ქართველ ძალოვანთა აღლუმი მოსკოვში

    რუსეთის დედაქალაქში რამდენიმე დღეა იმყოფებიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე, გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი, უშიშროების მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და თავდაცვის მინისტრი გელა ბეჟუაშვილი.

    აღსანიშნავია, რომ გელა ბეჟუაშვილი ამ სახით აგრძელებს თავის ოფიციალურ ვიზიტს მოსკოვში. რუსეთის თავდაცვის მინისტრის - სერგეი ივანოვის მიწვევით.
    რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრსა და გენერალურ პროკურორს, მათი ვიზიტის თაობაზე წინასწარი შეთანხმება შედგა რამდენიმე დღის წინათ რუსეთისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნების სატელეფონო საუბრისას.
    მოსკოვში გამგზავრებამდე ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ მისი მიზანი იქნება იმ ეჭვმიტანილთა დაკავება და ექსტრადირება, რომლებიც რუსეთში ემალებიან საქართველოს მართლმსაჯულებას.
    უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება ლევან მამალაძე, ვინაიდან იგორ გიორგაძეზე ოფიციალურ თბილისს უკვე კარგა ხანია, ხელი აქვს ჩაქნეული და ეს ფიგურა არც ერთი თვალსაზრისით აქტუალური აღარ არის.
    შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუს კოლეგებთან მოლაპარაკება ეხება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. კერძოდ, იგულისხმება ინფორმაციის გაცვლა საეჭვო ჯგუფების თაობაზე; ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ, აგრეთვე, რუსეთში უშიშროების მინისტრის - ზურაბ ადეიშვილის ვიზიტიც.
    ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურებმა, როგორც იქნა, გამოძებნეს საერთო ენა, ვინაიდან ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, შეცვალოს ნეიტრალურად კეთილგანწყობილი პოლიტიკა ჩეჩენი «ბოევიკების» მიმართ.
    სწორედ ეს იყო რუსეთის უმთავრესი მოთხოვნა მთელი ამ წლების განმავლობაში, - რათა საქართველოში ჩეჩენ «ბოევიკებს» უპირატესი ხელშეწყობის გარემო არ ჰქონოდათ.
    ბოლო დროს ამ მიმართულებით მომხდარი გარღვევა სავსებით საკმარისი აღმოჩნდა რუსეთისთვის, რომ მას რამდენიმე საპასუხო ნაბიჯი გადაედგა.
    მათ შორის ვგულისხმობთ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების შესახებ.
    საკმაოდ ლოიალური იყო, აგრეთვე, თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი ქართველ კოლეგებთან შეხვედრისას და შეთანხმებაც კი იქნა მიღწეული ქართველი ოფიცრების რუსეთის სამხედრო სასწავლებლებში მომზადების შესახებ.
    აქ ყველაზე საინტერესოა ფორმატი, რომელშიც დიალოგი მიმდინარეობს.
    სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ პირველად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიაში მოლაპარაკება მოსკოვსა და თბილისს შორის ძალოვანი სტრუქტურების საკოორდინაციო საბჭოს დონეზე დაიწყო.
    მაშასადამე, საქართველოს თავდაცვის, უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, აგრეთვე გენერალური პროკურორი ორმხრივ ფორმატში, ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში ხვდებიან რუს კოლეგებს; თანაც ეს შეხვედრა იმართება კიევის სამიტის წინ, სადაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ძალისმიერ სტრუქტურათა საკოორდინაციო საბჭოების შეხვედრა უნდა შედგეს.
    ქართველ ძალოვანებს კიევში უკვე სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბადრი ბიწაძეც შეუერთდება.
    ეს ყოველივე იმას ნიშნავს, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობები განიხილოს არა თანამეგობრობის, არამედ ორმხრივ ფორმატში და ამით მიგვანიშნოს, რომ იგი თანახმაა მიიღოს გადაწყვეტილებები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა საკვანძო პრობლემათა გადასაჭრელად, თუ ქართული მხრიდან კვლავაც იქნება შესაბამისი პოლიტიკური ნება; როგორიც, მაგალითად, ორი ჩეჩენი «ბოევიკის» ექსტრადირებაში გამოიხატა.
    სარწმუნო წყაროთა ცნობით, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას გიორგი ბარამიძემ დასვა ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის საკითხი. ეს არ არის მხოლოდ ტერორიზმის თემა. რუსეთთან ურთიერთობათა დათბობა საქართველოს საშუალებას მისცემს, აგრეთვე, გადაწყვიტოს ის პრობლემა, რაც წლების განმავლობაში გადაუჭრელად რჩებოდა. კერძოდ, ქართველი მაფიოზები, რომლებიც სხვადასხვა მაქინაციით, ბიუჯეტის ძარცვითა და სახელმწიფოს სახსრების მითვისებით შოულობდნენ დიდძალ ფულს, შემდგომ გარბოდნენ რუსეთში, იღებდნენ, ფაქტობრივად, პოლიტიკურ თავშესაფარს, ანუ ქართველ მაფიოზებს ყოველთვის გააჩნდათ შესაბამისი «ზურგი», რათა საქართველოში განხორციელებული მრავალმილიონიანი «ოპერაციების» შემდეგ რუსეთისთვის შეეფარებინათ თავი და ამ გარემოებამ საქართველოს ეკონომიკას არანაკლები ზიანი მიაყენა, ვიდრე ერგნეთის ბაზრობამ, ან აფხაზეთიდან კონტრაბანდის შემოდინებამ.
    საქართველოს უშიშროების მინისტრი - ზურაბ ადეიშვილი მოსკოვში წასვლამდე აცხადებდა, რომ არ არსებობენ მეგობარი სპეცსამსახურები, მაგრამ არიან პარტნიორი ქვეყნები.
    საქართველოს «მეგობარი სპეცსამსახური» არ ჰყავდა და არც ეყოლება. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზღვევო სამსახურიც კი მხოლოდ პარტნიორად შეიძლება ჩაითვალოს; ისიც გარკვეულ სფეროებში. მით უმეტეს, რუსეთის სპეცსამსახურთან პარტნიორული ურთიერთობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკისაგან განსხვავებით, რუსეთს საქართველოში ინფორმაციის მრავალშრიანი კარგად სტრუქტურიზებული სისტემა დარჩა საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული. სპეცსამსახურთა ძირითადი საქმიანობა კი ინფორმაციის გაცვლაა.
    ორმხრივ ფორმატში ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა იმას მეტყველებს, რომ ნამდვილად არ იყო გადაჭარბებული მოსკოვში ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრის მნიშვნელობა, როდესაც პუტინმა და სააკაშვილმა მოილაპარაკეს პარტნიორულ ურთიერთობაზე ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ნარკობიზნესი, ორგანიზებული დანაშაული და თრეფიკინგი.
    ეს უკანასკნელი ამ თანამშრომლობას საერთაშორისოდ ლეგიტიმურ ხასიათს ანიჭებს. ყველაფერი მეტყველებს, რომ შემოდგომით, როდესაც საქართველოში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი უნდა შედგეს, ვითარება ყოველმხრივ მომწიფებული იქნება სერიოზული გარღვევისათვის; მათ შორის, აფხაზეთის მიმართულებით, მაგრამ ამისათვის აუცილებელია ხსენებულმა ძალისმიერმა სტრუქტურებმა თავიანთი ქმედუნარიანობა დაამტკიცონ.
    წინა ხელისუფლების დროს რუსეთის მაღალი რანგის მოღვაწეები აცხადებდნენ: ქართველ კოლეგებთან ურთიერთობას აზრი არა აქვს, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ პოლიტიკური რესურსი გადაწყვეტილებათა მისაღებადო.
    ამჟამად ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი ბარამიძე, ზურაბ ადეიშვილი და გელა ბეჟუაშვილი ყოველნაირად ცდილობენ დაამტკიცონ, რომ მათ შესწევთ უნარი მიღებული გადაწყვეტილებები და შეთანხმებები შეასრულონ, ანუ გააჩნიათ პოლიტიკური რესურსი, რაც სამომავლო თანამშრომლობის და ნებისმიერი სტრატეგიული კომპრომისის უმთავრესი ფაქტორია.
   
   

დილის გაზეთი

8 აპრილი, ხუთშაბათი, 2004 წელი
   
   
   
   

მთელ გვერდზე