გვცნო თუ არა ევროპამ?

    ნოდარ დუმბაძის უკვდავ «მე, ბებია, ილიკო და ილარიონში», როცა მთავარი გმირები ამერიკის მიერ საბჭოთა კავშირის «ცნობაზე» მსჯელობენ, ერთ-ერთი მათგანი მოსწრებულად შენიშნავს: ომის დროს «ცნობა» იმას ჰგავს - კაცი რომ იხრჩობოდეს და მისძახოდე: გიცანი, გიცანიო.

    დუმბაძისეულ ხუმრობას თითქოს საქართველოს საერთაშორისო პრობლემებთან რა კავშირი აქვს, მაგრამ ცოტა არ იყოს, კომიკურ სახეს იძენს 15 წლის განმავლობაში გაუთავებელი მსჯელობა და მოლოდინი იმისა, როდის და ვინ «ცნო» საქართველო ან ვინ აპირებს ამას მომავალში. თითქოს ამით (თავისთავად) რამე შეიცვლება ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით.
    ახლახანს, ევროკავშირის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ჰეიკი ტალვიტიემ (იგი ფინელი დიპლომატია, ანუ იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც ძლივს შეიყვანეს ევროკავშირში, რაკი მოსახლეობის დიდი ნაწილი ბოლო დრომდე ამის წინააღმდეგი იყო) სასიხარულო ამბავი გვამცნო: ევროკომისიამ საბოლოოდ დაამტკიცა ახალი პროექტი, რომლითაც აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა «ახლო მეზობლებად» (სხვა თარგმანით, «უშუალო მეზობლებად») გვცნო.
    რა თქმა უნდა, ეს სერიოზული პროგრესია, თუ შევადარებთ იმ მდგომარეობას, რომელიც 5-6 წლის წინ არსებობდა, როდესაც ევროპა, არა დეკლარირებულად, მაგრამ რეალურად, ყოფილ საბჭოთა სივრცეს რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის ზონად ცნობდა.
    იმ დროს ჰუმანიტარული დახმარების მცირე პარტიაც კი, საქართველოსა თუ მოლდავეთში, მოსკოვთან თანხმდებოდა წინასწარ და ფრთხილი ევროპელი დიპლომატები «ყოველი შემთხვევისათვის» დელეგაციაში რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს წარმომადგენელსაც ითვალისწინებდნენ.
    ეს არც არის გასაკვირი - ევროკავშირი მხოლოდ «რბილი კონფედერაციაა». განსხვავებით ამერიკის შეერთებული შტატებისაგან, ევროკავშირის გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ და მხოლოდ კონსენსუსით. ყოველ შემთხვევაში, საგარეო პოლიტიკის სფეროში დღემდე ასეა.
    მაშასადამე, 25 წევრიდან თითოეული საკუთარ «კერძო» ინტერესებსაც ითვალისწინებს - რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ხოლო კრემლს ყოველთვის შეუძლია ითამაშოს წინააღმდეგობებზე, როგორც დიდ სამეულს (გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი), ასევე, პატარა და დიდ ქვეყნებს შორის. გარდა ამისა, თითოეულ ამ ქვეყანათაგანს ევრაზიულ გიგანტთან საკუთარი, ხშირად საკმაოდ მწარე ურთიერთობათა ისტორია აქვს.
    ნამდვილად გადაჭარბებული იქნებოდა, ასეთი კონგლომერატისაგან საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში რაიმე ქმედითი ჩარევა მოგვეთხოვა, ან თუნდაც უფრო აქტიური საინვესტიციო პოლიტიკა და ეკონომიკური პროცესებით დაინტერესება, - თანამედროვე მსოფლიოში ხომ გეოპოლიტიკა განუყოფელია ეკონომიკისაგან.
    «უშუალოდ გამეზობლებასთან» და ამ საკითხზე ზოგჯერ გამოხატულ ეიფორიასთან დაკავშირებით უნდა გვახსოვდეს, რომ ვითარება თვისებრივად არ შეცვლილა. ბევრი ევროპელი პოლიტოლოგი აცხადებს, რომ «უშუალო მეზობლები» ასეთებად დარჩებიან, ყოველ შემთხვევაში, უახლოესი 20-25 წლის განმავლობაში მაინც, სანამ ევროკავშირი ვერ შეძლებს 10 ახალი წევრი სახელმწიფოს «მონელებას», რომლებიც წლეულს საბოლოოდ ხდებიან ევროპული კონფედერაციის წევრები. «ახლო მეზობლობის» სისტემის წევრად ითვლება მაგალითად ლიბია. მერედა, აქვს ლიბიას შანსი, გახდეს ევროკავშირის წევრი?
    იმის გასაცნობიერებლად, თუ რას ნიშნავს «ევროპული სტანდარტი», საკმარისია ითქვას, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ დაახლოებით 10 ათასი ურთულესი კანონი უნდა მიიღოს, მაშინ, როდესაც (თუ კანონქვემდებარე აქტებს არ ჩავთვლით), ზურაბ ჟვანიას პარლამენტის თავმჯდომარეობის მთელი პერიოდის განმავლობაში ქვეყანამ მხოლოდ 700-მდე კანონის მიღება შეძლო. თანაც, აუცილებელია არა მხოლოდ კანონების მიღება, არამედ მათი აღსრულება, რასაც ევროპელები მკაცრად აკონტროლებენ და ესეც კი არ არის საკმარისი საიმისოდ, რათა ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს.
    თურქეთი, მაგალითად, 28 წელია, ევროკავშირის «უშუალო მეზობლად ითვლება, მაგრამ წევრობას მაინც ვერ მიაღწია. «უშუალო მეზობლობა» საქართველოს ზოგიერთ სიკეთეს ნამდვილად უქადის, ვინაიდან ეს პროექტი მოსაზღვრე სახელმწიფოსათვის დახმარების ზრდას ითვალისწინებს.
    გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი ევროკავშირის ელიტასთან საერთო ენის გამოძებნას ნამდვილად შეძლებენ და «თამაშის საერთო წესებსაც» აღიარებენ, მაგრამ რაც შეეხება ევროკავშირში წევრობას, საამისოდ აუცილებელია ყველა ტერიტორიული პრობლემის გადაწყვეტა და ეკონომიკის განვითარება - მთლიანი შიდა პროდუქტის, ერთ სულზე შეფარდებით, დაახლოებით ევროპულ დონეზე აწევით.
    თუ გულწრფელნი ვიქნებით, ამოცანის სირთულე საქართველოსთვის დაახლოებით იმავე კატეგორიისა ჩანს (ყოველ შემთხვევაში, ამჟამად), როგორც წყნარი ოკეანის «მკლავურით» გადაცურვა.
    თუმცა, საქართველოში მშვენიერი გაზაფხულია (ბუნებაშიც და პოლიტიკაშიც), ამდენად იმ აღმოსავლური სიბრძნისა ვირწმუნოთ, რომ «ათას წელიწადში გასავლელი გზა პირველი ნაბიჯებით იწყება».

27 მარტი, შაბათი, 2004 წელი
    დილის გაზეთი
   

   

მთელ გვერდზე