რატომ შეძრა აბაშიძე შევარდნაძის სიტყვებმა?

    რამდენიმე დღის წინ, ამერიკულმა რადიოსადგურმა «თავისუფლებამ» (Radio Liberty) ეთერში გადასცა «აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის», ასლან აბაშიძის ინტერვიუ, რომელიც იმდენად გამაოგნებელია, რომ თავდაპირველად არ შეიძლება ეჭვი არ შეგეპაროს მის აუთენტურობაში; მაგრამ ჯერ ერთი, ინტერვიუ მთლიანად გამოქვეყნდა რადიოსადგურის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www. svoboda. org). გარდა ამისა, «თავისუფლება» მედიის დასავლური სტანდარტებით მოქმედებს და რამე ფალსიფიკაცია იქ, უბრალოდ, გამორიცხულია. მით უმეტეს, ტენდენციურობა და ბოროტი გაყალბება ამა თუ იმ პიროვნების დისკრედიტაციის მიზნით.
    ყოველ შემთხვევაში, ასლან აბაშიძესთან ინტერვიუს აუდიოჩანაწერი ცნობილ ჟურნალისტ ანდრეი ბაბიცკის უეჭველად შენახული ექნება და მისი გადამოწმება სულ ადვილად შეიძლება.

    ინტერვიუს დასაწყისში, ასლან აბაშიძე მისთვის ჩვეულ სტილში, ფრიად გაუგებარ ფრაზას წარმოთქვამს, რომლის ნამდვილი შინაარსის გარკვევა ერთი შეხედვით და მოსმენით ძნელია: «მე, მაგალითად, 100 პროცენტიდან 0,01 პროცენტსაც არ ვიფიქრებდი რომელიმე ჩინოვნიკის ადგილზე, რომ გადამედგა ასეთი ნაბიჯი, წავსულიყავი კონფრონტაციაზე არა მხოლოდ აჭარასთან, არამედ არავისთან, არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან» (გაიგეთ რამე? თუმცა ეს, როგორც იტყვიან, ასლან აბაშიძის სტილია და მიუხედავად იმისა, რომ «სტილი თვით ადამიანია», ამაში ვერ შეედავები. ბოლოს და ბოლოს, სტილი მისი საქმეა).
    შემდეგ: «რა ლოგიკურ ჩარჩოებში შეიძლება ჩაისვას ასეთი მუქარები, როდესაც ჩვენ სახეზე გვაქვს ორი ავტონომიური რესპუბლიკა, რომლებიც დე ფაქტოდ უკვე გავიდნენ საქართველოდან სწორედ ასეთი ამბიციური განცხადებების და გადაწყვეტილებების გამო. ასე იწყებოდა აფხაზეთი და ოსეთი. საოცარია, რომ პირველი ნაბიჯის შემდეგ (ოსეთი), ჩვენ დავუშვით ასეთივე რამ აფხაზეთში. და იმავე დღიდან, როდესაც აფხაზეთში შევიდნენ, ეგრეთ წოდებული სამთავრობო ჯარები, მიმდინარეობს ფრონტალური შეტევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წინააღმდეგ. მხოლოდ უფლის წყალობით გავძელით დღემდე «ფრონტალური შეტევა» აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, მადლობა ღმერთს, არ განხორციელებულა, მაგრამ ეს უფრო იმის დამსახურებაა, რომ აჭარაში არავითარი ეთნიკური სეპარატიზმი არ არსებობს.
    «1992 წელს შევარდნაძემ მკითხა: «შენ წინააღმდეგი ხარ აჭარიდან აჭარლების გასახლებისაო?» მე შეძრული ვიყავი, - აცხადებს აბაშიძე. რას ნიშნავს «აჭარიდან აჭარლების გასახლების წინააღმდეგ ყოფნა?» ასეთი აბდაუბდა რა კონტექსტში უნდა ეთქვა შევარდნაძეს? ასლან აბაშიძეს აჭარიდან აჭარლების გასახლება არ უნდოდა და შევარდნაძე აძალებდა, გინდა თუ არა გაასახლეო? ვისი გასახლება? სად? რატომ? ამას რომ რუსი ჟურნალისტი მოისმენდა და მასთან ერთად ლამის მთელი მსოფლიოს რუსულენოვანი მსმენელი, მართლა გაუკვირდებოდა, რომ აჭარის მადლიან, ძირძველ მიწაზე, საბედნიეროდ, სისხლი არ იღვრება უკვე მრავალი წელია.
    ასლან აბაშიძე: «შევარდნაძის ამ სიტყვებს მე ერთი წინადადებით ვუპასუხე. ყოველთვის ამზადებენ რაღაც ბინძურსა და ჭუჭყიანს, რასაც ახსნა არა აქვს, ლოგიკური ახსნა არა აქვს. დიახ, აქვს ახსნა - გაათავისუფლონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია, სანაპირო ზოლი, რადგან მთებში მცირემიწიანობაა, ყველაზე მცირემიწიანი რესპუბლიკაა ყოფილ საბჭოთა კავშირში, მაგრამ როდესაც ეს გაიმეორეს გასული წლის ბოლოს, მე ამის შესახებ გავუცხადე გაეროს მაღალ წარმომადგენელს, მერე ველაპარაკე ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ხელმძღვანელს» . . . . ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს ინფორმაცია ნებისმიერ ევროპელზე: აჭარლებს უპირებენ აჭარიდან გასახლებას, რათა სანაპირო ზოლს დაეპატრონონ. კი, მაგრამ ვინ უპირებს? - ქართველები? აბა სხვა ვინ? ხელისუფლება? ვისთვის - სხვა რეგიონებში მცხოვრები ქართველებისთვის? ღმერთო, შენ გვიშველე!!!
    ასლან აბაშიძე: «როცა ადარებ ედუარდ შევარდნაძის განცხადებებს, რომ მშვიდობა დაიწყო აჭარიდან, რომ ქართული კულტურის ცენტრმა გადაინაცვლა თბილისიდან ბათუმში და მოულოდნელად, «სეპარატისტის» იარლიყი და აჭარის მოსახლეობის აჭარიდან გასახლება. . . . ეს გეგმა დიდი ხანია მუშაობს. ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროს, როდესაც ბათუმში არ შეეძლოთ ჩაწერა ავტონომიური რესპუბლიკის სხვა რაიონების მაცხოვრებლებს და ადამიანებს ასახლებდნენ - თუნდაც კრასნოდარში, ოღონდ აქედან გაეყვანათ. ამას პირველად ვამბობ» მართლაც პირველად ამბობს - მსგავსი საშინელება თვით აფხაზებსაც არ უთქვამთ. თუ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს მართლაც არსებობდა აჭარლების აჭარიდან გასახლების გეგმა, ამის თაობაზე საგანგებო სახელმწიფო კომისია უნდა შეიქმნას. მით უმეტეს, რაკი აჭარის ამჟამინდელი მეთაური ამტკიცებს, რომ ეს გეგმა უცვლელია თბილისში ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად.
    ასლან აბაშიძე: «ჩვენ გვიწოდებენ თათრებს, რას არ გვიწოდებენ, ხაზს უსვამენ რელიგიას, იქნებ რაღაცას - სიძულვილს სხვების მიმართ თათრების სახით, მაგრამ აქ ხომ თათრები არ ცხოვრობენ - თურქეთია გვერდით. მაგრამ ჩვენ მივიღეთ ქრისტიანობა ჩვენი ერის 30-იან წლებში... მათე რომ აქ არის დასაფლავებული, ამაზეც სდუმან. აი, ასე ვცხოვრობთ» (ფაქტობრივ შეცდომებზე რომ არაფერი ვთქვათ, ისევ ერთობ გაუგებარი ფრაზაა შინაარსობრივად - იმავე სტილში, თუმცა, მთავარი მაინც გასაგებია).
    ასლან აბაშიძე: «ცენტრალურმა რეჟიმმა დაანგრია საკუთარი სახელმწიფოს კედელი. დაანგრია სახელმწიფო - აფხაზეთი, ოსეთი, გაუცხოებული ჯავახეთი, ექვსგზის დამორჩილებული (!!!) სამეგრელო»... «მე ვარ ადამიანი, რომელსაც დავალებითაც კი არ შეუძლია თქვას ტყუილი»... «1958 წელს, როდესაც ნება დართეს აქ დაბრუნებულიყვნენ ადამიანები, რომლებიც ბათუმში ცხოვრობდნენ 1453 წლიდან . . . . «
    ასლან აბაშიძისთვის დამახასიათებელ მორიგ რებუსში გასაგებია მხოლოდ თარიღი: 1453 წელი, როდესაც თურქებმა კონსტანტინეპოლი დაიპყრეს და მისი მოსახლეობა დედაწულიანად გაწყვიტეს. მათი შთამომავლები საბჭოთა ხელისუფლებას აჭარიდან გაუსახლებია და მხოლოდ 1958 წელს დაურთავს ნება დაბრუნებულიყო.
    «თუ შემოიჭრებიან ჩვენთან... აი ამ შენობაში შემოიჭრა რამდენიმე ავტომატიანი, ჯერ ქვემოთ, მერე დაიწყო სროლა. აი, მე დაზიანებები მაქვს, 17 ტყვია, ორი ჯერი, ვერც ერთი ვერ წავიდა, მე არასდროს ვდგამ ნაბიჯს, მაგრამ როდესაც ჩემს უკან ისტორიული პასუხისმგებლობაა, ჩემთვის ეს უბრალოა, როგორც ღვთის ნება, მე არ შემიძლია წასვლა», - აღნიშნავს აჭარის ავტონომიის მეთაური. ასლან აბაშიძეს დაავიწყდა ეთქვა, რომ სისხლიანი ეპიზოდი, რომლის შესახებაც იგი ჰყვება, 1991 წლის გაზაფხულზე მოხდა, ხოლო თავდამსხმელი იმ ხელისუფლებამ დაასაფლავა სამხედრო პატივით, რომლის ერთგულებაზეც აჭარის ლიდერი შემდგომ, წლების განმავლობაში, თავს დებდა. თუმცა, მთლიანობაში ეს ინტერვიუ ნამდვილად იმას ადასტურებს, რომ ჩვენი საქმე ბევრად უფრო ცუდად არის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.

5 თებერვალი, ხუთშაბათი, 2004 წელი
  

  დილის გაზეთი
   
   

მთელ გვერდზე