დამარცხებული დროშა – სიმბოლო გარდასული ეპოქისა

    28 მარტის არჩევნებით, ანუ ხელისუფლების საბოლოოდ დაკანონებითა და ოპოზიციის დასამარებით დასრულებულმა რევოლუციურმა პროცესმა საბოლოო წერტილი დაუსვა საქართველოს სისხლიან და ცოდვა-ბრალიან უახლოეს ისტორიასაც.
    მიუხედავად იმისა, რომ გასული საუკუნის ბოლო ათწლეულთა მიჯნაზე განვითარებული მოვლენებისაგან უკვე საკმაოდ დიდი დრო გვაშორებს, მოსახლეობა ინსტიქტურად გრძნობს: მრავალი ამჟამინდელი პრობლემის სათავე სწორედ იმ ეპოქაში უნდა ვეძიოთ.

    მხოლოდ ერთ მაგალითად შეიძლება დავასახელოთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრობლემა, ამჟამინდელი სახით, იწყება 1991 წლის გაზაფხულიდან, როდესაც «ტრადიციონალისტი» ასლან აბაშიძე ზვიად გამსახურდიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის პოსტზე «აირჩია».
    ესეც მხოლოდ ერთი მაგალითია, მაგრამ სწორედ ამგვარი ფაქტების ერთობლიობა განაპირობებს გუშინდელი დღის ერთ-ერთ უმთავრეს შედეგს: 80-90-იანი წლების «მოძრაობის» მონაწილე პარტიათა საბოლოო და შეუქცევად კრახს, - მათ სამუდამო წასვლას საქართველოს პოლიტიკური სინამდვილიდან.
    თუმცა, «მარად გუშინდელი» ლიდერების გამონათქვამთა მიხედვით, ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ისინი დღემდე ვერ მიხვდნენ, რა მოხდა ნოემბერში: შემთხვევითი არ იყო, რომ რევოლუციას სათავეში ჩაუდგა პიროვნება, ვისაც არავითარი მონაწილეობა არ მიუღია საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხ მოვლენებში 9 აპრილიდან - სოხუმის დაცემამდე.
    ნუთუ ვინმეს შემთხვევითობა ჰგონია, რომ დროშა (!), რომელიც არა მხოლოდ და არა იმდენად ედუარდ შევარდნაძესთან, არამედ სწორედ ხსენებულ «ტრადიციულ» პარტიებთან და მათ მიერ 15 წლის წინ განხორციელებულ სისხლიან «ეროვნულ რევოლუციასთან» ასოცირდება, მოსახლეობამ ასე ადვილად, ყოველგვარი სინანულის და გულის დაწყვეტის გარეშე დაივიწყა?!
    არადა, მას ხომ მართლაც მთელი ეპოქა უკავშირდებოდა! მაშასადამე, ამ დროშასთან და თვით იმ პოლიტიკურ ძალებთან (მათი იდეოლოგიიდან დაწყებული, კონკრეტულ პოლიტიკამდე) მოსახლეობა მწარე და სამარცხვინო დამარცხებას, ქვეყნის «წაქცევას» და განადგურებას აიგივებს, თანაც, სავსებით საფუძვლიანად.
    როგორც არ უნდა გაუკვირდეთ ან უარყონ, ედუარდ შევარდნაძე, საქართველოში დაბრუნების დღიდან - ნოემბრის რევოლუციამდე სწორედ მათ მიერ შექმნილი პოლიტიკური და იდეოლოგიური სქემებით ხელმძღვანელობდა. ამიტომაც არ სურდა მას დროშის შეცვლა, რაკი უტყუარი გუმანით გრძნობდა, რომ ახალი დროშა მხოლოდ ახალი ეპოქის სიმბოლო შეიძლებოდა ყოფილიყო. მაგრამ «არ შთაისხმების ღვინო ახალი - თხიერსა ძველსა».
    ხსენებული პარტიები დამარცხდნენ (ჯერ 22-23 ნოემბერს, შემდგომ კი ორივე არჩევნებზე) სწორედ იმიტომ, რომ მათ მოსახლეობას ვერ შესთავაზეს და ვერც შესთავაზებდნენ ვერაფერს ახალს - გარდა იმ კურსისა და პოლიტიკისა, რომელმაც საქართველოს ისტორიული მარცხი განაპირობა და რომლის შედეგებს ქვეყანა დღემდე იმკის.
    1993 წლის 27 სექტემბრის შემდეგ, მხოლოდ შევარდნაძე თუ შეძლებდა (მისთვის ჩვეული პოლიტიკური ტექნოლოგიით), ათი წლის განმავლობაში ქვეყნისთვის დამარცხებული დროშა შეენარჩუნებინა, მაგრამ ყოვლის მძლეველმა დრომ და «ამოხეთქილმა» ნებამ მის ტექნოლოგიასაც მოუღო ბოლო.
    ამჟამად საქართველოს თავზე ახალი, ხუთჯვრიანი დროშა ფრიალებს - როგორც დამარცხებული ქვეყნის თუნდაც გულუბრყვილო, მაგრამ მაინც წმიდათწმიდა იმედის განსახიერება.

30 მარტი, სამშაბათი, 2004 წელი
    დილის გაზეთი
   
   

მთელ გვერდზე