ჟვანია აბაშიძესთან რეგიონის სტატუსზე მოილაპარაკებს

    წინასწარ შეთანხმების შესაბამისად, დღეს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ბათუმს უნდა ეწვიოს, რათა მოლაპარაკება დაიწყოს უმთავრეს საკითხზე, რაც სინამდვილეში საფუძვლად ედო და უდევს ყველა ბოლოდროინდელ პრობლემას. ეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებო ორგანოებს და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნაა.
    არ არის შემთხვევითი, თუ ამ მოლაპარაკებას სწორედ ჟვანია აწარმოებს, ვინაიდან დღევანდელ მმართველ ტრიუმვირატში იგი საამისოდ ყველაზე მიზანშეწონილი ფიგურაა.
    მას წინათაც არაერთგზის დაუმტკიცებია, რომ შეუძლია აწარმოოს დიალოგი ურთულეს საკითხებზე, ერთი მხრივ, ზედმეტი ემოციურობის და, მეორეს მხრივ, მეტი კონკრეტულობის პირობით.

    მიუხედავად ამისა, საქართველოს პრემიერს ბათუმში აშკარად არაერთგვაროვანი ფონი ხვდება, რაც თავისთავად ახდენს ზეგავლენას მოლაპარაკების მიმდინარეობასა და შედეგზე.
    აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არ არის გამორიცხული, აჭარის ხელმძღვანელობამ, როგორც ეს აქამდეც ხშირად მომხდარა, უკანასკნელ საათს შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება და მოლაპარაკება არც გაიმართოს; ყოველ შემთხვევაში, ამ თემაზე და ამ ფორმატში.
    თუმცა, ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში, სახელმწიფო კანცელარიაში ერთდროულად რამდენიმე წყარო ადასტურებდა, რომ ჟვანია მზად იყო ბათუმში გასამგზავრებლად, ხოლო აჭარის დედაქალაქში მას კვლავინდებურად ელოდნენ.
    რაც შეეხება არაერთგვაროვან ფონს: თენგიზ ასანიძის გათავისუფლება ცენტრალური ხელისუფლების სერიოზულ წარმატებად და ადგილობრივი რეჟიმის მარცხად აღიქმება. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ, აჭარის მეთაურმა სწორედ ზურაბ ჟვანია დაადანაშაულა ავტონომიური რესპუბლიკის წინააღმდეგ ხრიკების ხლართვაში (ეს, ერთი შეხედვით, თითქოსდა, არ შეესაბამება მის ადრინდელ გამონათქვამებს იმის თაობაზე, რომ ზურაბ ჟვანია მაღალინტელექტუალური პოლიტიკოსია. თუმცა, თუ დავაკვირდებით, ეს შეფასებები ერთმანეთს სულაც არ ეწინააღმდეგება). პოლიტიკაში სიმპათია-ანტიპათია ნაკლებად მოქმედებენ. მაშასადამე, ასლან აბაშიძისთვისაც მთავარია, დიალოგისას მისი პარტნიორი სერიოზული ფიგურა იყოს, რომელსაც ექნება მანდატი კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისა.
    რეალურად, ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებამოსილება-კომპეტენციათა გამიჯვნა ყველა პრობლემის საკვანძო საკითხია. საკმარისია ამ საკითხში თუნდაც ჯერ მხოლოდ იურიდიული, ფორმალური წესრიგი დამყარდეს (რაც დღეს საერთოდ არ არსებობს), რომ მრავალი თანამდევი საკითხი თავისთავად ამოიწურება.
    აჭარის სტატუსზე საუბარი ჯერ კიდევ 1995 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა ქვეყნის პირველი კონსტიტუცია იმდროინდელ პარლამენტში ძალთა რეალური განლაგების გათვალისწინებით;
    ამ კონსტიტუციით აჭარა განსაკუთრებული რეგიონია, მაგრამ არ არის დაზუსტებული მისი სტატუსი და ხელისუფლების კომპეტენცია. ასლან აბაშიძის საპარლამენტო წარმომადგენლები მოგვიანებით ამის გამო პროტესტს აცხადებდნენ, მაგრამ პირველ პარლამენტში ისინი ბევრს ვერაფერს გააწყობდნენ. მომდევნო წლებში ასლან აბაშიძე ამ თემას ყოველთვის გულმოდგინედ განიხილავდა ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრებზე. მაგრამ მხოლოდ 2000 წელს გახდა შესაძლებელია საქართველოს კონსტიტუციაში იმ დებულების დაფიქსირება, რომ აჭარა არის არა უბრალოდ რეგიონი, არამედ ავტონომიური რესპუბლიკა.
    მას შემდეგ, რაც საქართველოს კონსტიტუციამ დააზუსტა აჭარის ავტონომიური სტატუსი, სერიოზულად შეიცვალა ავტონომიის მმართველ ორგანოთა მთელი სისტემის ურთიერთმიმართება. ბუნებრივია, ეს არ შეიძლებოდა არ შეხებოდა ცენტრთან დამოკიდებულებას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია ძალიან მცირე ტირაჟით არის დაბეჭდილი და ცოტა ვინმეს თუ უნახავს თვალით, მაგრამ კომპეტენტურ წყაროთა ცნობით, ცენტრალური ხელისუფლების მრავალი პრეროგატივა ცენტრისა და რეგიონის ერთობლივ გამგებლობას არის მიკუთვნებული.
    2000 წელსვე შეიქმნა კომისია, რომელსაც უნდა მოემზადებინა კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ, მაგრამ ეს კომისია არც ერთხელ არ შეკრებილა.
    ამრიგად, პრემიერ-მინისტრის მთავარი მისია ის არის, რომ მიაღწიოს პრინციპულ შეთანხმებას პირადად ასლან აბაშიძესთან ამ კანონპროექტის თაობაზე. სხვა შემთხვევაში, ამ კომისიის იმედად ყოფნა უეჭველად გამოიწვევს პროცესის კიდევ რამდენიმე თვით გადავადებას; ისიც საეჭვოა, საერთოდ მოხერხდება თუ არა კომისიის შეკრება ამჟამინდელი დაპირისპირების ფონზე.
    მოლაპარაკება ნამდვილად არ იქნება იოლი. აჭარის მმართველი დაჯგუფება მიეჩვია საკუთარ პრეროგატივებს და მათ ისე იოლად აღარ დათმობს. მოსალოდნელია, რომ აქცენტი გაკეთდება ჯერ ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ კონსტიტუციური კანონის მიღებაზე.
    ეს ბევრად უფრო ფართო პრობლემაა და თავის თავში მოიცავს როგორც აფხაზეთის, ასევე «სამხრეთ ოსეთის» საკითხს. ამის მიუხედავად, ზურაბ ჟვანიას მაინც რჩება უმთავრესი არგუმენტი, რომელიც მან შეიძლება გამოიყენოს უკიდურეს შემთხვევაში, - მოლაპარაკებათა გამწვავებისთანავე: ახლად არჩეულ პარლამენტს სრული იურიდიული უფლება აქვს, მიიღოს ხსენებული კანონი «აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებო ორგანოებსა და ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს შორის კომპეტენციათა გამიჯვნის თაობაზე».
    საქართველოს პარლამენტში აჭარის წარმომადგენლები არიან - როგორც «აღორძინების» წევრი რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი, ასევე, პროპორციულ არჩევნებში ამ რეგიონში წარმატებამიღწეული ნებისმიერი პარტია (უპირველესად, «ნაციონალ-დემოკრატები» და იგივე «აღორძინება»). ამიტომაც, ვერავინ იტყვის, თითქოს ამ ორგანოს არა აქვს უფლება, საქართველოს მოქალაქეების სახელით დაადგინოს მათი ქვეყნის ერთ-ერთი რეგიონის სტატუსი.
    თვით ავტონომიურ სტატუსს ეჭვქვეშ არავინ აყენებს, მაგრამ ჯერ კიდევ კომუნისტური პერიოდიდან მოყოლებული, «ავტონომია» ძალიან ფართო ცნება გახდა და უკიდეგანო შესაძლებლობები მოიპოვა - საზღვრის დამოუკიდებლად გაკონტროლებიდან - «დამოუკიდებელ არმიებამდე».

დილის გაზეთი
    13 აპრილი, სამშაბათი, 2004 წელი

მთელ გვერდზე