23 ნოემბრის კონსტიტუცია

    რაც შეეხება ახალ მოდელს, ეს არის თანამედროვე მსოფლიოსათვის ჩვეულებრივი და სავსებით ნორმალური, მრავალ ქვეყანაში აპრობირებული მოდელი. ანომალური და არაჩვეულებრივი სწორედ ის მოდელი იყო, რაც დღემდე მოქმედებდა: თითქმის არცერთ ქვეყანაში დედამიწის ზურგზე, ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, არ არსებობს ხელისუფლებათა ისეთი «უკანმოუხედავი», უკომპრომისო, სრული და კატეგორიული გამიჯვნა, როგორც ამერიკაში. ლამის მეორე ასეთი ქვეყანა იყო საქართველო.
    არა, მაინც «რა ვართ ეს ქართველები?» - ჩვენც მაინცდამაინც ის მოდელი უნდა გვქონოდა, რაც პლანეტის ზესახელმწიფოს აქვს.
    ამასთანავე, უკლებლივ ყველა ქვეყანაში, სადაც «ამერიკული მოდელი» მუშაობდა წინა საუკუნეში, (მაგალითად, ლათინური ამერიკის სახელმწიფოებში), ყველაფერი დამთავრდა ან სამოქალაქო ომით, ან სამხედრო გადატრიალებათა და დიქტატურით.
    მით უმეტეს, არ შეიძლება არსებობდეს ამგვარი ხისტი და უკომპრომისო სისტემა (კრიზისების განმუხტვის ყოველგვარი მექანიზმის გარეშე) ისეთ ქვეყანაში, იმგვარ საზოგადოებაში, როგორიც საქართველოა, რომელიც თავისი მენტალიტეტითა და საზოგადოებრივი თვისებებით მუდმივად ბალანსირებს სამოქალაქო ომის ზღვარზე.
    სინამდვილეში, 1995 წლის კონსტიტუცია იყო ურთულესი კომპრომისი საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრეებს და ევროპული საპრეზიდენტო მოდელის მომხრეებს შორის. თანაც, საკმაოდ მახინჯი კომპრომისი, ვინაიდან წმინდა სახით არც ამერიკული მოდელი გამოვიდა - ვერც გამოვიდოდა, ფედერალიზმისა და ვიცე-პრეზიდენტის ინსტიტუტის გარეშე.
    პარლამენტის მიერ მიღებულ ახალ კონსტიტუციას თამამად შეიძლება ვუწოდოთ «23 ნოემბრის კონსტიტუცია», ვინაიდან იგი გახლავთ «ნოემბრის რევოლუციის» უშუალო შედეგი.
    აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ მიხეილ სააკაშვილი, მას შემდეგ რაც რევოლუცია განახორციელა, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აუცილებლად შექმნიდა იმგვარ მოდელს, რომლის მეშვეობითაც თავისი პროგრამის განხორციელების მეტი შანსი ექნებოდა. სააკაშვილმა არაერთგზის განაცხადა ჯერ კიდევ რევოლუციამდე, რომ წინა ხელისუფლების უმთავრეს პრობლემად მისი «სისუსტე» მიაჩნდა. ანუ, იგი თავიდანვე მოითხოვდა ძლიერი ხელისუფლების შექმნას. 23 ნოემბრის კონსტიტუცია კი, დიახაც ძლიერი, მტკიცე, სტაბილური ხელისუფლების დაფუძნებას გულისხმობს.
    მიხეილ სააკაშვილის განცხადებები იმას ნიშნავდა, რომ მისი აზრით, დემოკრატია არ არის ვითარება, როდესაც ხელისუფლება იძულებულია მუდმივად «დააბალანსოს» სოციუმში წარმოშობილი ინტერესთა კონფლიქტები და არ მიიღოს გადამჭრელი ზომები სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე.
    დემოკრატია ძლიერი მმართველობაა - ასე მიაჩნდა მომავალ პრეზიდენტს და სწორედ საკუთარი კონცეფციის შესაბამისი კონსტიტუციური რეფორმაც განახორციელა.
    ამის გათვალისწინებით, ამჟამად აბსოლუტურად გაუგებარია, ეგრეთ წოდებული, «არასამთავრობო სექტორის» ისტერიული რეაქცია. მით უმეტეს, რომ სწორედ ამ სექტორმა «გადააგდო» შევარდნაძე, სწორედ მან შექმნა საამისოდ აუცილებელი ცნობიერი ატმოსფერო.
    კი მაგრამ, ბატონებო (და ქალბატონებო) ხომ გაიძახოდით, «ახალი სისტემა გვჭირდებაო» - ჰოდა, მიიღეთ! «სისტემა უნდა შეიცვალოსო» - ჰოდა, შეიცვალა კიდეც!
    მაშ დღეს რა პრეტენზია გაქვთ?
    მიხეილ სააკაშვილი ხომ არასოდეს მალავდა, რომელი სისტემით სურდა ძველის შეცვლა? ხომ არ მალავდა, რომ მას ქვეყნის უმთავრეს პრობლემად მიაჩნდა სწორედ მძლავრი ხელისუფლების არსებობა? რატომ იწვევს ახლა განცვიფრებას ან პროტესტს, თუ იგი სწორედაც ძლიერი ხელისუფლების კონსტრუირებას ახორციელებს?
    მას ხომ არავინ მოუტყუებია და ამას წინასწარვე ამბობდა?
    და ძალიან ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ ძლიერი და ქმედითი ხელისუფლება («თავმოყვარეობაზე» საუბარი, პოლიტიკურ დისკურსში, ალბათ, არ ღირს) დაუშვებს ოდესმე «დარდუბალას» მსგავსი მულტსერიალის არსებობას.
    აბა, ერთი ამასთან სცადეთ!
    გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილმა სრულიად გულწრფელად განაცხადა ჯერ კიდევ ორი თვის წინ, რომ მას მოსწონს ის მეთოდები, რომლითაც ვლადიმერ პუტინმა განახორციელა ხელისუფლების კონსოლიდაცია.
    ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ამბავს ატეხდა ჩვენი «არასამთავრობო სექტორი» - ეს «მოდური დიზაინერები», რომლებიც ეთერში გამოჰყავდათ და პოლიტიკაზე სერიოზულად «ასაუბრებდნენ», - მსგავსი რომ ედუარდ შევარდნაძეს ეთქვა!

    ყველაზე ნაკლები პრეტენზია აქ სწორედ მიხეილ სააკაშვილთან შეიძლება არსებობდეს. კაცი გულწრფელად, დაუფარავად, ღიად, პირდაპირ ამბობდა, რომ ის სისტემა, რომელშიც ედუარდ შევარდნაძე ვალდებული და იძულებული იყო, «ბალანსირება» განეხორციელებინა (თუ გადმოვთარგმნით, ეს სხვადასხვა ჯგუფის ინტერესთა გათვალისწინებას ნიშნავს - თუნდაც საკუთარი ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ მაინც), მისთვის მიუღებელია.
    ამაში ახალი პრეზიდენტი უდავოდ მართალია, ვინაიდან «ამერიკულ მოდელში», რომელიც თავისთავად მოითხოვდა ბალანსირება-დაბალანსების პოლიტიკას, მხოლოდ იმ სტილის პოლიტიკოსს შეეძლო დიდხანს თავის გატანა (მისთვის ჩვეული უბადლო პოლიტიკური ეშმაკობითა და «ძალაუფლების ტექნოლოგიით»), როგორიც შევარდნაძე იყო.
    მიხეილ სააკაშვილმა მრავალგზის დაუფარავად აღნიშნა, რომ პოლიტიკური ინტრიგის ნიჭი (შევარდნაძისაგან განსხვავებით) არ გააჩნია (ეს შეიძლება მას ღირსებად ჩაეთვალოს, შეიძლება ნაკლად - თვალსაწიერს გააჩნია), ამიტომ სჭირდება ისეთი სახელისუფლებო მოდელი, რომელიც ნაკლებად მოითხოვს «ბალანსირებას» და პრეზიდენტს საშუალებას აძლევს, სოციუმში წარმოშობილ ინტერესთა კონფლიქტებისას, «დაბალანსებისათვის» და «გაწონასწორებისათვის» კი არ იმტვრიოს თავი, არამედ, უბრალოდ, «გაჭრას გორდიასის კვანძები», როგორც პირადად მას მიაჩნია ქვეყნისათვის სასარგებლოდ - მორჩა და გათავდა!
    სავსებით ობიექტურად, ქვეყნისათვის ახალი სისტემა უფრო მისაღები და პროგრესულია, რადგან საზოგადოებაში კონფლიქტები თუ წინააღმდეგობები არ დაელევა და თუ ხელისუფლებას სახელისუფლებო სისტემა აიძულებს ან საშუალებას აძლევს მუდმივი «ბალანსირებები» განახორციელოს, ასეთი ქვეყანა ჭაობში ჩაეფლობა, ანუ პრეზიდენტის მოტივაციაში ყველაფერი გასაგებია.
    გაუგებარი და ცოტა არ იყოს გამაღიზიანებლი ის გახლავთ, რომ ახალ სახელისუფლებო სისტემას და «კვანძთა ერთპიროვნულად გაჭრის» სახელმწიფოებრივ კონცეფციას, რაც ქვეყანას ახალმა პრეზიდენტმა შესთავაზა, სწორედ ის ხალხი აკრიტიკებს, ვინც ყველაფერი გააკეთა წინა სისტემის (არა მხოლოდ კონკრეტული ხელისუფალის, არამედ თვით პლიურალისტური სისტემის!!!) დისკრედიტაციისა და საბოლოოდ მისი დამხობისათვის.
    ისევ და ისევ: ხომ ითხოვდით ახალ სისტემას? - ჰოდა, მიიღეთ ახალი სისტემა!
   
   

დილის გაზეთი

7 თებერვალი, შაბათი, 2004 წელი   

                                                                                                                                                                         მთელ გვერდზე