ქართული ბიუროკრატიის განკითხვის დღე

    პარლამენტის მიერ ქვეყნის (ფაქტობრივად) ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, სახელმწიფო აპარატის რეორგანიზაცია გარდაუვალი გახდა. თანაც, ეს რეორგანიზაცია ისეთივე ღრმა და ყოვლისმომცველი იქნება, როგორი ღრმა საკონსტიტუციო რეფორმაც განხორციელდა.

    საქართველოს ბიუროკრატიული აპარატი 1992 წლიდან, ფაქტობრივად, არ შეცვლილია. ეს, როგორც მინიმუმი; ვინაიდან მას შემდეგ, რაც საბჭოთა საქართველოს მრავალრიცხოვანი ნომენკლატურა დაინგრა, - ახალ აპარატში, ძირითადად, სწორედ მისმა კადრებმა მოიყარეს თავი.
    თუმცა, იმ დროს სხვა ალტერნატივა არც არსებობდა, ვინაიდან «არანომენკლატურული» ბიუროკრატია ახლად ჩამოყალიბებულ დამოუკიდებელ ქვეყანაში ვერც იარსებებდა.
    მიუხედავად იმისა, რომ 1992 წლიდანვე, ქართულ ბიუროკრატიულ აპარატში «უცხო სახეები» გამოჩნდნენ, - რამდენიმე წლის განმავლობაში ძირითადი ნაწილი მაინც «ნომენკლატურულად» რჩებოდა. მხოლოდ 1995-1996 წლიდან დაიწყო ახალი სოციალური გენერაციით ბიუროკრატთა «ჩანაცვლება».
    ძირითადი პრობლემა ის იყო, რომ «ჩანაცვლება» ვერ განხორციელდებოდა თვით აპარატის შემცირების გარეშე.
    საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ორი პროგრამა უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ჩაიშალა სწორედ იმის გამო, რომ პრეზიდენტი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფო აპარატის შემცირებას, რაკი შესანიშნავად ესმოდა, რომ ათასობით ადამიანის ერთდროულად დათხოვნა სამსახურიდან სოციალური უკმაყოფილების ხარისხს კიდევ უფრო გაზრდიდა.
    თანაც, აპარატის თანამშრომლები იმ სოციალურ ფენას განეკუთვნებოდნენ, რომლის წარმომადგენლები «ამინდს ქმნიან» საზოგადოებაში.
    ყველა არგუმენტი, რომ «მათი გადამზადება შეიძლება და სხვა პროფესიას შეისწავლიან», საქართველოს პრეზიდენტს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა და, კაცმა რომ სთქვას, ამაში არც ცდებოდა: სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ექსპერტებს ვერაფრით შეაგნებინებდი, რომ საქართველოში შეუძლებელია ათწლეულების განმავლობაში სამინისტროს, ან სხვა რომელიმე სახელმწიფო უწყების მოსამსახურე ოფიციანტის პროფესიას დაუფლებოდა.
    მაშასადამე, «პროფესიული გადამზადება» იმთავითვე არარეალური იყო, - ახალმა ხელისუფლებამ კი გადაწყვიტა, ამ სფეროში ისევე მტკიცედ იმოქმედოს, როგორც «გარევაჭრობის» აღკვეთის პროცესში.
    უკვე გადაწყვეტილია, რომ უქმდება (როგორც ჩანს, ამჯერად მეორედ და სამუდამოდ) «სახელმწიფო კანცელარია». მისი 350 თანამშრომელი, სარწმუნო ცნობებით, რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს თანამდებობიდან. იქმნება ორი «ცენტრალური აპარატი» - საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის.
    პრეზიდენტის აპარატში სულ 30-40 თანამშრომელი იქნება, მაგრამ «ძლიერ მოტივირებული», ანუ მაღალხელფასიანი.
    შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე, თუმცა, პრეზიდენტს ვერაფერი დაუშლის თავისი თანამებრძოლები მოიყვანოს აპარატში, ან მათი რეკომენდაციებით ისარგებლოს, ვისაც ენდობა და ვის პროფესიონალიზმშიც ეჭვი არ ეპარება.
    ბუნებრივია, უმაღლეს აპარატში ყოფილი «ნომენკლატურისათვის» ადგილი არ დარჩება - მათ დასავლეთში განათლებამიღებული ახალგაზრდობა შეცვლის. ასეთივე პრინციპით, სრულიად ახალი ხალხით შეირჩევა მთავრობის (მინისტრთა კაბინეტის) აპარატიც. რაოდენობა 50 მუშაკს არ გადააჭარბებს - მემანქანეებისა და ტექნიკური პერსონალის ჩათვლით.
    ამასთანავე, პარალელურად დაგეგმილია სამინისტროთა და უწყებათა გაერთიანება; რაც აგრეთვე გულისხმობს აპარატის შემცირებას. მცირდება არა მხოლოდ ცენტრალური აპარატი, არამედ ადგილობრივი სტრუქტურების თანამშრომელთა რაოდენობაც, - ძალისმიერი სამინისტროების მუშაკთა რიცხვი და ასე შემდეგ.
    მთლიანობაში, საქართველოს ბიუროკრატია 60 პროცენტით უნდა შემცირდეს უახლოეს 2 წლის განმავლობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, თითქოს, მესამედი მაინც შეინარჩუნებს ადგილს. ის ადგილები «ახალი გენერაციისა და წარმოების» კადრებზე განაწილდება.
    ესე იგი, შეიძლება ითქვას, რომ «ნოემბრის რევოლუციით» დასრულდა ტრადიციული ქართული ბიუროკრატიის ეპოქა და იქმნება ახალი ბიუროკრატია.
    რამდენად არაკორუმპირებული იქნება იგი, დამოკიდებულია არა განათლების მიღების ადგილზე, არამედ ახალი ხელისუფლების სოციალურ პოლიტიკასა და სახელმწიფო სტრუქტურების ბუნებაზე.

დილის გაზეთი
    10 თებერვალი, სამშაბათი, 2004 წელი

 

მთელ გვერდზე