გერმანია საქართველოსთან მეგობრობს და არა შევარდნაძესთან

    საქართველოს პრეზიდენტის სტრასბურგში სტუმრობის შემდეგ, რომლისადმი ინტერესიც (რუსულ გაზეთ «კომერსანტის» ცნობით) ერთ-ერთმა ევროპელმა პარლამენტარმა «ჰოლივუდის ტელევარსკვლავის ჩამოსვლას» შეადარა, მიხეილ სააკაშვილი ორდღიანი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვია.
    აქვე უნდა ითქვას, რომ ეს, რა თქმა უნდა, არ არის სახელმწიფო ვიზიტი. ასეთი ვიზიტები გერმანიაში წელიწადში სულ ორი-სამი ეწყობა. სტუმარს საზღვრიდან «ევროფაიტერები» მიაცილებენ ჰაერში, ჩასვლისას ორმოცი ქვემეხი ქუხს და ასე შემდეგ.
    საინტერესოა, მიხეილ სააკაშვილი მომავალი ოფიციალური ვიზიტის დროსაც ჩვეულებრივი სარეისო თვითმფრინავით თუ აპირებს ბერლინში, ვაშინგტონში ან ლონდონში ჩასვლას? ასეთ შემთხვევაში, მასპინძელიცა და ავიაკომპანიაც, ცოტა არ იყოს, კომიკურ ვითარებაში აღმოჩნდნენ.

    მართალი, ბევრს მოსწონს ახალი პრეზიდენტის უპრეტენზიობა და ეკონომიურობა, მაგრამ, როგორც ლათინები ამბობენ «არაფერი ზომაზე მეტი» არის საკითხები, რომლებიც არა პირადად პრეზიდენტის, არამედ ქვეყნის პრესტიჟს ეხება და თუ დავოსის ან სტრასბურგისმაგვარ ფორუმზე კიდევ შეიძლება სახელმწიფოს მეთაური სარეისო თვითმფრინავით გადაადგილდებოდეს, სახელმწიფო (ოფიციალური) ვიზიტების დროს ეს, უბრალოდ, სამარცხვინო იქნება ქვეყნისათვის.
    რაც შეეხება გერმანიაში სამუშაო (!) ვიზიტს, ამით პრეზიდენტმა წერტილი დაუსვა საუბრებს მისი პირველი საგარეო ვიზიტის «ნიშანდობლივობის» შესახებ და საბოლოოდ დაადასტურა თავისი მომავალი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ვექტორი: ევროპა და ევროკავშირი ანუ, პირველი სრულფასოვანი (თუნდაც სამუშაო) ვიზიტი შედგა არა ამერიკაში ან რუსეთში, არამედ გერმანიაში, რომელიც ევროკავშირის «ლოკომოტივია». თანაც, ევროპის დედაქალაში გამოსვლის შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ პრიორიტეტს.
    ევროპაში არავინ დავობს, რომ ევროპული კონფედერაციის მომავალი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ საით წაიყვანს მას დიდი გერმანელი ხალხი და გერმანული ფენომენი. გერმანიასა და სტრასბურგში ვიზიტი რუსეთშიც ნეიტრალურად აღიქმება; ყოველ შემთხვევაში (ვაშინგტონში ვიზიტისაგან განსხვავებით).
    აქ რაიმე «ანტირუსულ» ქვენაგრძნობას მიხეილ ლეონტიევის მსგავსი ნაძირალებიც ვერ გამოჩხრიკავენ. თავისთავად, გერმანელების ინტერესი «ვარდების რევოლუციისა» და მისი ლიდერისადმი გასაგებია: ისინი დიდხანს აიგივებდნენ საქართველოს ედუარდ შევარდნაძესთან და ამჟამად სურთ დაამტკიცონ, რომ თვით ქვეყანასთანაც სურთ ურთიერთობების გაგრძელება.
    მაგრამ, ჩვენი მხრივ, ელემენტარული უსინდისობა იქნება იმის თქმა, თითქოს შევარდნაძის ფაქტორს საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა გერმანელებისათვის საქართველოსთან ურთიერთობათა აწყობისას. ამით უდავოდ შეიქმნა გარკვეული ტრადიცია, რაც კიდევ მოიტანს შედეგს და ალბათ, მიხეილ სააკაშვილსაც ეყოფოდა გერმანიაში ყოფნისას სიფრთხილე, რათა წინამორბედი არ ელანძღა, რასაც გერმანელები უდავოდ ცუდ ტონად ჩაუთვლიდნენ.
    გუშინ პრეზიდენტს შეხვედრები ჰქონდა ბუნდესტაგის ყველაზე გავლენიან წევრებთან და კომიტეტების წარმომადგენლებთან, ხოლო საღამოს, ბერლინის ყველაზე ფეშენებელურ, ისტორიულ სასტუმრო «ადლონში» (იგი ბრანდერბურგის კარიბჭიდან რამდენიმე მეტრშია განლაგებული) სააკაშვილის ლექციას, ფაქტობრივად, გერმანიის მთელი ელიტა დაესწრო.
    თვითმხილველთა თქმით, ასეთივე საზოგადოება შეიკრიბა 1999 წელს, ედუარდ შევარდნაძის ოფიციალური ვიზიტის დროს, როცა საქართველოს იმდროინდელ ლიდერს გერმანელებმა გიუნშეს პრემია გადასცეს ბერლინის ტაძარში.
    მთლიანობაში, სააკაშვილის გერმანული ვიზიტი პრაქტიკული თვალსაზრისითაც ნაყოფიერი იყო, ვინაიდან გერმანული ისტებლიშმენტის კეთილგანწყობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს საერთაშორისო დახმარების მიღებისას. გერმანია ხომ, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, იაპონიასთან მეორე ადგილს იყოფს საგარეო ინვესტიციათა ოდენობით.
    შესაძლოა სააკაშვილის (ანუ, ახალი, რეფორმატორი პრეზიდენტის) ფაქტორი სამხრეთ კავკასიაში გერმანიის გააქტიურების წინაპირობა გახდეს. მით უმეტეს, ამას გერმანიის გეოპოლიტიკური ინტერესების ობიექტური მოთხოვნაც განაპირობებს: არ იყო შემთხვევითი, რომ გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა მხოლოდ საქართველოში იმოგზაურა ოფიციალური ვიზიტით ყოფილი სსრკ მოკავშირე რესპუბლიკებიდან, მაშინ, როდესაც თვით ბალტიის სახელმწიფოებშიც კი არ ყოფილა.
    რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლებსა და გამართულ დისკუსიას, ბერლინიდან მიღებული ცნობით, ყველაზე საინტერესო მომენტი იყო კამათი საქართველოში საპარლამენტო რესპუბლიკის შესაძლო დაფუძნების თაობაზე.
    განსაკუთრებით აქტიური საუბარი ამ თემაზე «ადლონში» მიმდინარეობდა. გერმანელებს ისე მოსწონთ თავიანთი სახელმწიფოებრივი მოწყობა, რომ მზად არიან, მილიონები დახარჯონ მისი პროპაგანდისა და გავრცელებისათვის; თუმცა, მიხეილ სააკაშვილმა მტკიცედ უპასუხა, რომ საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით, ვერც საპარლამენტო რესპუბლიკა და არც ფედერაციის გერმანული მოდელი საქართველოში ვერ დაფუძნდება.

30 იანვარი, პარასკევი, 2004 წელი

დილის გაზეთი