ბაირამობა დამთავრდა!

    საქართველოს ახალი ხელისუფლება ასრულებს წინასარევოლუციო და წინასაარჩევნო დანაპირებს: ყოფილ თუ მოქმედ ჩინოსანთა დაპატიმრებების სერია გრძელდება - დავით მირცხულავასა და აკაკი ჩხაიძის ბედს, უახლოეს მომავალში, ალბათ, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე გაიზიარებს.
    საეჭვოა, მოსკოვმა განსაკუთრებით გამოიდოს თავის მისი დაცვით. ყოველ შემთხვევაში, იმ დონეზე მაინც, როგორც იგორ გიორგაძეს იცავს, რადგან არც თუ ისე შორეულ წარსულში ლევან მამალაძე მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ჟვანიას «კრემლის აგენტად» აცხადებდა და ამტკიცებდა, თითქოს «ჟვანია - სააკაშვილის გუნდი» სწორედ რუსეთის სპეცსამსახურთა დავალებით და «მოსკოვის ბნელი გეგმის განსახორციელებლად» აპირებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროვოცირებას.
    ეს ყოველივე კი რუსეთის შესაბამისმა სამსახურებმა ძალიან კარგად იციან და, როგორც ჩანს, ლევან მამალაძეს (თუ კვლავ რუსეთში იმყოფება), გარდაუვალი ექსტრადირება ელის.
    აქ შეიძლება გავიხსენოთ გურამ აბსნაძის ბედი: როდესაც 1998 წელს რუსეთმა იგი საქართველოს გადმოსცა (9 თებერვლის ტერაქტის ბრალდებით), პრეზიდენტ ელცინის პრეს-მდივანმა, სერგეი იასტრჟემბსკიმ მაშინ ექსტრადირება იმით გაამართლა, რომ «ზვიადისტები ყოველთვის მკვეთრი ანტირუსული გამონათქვამებით გამოირჩეოდნენ».
    კიდევ ვის შეეხება ანტიკორუფციული ბრძოლის «მსახვრალი მახვილი», ჯერ-ჯერობით, ძნელი სათქმელია კონკრეტულად, თუმცა, ამით რომ საქმე არ ამოიწურება - სავსებით ნათელია.
    ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ერთ-ერთი გამოსვლისას მკაფიოდ თქვა, რომ «ბაირამობა დამთავრდა». აქ ორი მომენტია ძალზე ნიშანდობლივი: უპირველეს ყოვლისა, ახალი ხელისუფლება «ბობოლებს» აპატიმრებს იმ მიზნით და სავსებით გასაგები მოტივით, რომ მოიპოვოს უფლება, ებრძოლოს «წვრილმან კორუფციას» - წვრილმან კონტრაბანდასა და ფალსიფიკაციას, რაც სინამდვილეში ქვეყანას არანაკლებ ზიანს აყენებს, ვიდრე კორუფციის «ელიტარული» სახეობები.
    ამ მხრივ, საყურადღებო იყო, რომ სწორედ იმ დღეს, როდესაც სამართალდამცველებმა ბათუმში დააკავეს რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი მესვეური კაკო ჩხაიძე, თბილისის საკრებულოს ხელმძღვანელობამ მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხა მთელი გასული 10 წლის განმავლობაში: გაიწმინდა ეგრეთ წოდებული, «დეზერტირების ბაზრის» მიმდებარე ტერიტორია «გარე მოვაჭრეებისაგან».
    ადრე ამის გაკეთება ვერ ხერხდებოდა (არადა, ეს ადგილი, ისევე, როგორც ყველა «ბაზრობა» დამანგრეველი კონტრაბანდის ნამდვილი ბუდე იყო), რაკი «წვრილი მოვაჭრეები» იყენებდნენ ძალიან ძნელად მოსაგერიებელ და საზოგადოებისათვის სავსებით მისაღებ არგუმენტს: ორიოდე კაპიკს ვშოულობთ თუნდაც კონტრაბანდით და წვრილი ფალსიფიკაციით, ხოლო ხელისუფლება ჩვენ გვებრძვის, როდესაც «ბობოლა მილიონერები» დაუსჯელები რჩებიანო.
    დღეს ამგვარი არგუმენტი ვეღარ «იმუშავებს».
    შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება გააგრძელებს ომს «ბაზრობების» წინააღმდეგ (ამის გარეშე ეკონომიკის გამანადგურებელ კონტრაბანდას არაფერი ეშველება, რადგან ერგნეთიდან, სადახლოდან და სხვა მრავალი «შავი ხვრელიდან» მომავალი ყველა შემოვლითი გზის ამოქოლვა-აფეთქება ნამდვილად ვერ მოხერხდება), ოღონდ, პარალელურად, გაგრძელდება ყოფილ თუ მოქმედ «ძლიერთა ამა ქვეყნისათა» დაპატიმრებები.
    ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის - მერაბ ჟორდანიას «რეპრესირებაც» ძალიან მკაფიო «მესიჯი» იყო მთლიანად ქართული ელიტისადმი, რომ ახალი ხელისუფლება არც მას დაინდობს; და რაც უფრო მწვავე პროტესტს განაცხადებდა ქალბატონი მაკა ასათიანი - მით უფრო მეტს მოიგებდა ხელისუფლება «უბრალო ხალხის» თვალში, რადგან «პლებსისათვის» ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი სწორედ «არისტოკრატიის» მიმართ განხორციელებული ქმედებები და «ორმაგი სტანდარტის» არსებობაა.
    მაგალითად, როდესაც იტალიის ხელისუფლებამ დაიწყო (60-იან წლებში) ბრძოლა გადასახადების დამალვის წინააღმდეგ (დაუჯერებელია, მაგრამ იტალიაში ეს სენი ბევრად მეტად იყო მაშინ ფეხგადგმული, ვიდრე თუნდაც დღევანდელ საქართველოში) - პირველი, ვინც იტალიელმა პოლიციელებმა დააკავეს გადასახადების დამალვის ბრალდებით, იყო იტალიელთა სათაყვანებელი მსახიობი, იტალიის ეროვნული გმირი, იტალიის «სახე» - დიდი სოფი ლორენი.
    მართალი მეორე დღეს მთელი რომი ქუჩაში გამოვიდა და სათაყვანებელი ქალბატონის გათავისუფლება მოითხოვა (ჩვენს განსახილველ შემთხვევაში ეს არ მოხდებოდა - ცხადია), მაგრამ პრეზიდენტმა იგი მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ შეიწყალა.
    ამის შემდეგ კი, უბრალო იტალიელს (წვრილმან მოვაჭრეს თუ პატარა საწარმოს მფლობელს) გაუჩნდა სამართლიანობის რწმენა და იმის მოტივი, რომ გადაიხადოს გადასახადი, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასაც არ დაინდობენ და «მართლებიც იქნებიან».
    ასევე, თითქოსდა ყოვლისშემძლე მულტიმილიონერმა, ბილ გეიტსმა თუნდაც ათასი დოლარი რომ დაუმალოს ხაზინას - მივა მასთან რიგითი (!) საგადასახადო ინსპექტორი, რიგით პოლიციელთან ერთად (ვინ გაუბედავს წინააღმდეგობას) გეიტსს მისსავე სასახლეში?! კოხტად შეუკრავენ ზურგს უკან ხელბორკილით ხელებს (ისევე, როგორც ნებისმიერ სხვას) და ციმციმ მიაბრძანებენ პოლიციის უახლოეს განყოფილებაში.
    სწორედ ამიტომაა ამერიკაში საგადამხდელო კულტურა ესოდენ მაღალ დონეზე, სწორედ ამიტომ აღწევს საგადასახადო პროფიციტი ასეულობით მილიარდ დოლარს, ამიტომ ცახცახებს შიშით რიგითი ამერიკელი, - პატარა მაღაზიის და წვრილმანი საამქროს მფლობელი - საგადასახადო ინსპექტორის დანახვაზე, რაკი შესანიშნავად უწყის: თუ ხელისუფლება ბილ გეიტსს, ჯეიმს მორგანს, ლუდვიგ როტშილდს, ვან როკფელერს, ჟან პოლ გეტის არ ინდობს, - «მას რაღას უზამენ და მართლებიც იქნებიან».
    «ედუარდ შევარდნაძის ბაირამობის დასასრული», რის თაობაზეც პრეზიდენტმაც არა ერთგზის განაცხადა, სწორედ იმას ნიშნავს, რომ წინა პრეზიდენტს, მიზეზთა გამო, «ცეცხლივით ეშინოდა» ისეთი ნაბიჯების გადადგმისა, რაც ელიტას გააღიზიანებდა.
    შესაბამისად, მის ხელისუფლებას აღარც იმის მორალური უფლება ჰქონდა - «რიგითი კორუფციონერებისათვის» მოეთხოვა პასუხი და ყოვლისწამლეკი «მასობრივი კორუფციის» წინააღმდეგ ებრძოლა.
    ამით დასტურდება, რომ სინამდვილეში, «ნოემბრის რევოლუციის» ნამდვილი მიზანი და მოტივი იყო არა ყბადაღებული «დემოკრატიული არჩევნები» (რაც საქართველოს მსგავს ქვეყანაში პრინციპულად შეუძლებელია - არ მომხდარა, არც მოხდება არასდროს - ნებისმიერი ხელისუფლება ყოველთვის გამოიყენებს «ადმინისტრაციულ რესურსს»), არამედ ძლიერი ხელისუფლების ჩამოყალიბება, რომელიც არ მოერიდება «ელიტარულ დაჯგუფებებთან» უსასტიკეს დაპირისპირების - მოსახლეობაში კანონმორჩილების აღსაზრდელად.
    ოღონდ, ამ მიზნით არა მხოლოდ ყოფილი ხელისუფლების დასაყრდენ დაჯგუფებებს შეებრძოლება, არამედ, უეჭველად, იმ ჯგუფებთან დაპირისპირებასაც არ შეუშინდება უახლოეს მომავალში, რომლებიც (მერკანტილური მიზეზების გამო), მას რევოლუციის დროს მხარს უჭერდნენ.
    მხოლოდ ასე შეიძლება თავიდან აიცილოს ძალზე ქმედითი კონტრარგუმენტი «ორმაგი სტანდარტის» შესახებ - სამართლიანად რეპრესირებულთა და მათ ახლობელთა მხრიდან.
    «ორმაგი სტანდარტის» ბრალდება კი, სინამდვილეში, მტკიცე და ძლიერი ხელისუფლებისათვის ყველაზე საშიში და მომაკვდინებელია, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა და მლიქვნელ-მაქებართა შორის კორუფცირებული ნაძირალები, გადასახადების არგადამხდელები არანაკლებ მოიძევება, ვიდრე ყოფილი ხელისუფლების კამარილიის რიგებში.

დილის გაზეთი

19 იანვარი, ორშაბათი, 2004 წელი