ახალი მინისტრთა კაბინეტი

    გუშინ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის პირველი შეხვედრა შედგა დონორ ორგანიზაციებთან. მათ შორის არიან საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი, ამერიკის განვითარების სააგენტო, სხვადასხვა ფონდი, ცალკეული ქვეყნები და ასე შემდეგ - სულ ოცდაათზე მეტი ორგანიზაცია.

    დახურულ კარს მიღმა შეხვედრის უმთავრესი მიზანი დონორებისათვის პრიორიტეტების გაცნობა იყო დარგების მიხედვით. დასკვნითი სამიტი ზაფხულში, ბრიუსელში გაიმართება. იმ დროისათვის უკვე გარკვეული იქნება სავალუტო ფონდის პროგრამის ბედი და პარიზის კრედიტორთა კლუბში ვალების გადავადების საკითხიც.
    ახალი მთავრობის უმთავრესი ნიშან-თვისება ის არის, რომ უკლებლივ ყველა მინისტრი (ალბათ, «უპორტფელო» გურამ აბსანძის გარდა, მას სპეციფიკური ფუნქცია აქვს) «ვესტერნიზებული» ახალგაზრდაა და, რასაკვირველია, ისინი თავისუფლად ფლობენ თანამედროვე მსოფლიოს უმთავრეს საკომუნიკაციო ენას - ინგლისურს.
    ამ თვალსაზრისით, დონორთა წარმომადგენლები სწორედ ამ ენაზე წარმართულ შეხვედრაზე მართლაც «შეჩვეულ გარემოში» იგრძნობდნენ თავს და ეს სულაც არ არის წვრილმანი. ბოლოს და ბოლოს, დონორთა გადაწყვეტილებას ნდობა განსაზღვრავს და მასაც ჩვეულებრივი ადამიანები იღებენ, რომლებიც მეტნაკლებად სუბიექტურნი არიან.
    დონორებთან პირველ შეხვედრაზე საპროგრამო სიტყვით პრემიერი ზურაბ ჟვანია გამოვიდა. მან ახალი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი ჩამოაყალიბა და, როგორც მოსალოდნელი იყო, ასეთ პრიორიტეტად ენერგეტიკა დასახელდა.
    ამ სფეროს ჭაობიდან ამოთრევის გარეშე რაიმე ეკონომიკურ წინსვლაზე ლაპარაკიც ზედმეტია. გარდა ამისა, ენერგეტიკული პრობლემების გადაწყვეტა მოსახლეობისათვის ყველაზე მეტად საგრძნობი და ხელშესახები იქნება ახალი ხელისუფლების მოღვაწეობის შეფასებისას.
    პრემიერის და ენერგეტიკის მინისტრის შეფასებით, უმწვავესი პრობლემების მოსახსნელად აუცილებელია 60 მილიონი დოლარი (ეს თანხა უნდა მოხმარდეს «გამრიცხველიანებას» და ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციას).
    პრინციპში, 60 მილიონი საქართველოსთვისაც კი არ არის საარაკო თანხა. მით უმეტეს, როდესაც საუბარია ისეთ «მრავალასეულმილიარდიან» ორგანიზაციებზე, როგორიცაა მსოფლიო ბანკი ან ევროკავშირი, მაგრამ მათ სჭირდებათ კონკრეტული პროგრამა, - რისთვის და როგორ უნდა დაიხარჯოს ეს სახსრები.
    თუ ენერგეტიკის სამინისტრო ასეთ პროგრამას «დადებს», სავსებით შესაძლებელია, დონორებმა თანხა წელსვე გამოძებნონ.
    ოღონდ, საერთაშორისო დახმარების დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, ისინი ფულს მოგვცემენ მხოლოდ გრძელვადიანი განვითარების პროგრამისთვის და არავითარ შემთხვევაში, ლოკალური ამოცანების გადასაწყვეტად - ვთქვათ, ელექტროენერგიის იმპორტის დავალიანების დასაფარავად, ხელფასების გასაცემად და ასე შემდეგ.
    მართალია, პროგრამის ძირითადი პარამეტრები გასაიდუმლოებულია, მაინც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი ეხება საქართველოს ქალაქების გამრიცხველიანებას. მსოფლიო ბანკის ან სხვა დონორების გრძელვადიანი სესხი მოხმარდება რუსთავში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში დაახლოებით ისეთივე სამუშაოს შესრულებას, რაც ნეტარხსენებულმა «ეი-ი-ეს თელასმა» შეასრულა თბილისში 1999-2001 წლებში.
    კერძო ინვესტიციისაგან განსხვავებით, დონორთა გრძელვადიანი კრედიტის ამოღება არ იქნება იმდენად სასწრაფო, ანუ რუსთაველების, ზუგდიდელებისა და გორელებისათვის უფასოდ მრიცხველების დაყენების შემდეგ, ამ ინვესტიციის საფასური შეიძლება არ იქნეს გათვალისწინებული ტარიფში და იგი უფრო ლმობიერი დარჩეს.
    თუ მინისტრთა კაბინეტმა უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ამ პროექტის განხორციელება შეძლო, ეს მისი პირველი სერიოზული წარმატება იქნება. შემდგომ კი სოფლის მოსახლეობის ჯერიც დადგება; თუმცა, ეს პრობლემა ასეთ შემთხვევაში შედარებით იოლად გადაწყდება.
    მთავრობამ, შეიძლება ითქვას, მიაგნო იმ კვანძს, რომლითაც შესაძლებელია გაუთავებელი კრიზისის ჩაკეტილი წრის გარღვევა. აღრიცხვის მოწესრიგება - ენერგოკრიზისის დაძლევა - ეკონომიკისათვის სასუნთქი ჟანგბადის მიწოდება.
    რა თქმა უნდა, ამ პროგრამას დასავლეთში შესაბამისი «დაქოქვა» დასჭირდება და აქ, შესაძლებელია, არცთუ ურიგო იყოს იმავე რუსული «რაო-ეეს»-ის მხარდაჭერა, ვინაიდან ამ კომპანიას ევროპაში სამართლიანად აღიქვამენ რუსეთში მოქმედ პირველ, დასავლური ყაიდის სახელმწიფო ინსტიტუტად.

2 მარტი, სამშაბათი, 2004 წელი
    დილის გაზეთი

მთელ გვერდზე