რა ბედი ეწია გადაუხდელობის დეკლარაციებს?

    პირველი აპრილის დადგომასთან ერთად, თითქოსდა დღის მთავარ თემად უნდა ქცეულიყო ინიციატივა «არგადამხდელი» ბიზნესმენების მიერ დამალული გადასახადების დეკლარირებასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ულტიმატუმი ვადა სწორედ პირველ აპრილს ამოიწურა და მიუხედავად იმისა, რომ ვადამ შემდგომ 1 ივლისამდე გადაიწია, ულტიმატუმის შესაბამისად, ის ბიზნესმენი, ვინც აღიარებდა, რომ გასულ წლებში გადასახადი დაუმალა სახელმწიფო ბიუჯეტს და მისი გადახდის პირობას დებდა. უკვე ამჟამად თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან და ირაკლი ოქრუაშვილის რისხვას გადარჩებოდა.

    შეიქმნა საგანგებო კომისია, სადაც უნდა შესულიყო დეკლარაციები. პირობის თანახმად, დეკლარაციები გასაიდუმლოებული იქნებოდა და ვერავინ ვერასდროს გაიგებდა, ვინ რამდენი დაუმალა ბიუჯეტს და რამდენი წლით გადაუვადეს ძირითადი თანხის გადახდა.
    გარდა ამისა, ერთი მილიონი ლარი ბიზნესმენს ისედაც ჩამოეწერებოდა სამუდამოდ. დანარჩენის რესტრუქტურიზების თაობაზე კი მოლაპარაკება ფინანსთა სამინისტროსთან უნდა გამართულიყო. ჯერჯერობით, სახელისუფლებო კულუარებიდან რაიმე კონკრეტული ინფორმაცია არ ჟონავს იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი. რამდენმა ბიზნესმენმა შეიტანა განცხადება შესაბამის კომისიაში? რამდენი მილიონი გადაიხადეს ბიუჯეტში? რამდენი წლით მოხერხდა ვალების რესტრუქტურიზება? და საერთოდ, რომელი ცნობილი ბიზნესმენები მონაწილეობენ ამ პროცესებში?
    სინამდვილეში, გავრცელებული სტერეოტიპის მიუხედავად, ერთ მილიონ ლარზე მეტი დავალიანება ბიუჯეტის მიმართ საქართველოში არც ისე ბევრ ბიზნესმენს ჰქონდა. მათი ჩამოთვლა ორი ხელის თითებზეც შესაძლებელია, ოღონდ არა იმიტომ, თითქოს არაფერი დაუმალავთ. თვით ისეთი ბიზნესია იშვიათი ჩვენში, რომელიც მრავალმილიონიანი მოგების შესაძლებლობას ქმნის.
    უკლებლივ ყველა «ცნობილი» ბიზნესმენი უეჭველად შედის ამ კატეგორიაში. გაფაციცებით გასაიდუმლოებულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელმა მათგანმა შეავსო დეკლარაცია, რა თანხაზე და ასე შემდეგ.
    საწარმო წყაროთა ცნობით, იმ ბიზნესმენებმაც კი, ვისაც სადეკლარირებელი ერთ მილიონ ლარზე ნაკლები ჰქონდათ, თითქმის არ გამოიყენეს ეს შესაძლებლობა, ვინაიდან კვლავინდებურად მოქმედებს «შიშის სინდრომი».
    გარდა ამისა, არის კიდევ ერთი ფაქტორი, რასაც, ჯერჯერობით, არ ექცევა სათანადო ყურადღება: იურისტები (მათ შორის, ადვოკატები) ანსხვავებენ «საგადასახადო დავალიანებას» და «დამალულ გადასახადს».
    ეს თემა უკავშირდება 90-იანი წლების პირველი ნახევრის გახმაურებულ (მაგალითად, «თურქულ») კრედიტებს. მათი დიდი ნაწილი დაბრუნებული არ არის და ცნობილ ბიზნესებში ბრუნავს. მაგრამ დღემდე ამ თანხებს «დამალულ გადასახადად» არავინ აცხადებდა. თუმცა, ამგვარი ინტერპრეტაცია გამორიცხული არ არის. მაშასადამე, ის ბიზნესმენები, ვინც გრძელვადიანი სახელმწიფო (სუვერენული) კრედიტების მეშვეობით შექმნა ბიზნესი, საკმაოდ დიდ საგონებელში იქნებოდნენ ჩავარდნილნი: ეღიარებინათ თუ არა «დამალულ გადასახადად» საგადასახადო დავალიანება და ეცადათ თუ არა მათი რესტრუქტურიზება ხსენებული მექანიზმის მეშვეობით. ერთი მხრივ, ეს თითქოს უხსნიდათ სისხლის სამართლებრივი დევნის პრობლემას, მაგრამ, მეორე მხრივ, ამნისტიის შესახებ კანონი ჯერ პარლამენტის მიერ მიღებული არ არის. ხოლო თანხების გადაუხდელად აღიარება სამომავლოდ ახალი პრობლემის წარმოშობას უქადით.
    ამავდროულად, თუ პარლამენტი მიიღებს შესაბამის კანონს, ხსენებული საკანონმდებლო აქტი «შეითავსებს» იმ პრობლემების უმეტესობას, რაც უკავშირდებოდა «საგადასახადო დავალიანების» რესტრუქტრურიზებას. იგულისხმება საწარმოები, რომლებშიც აქციათა პაკეტი სახელმწიფოსაც ეკუთვნის.
    ფაქტია, რომ ჯერჯერობით, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მოტანილი შედეგის თვალსაზრისით, დაპატიმრებულ ჩინოსანთა «მოწველა» ბევრად მეტ მოგებას იძლევა, ვიდრე საგადასახადო ამნისტია.
    ყველაფერთან ერთად, ზოგიერთ ბიზნესმენს, ვინც იმავდროულად «საჯარო მოსამსახურეცაა», თითქოსდა ექმნება შესანიშნავი შესაძლებლობა, არ აღიაროს შემოსავალი საჯარო მოსამსახურის დეკლარაციაში. ამ შემთხვევაში წარმოიშობა წინააღმდეგობა კანონთან «საჯარო მოსამსახურის შესახებ», რაც ძალზე ძნელად გადასალახია, ვინაიდან მოქმედი კანონი არ კორელირებს პოლიტიკურ დეკლარაციასთან.
    ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ საგადასახადო ულტიმატუმი ამოიწურა და იწყება არაგადამხდელ ბიზნესმენთა «ბართლომეს ღამე», ბიზნესმენთა დაპატიმრების პირველი სიმპტომი (ჯერ კიდევ 1 აპრილამდე) თბილისში უკვე გაჩნდა.

3 აპრილი, შაბათი, 2004 წელი
    დილის გაზეთი
   
   
   

მთელ გვერდზე