ვიზიტები სამეზობლოში

    ამერიკის შეერთებულ შტატებში და რუსეთში ვიზიტების შემდეგ. საქართველოს ახალი პრეზიდენტი თავის საგარეო პოლიტიკურ აქტივობას მეზობელ სახელმწიფოებში სტუმრობით აგრძელებს.
    ამის შესახებ განცხადება მან ჯერ კიდევ ერთი თვის წინათ გააკეთა, სანამ მოსკოვში გაემგზავრებოდა.
    იგულისხმება, რომ მიხეილ სააკაშვილს უმასპინძლებენ ბაქო, ერევანი და ანკარა, სწორედ ასეთი თანმიმდევრობით.
    სარწმუნო წყაროთა ცნობით, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობდა ამ ქვეყნების ელჩებთან, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით.
    როგორც ჩანს, უკვე გადაწყვეტილია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი პირველად ბაქოს ეწვევა. ეს ყველაზე მეტად საინტერესო ვიზიტია, ვინაიდან ამ ქვეყანასთან ურთიერთობა, ნოემბრის რევოლუციის შემდეგ, ყველაზე მეტად პრობლემური იყო.
    ყველას გვახსოვს, რომ სომხეთის პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანთან ერთად, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც უარი განაცხადა, დასწრებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის ინაუგურაციის ცერემონიალს. გასაგებია, რომ ერევანსა და ბაქოში იმთავითვე არ მოეწონათ, უფრო მეტიც, ეჭვით შეხედეს თბილისის პრეტენზიას, ქცეულიყო სამხრეთ კავკასიის დემოკრატიულ ლიდერად.
    სწორედ ამით აიხსნება, უპირველესად, ეს სიფრთხილე და დისტანცირება. თუმცა, იმთავითვე შესანიშნავად ესმოდათ, რომ კავკასიის ბუნებრივ ცენტრთან დიდხანს დისტანცირება არ გამოვიდოდა, ამიტომ მიპატიჟებამაც არ დააყოვნა.
    ამასთანავე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დეკემბრის ბოლოს ერთ-ერთი რუსული გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აზერბაიჯანში შეუძლებელია მოხდეს ის, რაც მოხდა საქართველოში, ვინაიდან «აზერბაიჯანი უკვე შედგა, როგორც სახელმწიფო».
    მაშასადამე, აზერბაიჯანელ ლიდერს ამით სურდა ეთქვა, რომ ნოემბრის რევოლუცია სინამდვილეში ერთადერთი რამის მაჩვენებელია: რომ საქართველო ვერ შედგა, როგორც სახელმწიფო და ამიტომ გახდა შესაძლებელი ასეთი ფორმით და ხერხებით ხელისუფლების შეცვლა.
    გარდა ამისა, იყო კიდევ ერთი მომენტი, რის გამოც ილჰამ ალიევი საკმაოდ ცივად ირჯებოდა და თბილისში არ ჩამოვიდა. ეს გახლდათ, რასაკვირველია, ალიევების სოლიდარობა ედუარდ შევარდნაძის მიმართ. ილჰამ ალიევი ვერ დაივიწყებს, რომ ედუარდ შევარდნაძესა და მამამისს, ჰეიდარ ალიევს, მრავალწლიანი თანამშრომლობა («მეგობრობა» გადაჭარბებული იქნებოდა) აკავშირებდათ.
    აქედან გამომდინარე, ილჰამ ალიევის დასწრება პრეზიდენტ სააკაშვილის ინაუგურაციაზე «ვარდების რევოლუციის» აღიარება იქნებოდა, რისი გაკეთებაც ოფიციალურად ბაქოს არაფრის დიდებით არ სურდა.
    მაგრამ მას შემდეგ, რაც ახალი ხელისუფლების ლეგიტიმაციის პროცესი დასრულდა, აზერბაიჯანის ხელისუფლებას სხვა გზა, უბრალოდ არა აქვს _ იგი ვალდებულია «ააწყოს» ურთიერთობა მეზობელ ქვეყანასთან, რომელსაც მისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
    ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილი ბაქოში ყოფნისას დაადასტურებს, რომ საქართველო არ აპირებს შეცვალოს თავისი დამოკიდებულება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტისადმი და თბილისი ყველა თავის საერთაშორისო ვალდებულებას შეასრულებს.
    აქვე უნდა ითქვას, რომ «ევრაზიული დერეფნის» პროექტი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, აღარ დაიკავებს იმ ადგილს, რაც მას ედუარდ შევარდნაძის არა მხოლოდ საგარეო, არამედ საშინაო(!) პოლიტიკაში ეკავა, მაგრამ რაკი ეს პროექტი ამერიკის შეერთებული შტატებისათვის მნიშვნელოვანია და მას ვაშინგტონი ლობირებს, აგრეთვე, ნავთობსადენის ობიექტური სარგებლიანობის გამო, საქართველოს ტერიტორიაზე დიდი მილსადენი, რა თქმა უნდა, აშენდება.
    ამრიგად, ბაქოში ვიზიტი, რასაკვირველია, არ ჩაივლის ისეთი ზარ-ზეიმით, როგორც ადრე, მაგრამ ვიზიტისას უეჭველად დადასტურდება სტრატეგიული პარტნიორობა. ოღონდ, ქართული მხრიდან ამ პარტნიორობაში ნაკლები სენტიმენტი და მეტი პრაგმატიზმი იქნება.

დილის გაზეთი
    4 მარტი, ხუთშაბათი, 2004 წელი
   

 

მთელ გვერდზე