პრეზიდენტმა დიპლომატიური კორპუსის განახლება გადაწყვიტა

    როგორც მოსალოდნელი იყო, სამთავრობო ცვლილებები, ახალი კაბინეტის ჩამოყალიბება და, ზოგადად, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ფორმირება უშუალოდ შეეხო საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს.

    პარლამენტმა, პრეზიდენტის წარმოდგენით, უკვე გაათავისუფლა რამდენიმე ელჩი დაკავებული თანამდებობიდან. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ხდებოდა როტაციის აუცილებლობის მომიზეზებით.
    მართლაც, კანონი უკრძალავს ერთსა და იმავე ელჩს კონკრეტულ სამსახურს 5 წელზე დიდხანს, რაც, სხვათა შორის, საკმაოდ სულელური კანონია, ვინაიდან არათუ ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, არამედ ზესახელმწიფოებსაც კი, უჭირთ კვალიფიციურ დიპლომატთა მომზადება.
    მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ელჩი, თუკი იგი კავშირებს დაამყარებს ამა თუ იმ ქვეყანაში, ფასდაუდებელი ფაქტორი ხდება. ამიტომ, ხშირია შემთხვევა, როდესაც ზესახელმწიფოებიც კი, თავის ელჩებს ზოგჯერ 20-30 წლის განმავლობაში აჩერებენ ერთსა და იმავე ქვეყანაში.
    გაუგებარია, თუ ისინი აკეთებენ ამას, საქართველოს რა ასეთი ამოუწურავი დიპლომატიური რესურსები აქვს? ვგულისხმობთ კვალიფიციურ დიპლომატიას, და არა იმ ხალხს, ვინც ხეირიანად ევროპული ენებიც კი არ იცის. ამგვარი კანონი საქართველოში ადრეც მოქმედებდა, მაგრამ ხშირად მისი უგულებელყოფა ხდებოდა. ცხადია, გადაწყვეტილების ნებისმიერი «გაფორმების» მიუხედავად, რეალურად ცვლილებები იმის მანიშნებელია, რომ ახალმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, სერიოზულად განაახლოს დიპლომატიური კორპუსი. ეს სავსებით ბუნებრივია, ვინაიდან ელჩი არის არა უბრალოდ ქვეყნის, არამედ პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი და ნდობით აღჭურვილი პირი სხვა ქვეყანაში. ელჩი პრეზიდენტის «თვალი და ყურია» სხვა სახელმწიფოში, ამდენად, იგი სახელმწიფოს მეთაურის უეჭველი ნდობით უნდა სარგებლობდეს უფრო მეტადაც კი, ვიდრე ნებისმიერი მინისტრი - თუნდაც თავდაცვისა და უშიშროების. მიხეილ სააკაშვილის დანიშვნებიც ზუსტად ადასტურებს, ვის ენდობა ქვეყნის ახალი ლიდერი და ვის - არა. პირველივე გადაწყვეტილებით, მან თანამდებობიდან გაათავისუფლა რუსეთში საქართველოს ელჩი ზურაბ აბაშიძე, რომელსაც როტაციის ვადა ჯერ არ ჰქონდა დამდგარი. გარდა პიროვნული მომენტებისა, აქ განმსაზღვრელი, ალბათ, ის იყო, რომ იცვლება პოლიტიკა რუსეთის მიმართ ძველი ელჩი კი წინა პოლიტიკას განასახიერებს. ამრიგად, მოსკოვში ახალი ელჩის (როგორც ახალი პოლიტიკის განმახორციელებლის) გაგზავნა აბსოლუტურად გარდაუვალი იყო. კოტე კემულარიას დანიშვნა კი იმან განაპირობა, რომ იგი პრეზიდენტის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს. მოსკოვში კოტე კემულარიას «კავშირები» არც ისე ფართოა (ყოველ შემთხვევაში, ზურაბ აბაშიძესთან შედარებით), რათა ეს გამხდარიყო განმსაზღვრელი.
    ჯერჯერობით, არ არის დაზუსტებული, შეინარჩუნებს თუ არა პოსტს საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლევან მიქელაძე, რომელიც, თავის დროზე, თედო ჯაფარიძის რეკომენდაციით დაინიშნა.
    ალბათ, ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ჩაივლის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერტებულ შტატებში. იგულისხმება არა მხოლოდ წმინდად ორგანიზაციული მხარე, არამედ შინაარსიც, ვინაიდან ელჩი ამაზე აგებს პასუხს. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, კოტე გაბაშვილმა თავისი ნებით დატოვა თანამდებობა, რისი მიზეზიც ახალ ხელისუფლებასთან მისი უთანხმოება ნამდვილად არ იქნებოდა.
    კოტე გაბაშვილი «სხვა სფეროში აპირებს მოღვაწეობის გაგრძელებას», რაც, სავარაუდოდ, ბიზნესისა და პოლიტიკის შეთავსებას გულისხმობს, საგარეო საქმეთა სამინისტროში საბოლოოდ არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ საფრანგეთში საქართველოს ელჩს, გოჩა ჩოგოვაძეს, რომელიც უკვე მესამე ვადას იწყებდა, ევროპის საბჭოში ქვეყნის წარმომადგენელი, ლანა ღოღობერიძე შეცვლის. თუმცა, ეს ძალიან ჰგავს სიმართლეს და, კაცმა რომ თქვას, პატარა ქვეყანას არც აქვს იმის ფუფუნება, რომ სტრასბურგსა და პარიზში ორი სხვადასხვა საელჩო ჰქონდეს. თუ ევროპის საბჭოს წესდება ამგვარ შეთავსებას კრძალავს, აპარატის დონეზე მაინც გაერთიანებას ხელს ვერაფერი შეუშლის.
    თანამდებობას ინარჩუნებენ საქართველოს ელჩები ევროკავშირსა და ნატოში, დიდ ბრიტანეთში, უკრაინასა და თურქეთში, ვინაიდან ეს ქვეყნები და ორგანიზაციები, «ნიშანდობლიობის» თვალსაზრისით, ამჟამად პრიორიტეტულად არ განიხილება - ამ მიმართულებით საქართველოს პოლიტიკა, უბრალოდ, არ იცვლება, ხოლო პრეზიდენტი საკადრო თვალსაზრისით აქ აბსოლუტურად ნეიტრალურია.
    სამაგიეროდ, ელჩები იცვლებიან სომხეთსა და აზერბაიჯანში, რაც, აგრეთვე, იმას ნიშნავს, რომ მეზობლებთან პოლიტიკის გარკვეული კორექტირება გამორიცხული არ არის.

დილის გაზეთი
    12 თებერვალი, ხუთშაბათი, 2004 წელი

 

მთელ გვერდზე