«ეროვნული მოძრაობის» საბაზო მემკვიდრეობა

    მიხეილ სააკაშვილის პირველივე საჯარო განცხადებები ცხადყოფს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დისკურსში ურთულესი საკითხი, ისევ და ისევ, ამ ქვეყნის ბაზების საქართველოდან გატანა გახდება.

    მოსკოვი ჯარების გაყვანას არ აპირებს; «სამშვიდობო ძალებზე» რომ საერთოდ აღარაფერი ვთქვათ, კრემლი ყველაფერს გააკეთებს, რათა ახალქალაქსა და ბათუმში (ადგილობრივ ელიტათა დაინტერესებაზე დაყრდნობით) შეინარჩუნონ სამხედრო «ყოფნა».
    შესაბამისი ტექნოლოგია დამუშავებულია. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ქალებისა და ბავშვების გამოყვანა და «გზის გადაკეტვა»
    თანაც, რუსეთი მოითხოვს თავის ტერიტორიაზე სამხედრო ქალაქების მშენებლობას ოფიცრებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის.
    რაც ყველაზე მეტად საოცარია, ქართული მხარე სავსებით სერიოზულად ჩაება ამ საკითხის განხილვაში და მეგობარ სახელმწიფოებსაც მიმართა თხოვნით ფინანსური დახმარების თაობაზე.
    კიდევ უარესი: ამ კონტექსტში ხდება აპელირება გერმანიის გამოცდილებაზე. გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ 1994 წელს რუსეთს ათეულობით მილიარდი მარკა გადასცა სამხედრო ქალაქების მშენებლობისა და ოფიცერთა კომპენსაციისათვის.
    რატომღაც ჩვენში არავის მოსდის აზრად, პროტესტი განაცხადოს თვით საკითხის ასე დასმის გამო. შთაბეჭდილება იქმნება, თითქოსდა, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ოდესღაც აგრესიული ომი გააჩაღა, შემდეგ ამ ომში დამარცხდა, რუსეთმა დამარცხებული აგრესორის ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა და ახლა (ისევე, როგორც გერმანიასთან) აწარმოებს მოლაპარაკებას ჯარების ეტაპობრივი გაყვანის პირობათა თაობაზე. თანაც, პირობებიც მან უნდა უკარნახოს ყოფილ აგრესორს.

    განა ეს თავისთავად აბსურდი არ არის?
    კიდევ უფრო უცნაურია, რომ ვერავინ ამჩნევს კარდინალურ სხვაობას ამ საკითხში საქართველოსა და სხვა ყოფილი «მოკავშირე რესპუბლიკების» მდგომარეობას შორის.
    დავსვათ ელემენტარული კითხვა: რატომ არ ჰქონდათ ანალოგიური პრობლემები რუსეთთან სხვა რესპუბლიკებს? თუ არ ჩავთვლით შავი ზღვის ფლოტს, რომელიც სევასტოპოლშია განლაგებული, რუსეთს არც ერთი ბაზა არა აქვს უკრაინაში. არადა, ამ ქვეყანაში (ისევე, როგორც საქართველოში) საბჭოთა კავშირის უძლიერესი არმია იყო დისლოცირებული. სად გაქრა იგი? რატომ არ ტრანსფორმირდა რუსეთის სახმელეთო ბაზებად?
    თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთს არც ერთი ბაზა არა აქვს თვით ბელორუსშიც, არადა, იგი ხომ მისი უახლოესი სამხედრო-სტრატეგიული მოკავშირეა?!  რუსეთს არც ერთი ბაზა აღარ დარჩა ყაზახეთში, უზბეკეთსა და სხვა რესპუბლიკებში.
    ამ დროს კი (ნამდვილი კომედიაა!) საქართველოში, რომელიც რუსეთის მთავარ გეოპოლიტიკურ ოპონენტად ითვლება და ნატოს «კარს უკაკუნებს», რუსეთის 6 ბაზაა დისლოცირებული (თუ არ ჩავთვლით მცირე ობიექტებს): ბათუმში, ახალქალაქში, გუდაუთაში («მშვიდობისმყოფელთა სარეაბილიტაციო ცენტრი») თბილისში (სამხედრო დაჯგუფების შტაბის დაცვა), ენგურისა და ლიახვის აუზებში.
    
    ამ უცნაურობის მიზეზთა გასარკვევად აუცილებელია გავიხსენოთ 1988-1991 წლების ახლა უკვე უსამართლოდ მივიწყებული მოვლენები, რომლებმაც, სინამდვილეში, მთლიანად განსაზღვრეს ამჟამინდელი მდგომარეობა.
    თუ გახსოვთ, მაშინდელი «ეროვნული მოძრაობა» კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა «საბჭოთა სტრუქტურების» გამოყენების მეთოდს და მხოლოდ «დეოკუპაციას» მოითხოვდა. შესაბამისად, «ეროვნული მოძრაობის» ლიდერები გააფთრებით ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საბჭოთა ჯარების საქართველოს იურისდიქციაში გადმოყვანას.
    სწორედ ასე მოიქცნენ სხვები: უკრაინამ, უბრალოდ, საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში, თავის ტერიტორიაზე არსებული ყველა ქვედანაყოფი «უკრაინულად» გამოაცხადა.
    მაგრამ საქართველოში ამის გაგონებაც არ სურდათ: «საბჭოთა ჯარი იგივე რუსული ჯარია, საქართველო არ უნდა ჩაითვალოს საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრედ, ამიტომ საბჭოთა - რუსულმა ჯარებმა უპირობოდ დატოვონ ჩვენი ტერიტორია!!!» ამასობაში, სანამ ჩვენთან ეს ისტერია მიმდინარეობდა, სხვები იმ ჯარებს რუსებს კი არ უთმობდნენ, არამედ თავის სარდლობას უნიშნავდნენ და საკუთარ იურისდიქციაში გადმოჰყავდათ.
    არადა, 1989-1990 წელს ბევრი რუსი ოფიცერი, ვინც საქართველოში მსახურობდა და თვით სარდლობის წარმომადგენლებიც კი, აცხადებდნენ, რომ თუ საქართველო ისეთივე ლოიალურ კურსს გაატარებდა (ფორმალურად) მოსკოვის მიმართ, როგორსაც, მაგალითად, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი ატარებდა - ისინი მზად იყვნენ, საქართველოს იურისდიქცია ეღიარებინათ.
    სწორედ ამიტომ მივიღეთ დღეს ის, რაც მივიღეთ, ანუ რუსეთის 6 ბაზა, რომელთა გაყვანა, ალბათ, უახლოეს წლებში ვერ მოხერხდება და არავინ იცის, როდის გახდება ეს საერთოდ შესაძლებელი.
    ყოველ შემთხვევაში, სამხრეთ საქართველოდან მაინც, თორემ თუ რუსულ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე უარს ვიტყვით, მაშინ თბილისიდან შტაბის გატანას შეიძლება რის ვაი-ვაგლახით კიდევ მივაღწიოთ 5-6 წლის განმავლობაში.

დილის გაზეთი

26 იანვარი, ორშაბათი, 2004 წელი