000-5000 დოლარის დანაზოგი მხოლოდ დოლარში (თანაც არა ბანკში, არამედ «მუთაქაში») ჰქონდა და ამჟამად გამწარებული ადევნებს თვალს ლარის გამყარებას, რაკი ოჯახური საჭიროებისათვის, ან იმავე გადასახადების გადახდისათვის, დახურდავებულ ყოველ 100 დოლარში 35 ლარს კარგავს - ამიერიდან (მწარე გაკვეთილის შემდეგ) უეჭველად შეეცდება დანაზოგის ნახევარი მაინც ყოველთვის ლარში შეინახოს.
    ამჟამინდელი რყევა იმდენად მნიშვნელოვანია (მთელი 35-40 პუნქტით!) რომ მოსახლეობამ, მართლაც, ძალიან სერიოზულად იზარალა. ოღონდ, იზარალა მოსახლეობის სწორედ იმ ნაწილმა, ვინც მხოლოდ (!) დოლარში ინახავდა დანაზოგს და ლარს არად აგდებდა.
    თუ ეროვნული ბანკი იმას მიაღწევს, რომ ლარმა ნაწილობრივ მაინც შეიძინოს დაგროვების ფუნქცია (სრულფასოვანი ვალუტის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა სამიდან), - ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ექსპორტ-იმპორტის თანაფარდობის ცვლა და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა. მიმდინარე პროცესებს კიდევ ერთი, არანაკლებ საგულისხმო ასპექტი აქვს. რასაკვირველია, «სავალუტო კურსზე» საქართველოში მილიონები კეთდება. თანაც, სავსებით ლეგალურად, ისე რომ ვერ შეედავები.
    აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ბანკირთა გამჭრიახობას და მარიფათს, ექსპერტთა პროფესიონალიზმს, არამედ ჩვენი ქვეყნისათვის ტრადიციულ «კლანურობას» და ინფორმაციის წყაროებთან სიახლოვეს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, იანვრიდან - დღემდე, ვაგზლის ბაზარზე სამი-ოთხი უჩინარი მაგნატის მიერ რამდენიმე მილიონი დოლარი «მოიხსნა» ისე, რომ არსად არაფერი გაფორმებულა, ხოლო ეს თანხებიც უმალვე აღმოჩნდა შვეიცარიის ბანკთა ფოლადის სიგრილესა და სიჩუმეში, თანაც იმ ანგარიშებზე, რომელთა «მოკითხვა» პროკურორებს აზრადაც არ მოუვათ, რაკი მათი სახელდება მესამე და მეოთხე ქვეყანას უკავშირდება ოფშორიდან - ოფშორზე.
    ოღონდ, ეს ყოველივე თავისუფალი ბაზრის განუყოფელი შემადგენელია. თუ გვინდოდა და გვინდა კაპიტალიზმი, იმასაც უნდა შევეგუოთ, რომ ამ გრანდიოზულ, მშვენიერ, ქმედით მანქანას ადამიანური ვნება (ცოდვა) ამოძრავებს. მის გარეშე იგი გაჩერდება და დაიშლება.

8 მარტი, ორშაბათი, 2004 წელი
    დილის გაზეთი

მთელ გვერდზე