გამოუშვებენ თუ არა თენგიზ ასანიძეს ფეოდალური დილეგიდან?

    გუშინ სტრასბურგის სასამართლომ, თითქმის, სამწლიანი განხილვის შემდეგ, გამოიტანა განაჩენი საქმეზე «ასანიძე - საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ». ევროსასამართლოს ვერდიქტი, როგორც მოსალოდნელი იყო, ერთმნიშვნელოვანი აღმოჩნდა. საქართველოს სახელმწიფოს მიესაჯა არა მხოლოდ თენგიზ ასანიძის დაუყოვნებელი გათავისუფლება, არამედ 150 ათასი ევროს გადახდა ჯარიმის სახით და სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.

    უნდა აღინიშნოს, რომ თანხა საკმაოდ მცირეა საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე. მოსალოდნელი იყო, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო საქართველოს დაახლოებით, 3 მილიონის ევროთი დააჯარიმებდა, ვინაიდან «ასანიძის საქმე» სრულიად უპრეცედენტოა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პრაქტიკაში.
    მას შეიძლება შევადაროთ მხოლოდ ქურთი ლიდერების საქმე თურქეთში, რომელთან დაკავშირებითაც ევროსაბჭომ რამდენჯერმე მკაცრი გადაწყვეტილება გამოიტანა და თურქეთის რესპუბლიკა რამდენიმე მილიონი ევროთი დააჯარიმა.
    მაგრამ განსხვავება აქ ის არის, რომ თურქეთის უმაღლეს სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლების შესახებ, რომელსაც რომელიმე ადგილობრივი რეგიონის ხელმძღვანელი არ შეასრულებდა. ასევე, თურქეთის პრეზიდენტს არ შეუწყალებია ხსენებული პატიმრები.
    ამდენად, ასანიძის საქმე ამ თვალსაზრისით უნიკალურია, ვინაიდან თენგიზ ასანიძე ჯერ პრეზიდენტმა შევარდნაძემ შეიწყალა 1999 წლის ოქტომბერში, ხოლო შემდეგ საქართველოს უმაღლესმა სასამართლომ უკანონოდ ცნო მისი პატიმრობა.

    ასანიძეების საქმე შორეული 1993 წლიდან იღებს სათავეს. ძმები ასანიძეები თავდაპირველად ასლან აბაშიძის უახლოეს თანამებრძოლებად ითვლებოდნენ, მაგრამ შემდგომ მათ შორის მწვავე დაპირისპირება წარმოიშვა.
    საქმე თბილისსა და ბათუმში სროლამდეც კი მივიდა. ფაქტობრივად, ეს გვაროვნული დაპირისპირება იყო. ასლან აბაშიძის თქმით, იგი ჭეშმარიტად «შუამავალი ჰერცოგის» როლის შესრულებას ცდილობდა, რომელიც თითქოსდა ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა ამ დაპირისპირებაში და ასანიძეებს ტრაგიკული შემთხვევის დროს დაღუპული პოლიციელებისთვის სჯიდა.
    თუმცა, დანამდვილებით ცნობილია, რომ თენგიზ ასანიძეს უშუალო მონაწილეობა სისხლიან შეტაკებებში არ მიუღია. იგი, თავდაპირველად გაასამართლეს ბათუმის თამბაქოს ფაბრიკაში განხორციელებული მაქინაციებისათვის.
    თუ აჭარაში შენარჩუნებულ ფაქტობრივად საბჭოურ სისტემას გავითვალისწინებთ, ამგვარი ბრალდებით ნებისმიერი ადამიანი და თანამდებობის პირი შეეძლოთ გაესამართლებინათ. თენგიზ ასანიძესთან ერთად დააპატიმრეს, ფაქტობრივად, მთელი გვარი, - პატარა ბავშვებისა და ქალების ჩათვლით, რამაც იმ დროს დიდი რეზონანსი გამოიწვია.
    მაგრამ წარსულ ეპოქაში თბილისსა და ბათუმს შორის ურთიერთობათა სულ სხვაგვარი სისტემა მოქმედებდა. ამიტომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ ისღა მოახერხა, რომ 1999 წლის ოქტომბერში ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა ასლან აბაშიძის დაუმორჩილებლობა და აჭარის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის პრაქტიკა.
    თუმცა, ამას მხოლოდ პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა და სამართლებრივი შედეგები არ მოჰყოლია. თენგიზ ასანიძე ხელმეორედ გაასამართლეს, უკვე მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იგულისხმებოდა, რომ სასჯელთა ნაკრები 2005 წელს უნდა ამოწურულიყო. თუმცა, ვერავინ იტყოდა დანამდვილებით, მოხერხდებოდა თუ არა თენგიზ ასანიძის ციხიდან გამოშვება თუნდაც მომავალ წელს.
    ევროსასამართლოს მიერ საქართველოსთვის დაკისრებული უპრეცედენტოდ მცირე ჯარიმა იმაზე მეტყველებს, რომ სტრასბურგში კარგად გააცნობიერეს ვითარების დელიკატურობა და არ სურდათ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება დაესაჯათ იმისთვის, რაც სინამდვილეში რეგიონალური რეჟიმის პასუხისმგებლობის საგანი უფრო იყო.
    ამჟამად მთავარი საკითხია, შეასრულებს თუ არა ასლან აბაშიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და გამოუშვებს თუ არა ფეოდალური საკნიდან ასანიძეს.
    ასლან აბაშიძისთვის ასანიძის საქმე პრინციპული საკითხია. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ თენგიზ ასანიძე არ იქნება გათავისუფლებული, ცენტრალური ხელისუფლება ძალიან ძლიერ არგუმენტს მოიპოვებს საერთაშორისო სტრუქტურებში აჭარის ხელისუფლების მიმართ სერიოზული კამპანიის საწარმოებლად.
    აჭარის ხელისუფლება ყოველთვის ამაყობდა ევროპის რეგიონთა ასოციაციის წევრობით, რომელიც, ფაქტობრივად, ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ქვესტრუქტურაა. ხოლო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო ევროსაბჭოს სამართლებრივი ორგანოა. მისი ვერდიქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში ოფიციალურ ბათუმს ძალიან გაუჭირდება სტრასბურგთან დიალოგის გაგრძელება.
    დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ევროსაბჭოს საგანგებო წარმომადგენელი საქართველოში ბატონი პლამენ ნიკოლოვი ყველა მომავალ შეხვედრას ასლან აბაშიძესთან სწორედ ასანიძის გათავისუფლების თემით დაიწყებს. ეს უკვე მხოლოდ საქართველოს პრესტიჟის საქმე არ არის. აქ საკითხი ეხება ევროპის უძველესი ორგანიზაციის ავტორიტეტს. ამ მიმართულებით კი, ევროსაბჭო, უდავოდ პრინციპულ პოზიციას დაიჭერს; რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამაც კიდევ ერთი, ძალიან ძლიერი და ქმედითი ბერკეტი მოიპოვა ავტონომიის ხელისუფლებაზე ზემოქმედებისათვის.
    მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ თენგიზ ასანიძეს უახლოეს მომავალში არ გაათავისუფლებენ, პრეზიდენტი პირადად მიიღებს ზომებს ევროპის საბჭოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსასრულებლად. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული იმ თანამდებობის პირის მიმართ, რომელიც არ აღასრულებს ამ გადაწყვეტილებებს, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.
    კიდევ ერთი საინტერესო ასპექტია თენგიზ ასანიძის პოლიტიკური მომავალი. მისი განცხადებები ნათელყოფს, რომ მზად არის დატოვოს ბათუმი, დასახლდეს თბილისში და აღარ ჩაერიოს პოლიტიკაში.
    თუმცა, გათავისუფლების შემდეგ მისი შეხედულებები შეიძლება შეიცვალოს და მიმდინარე დაპირისპირებაში ასანიძის ფაქტორი ანგარიშგასაწევი არგუმენტი გახდეს აჭარაში მოქმედი ოპოზიციისა.
    ასანიძეების გვარს ავტონომიურ რესპუბლიკაში ძალიან ძლიერი პოზიციები აქვს და უამრავი მომხრეც ეყოლება, მათ შორის ოდესღაც ასლან აბაშიძის ერთგულ აჭარულ ისტებლიშმენტშიც.

დილის გაზეთი
    9 აპრილი, პარასკევი, 2004 წელი
   
   

მთელ გვერდზე