აბაშიძე «ინტერვენციას» სტრასბურგში იგერიებს

    გუშინ, რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა დიდი სიხარულითა და «მზადყოფნით» გაავრცელეს ცნობა ასლან აბაშიძის მორიგი სენსაციური განცხადების შესახებ, რომელიც მან სტრასბურგში გააკეთა. აჭარის ავტონომიის ლიდერის თქმით «იანვრის ბოლოს თბილისის ხელისუფლება აჭარაში ინტერვენციას გეგმავს».

    როგორც ჩანს ასლან აბაშიძე ძალიან შეაშფოთა მიხეილ სააკაშვილის დაპირებამ, - ინაუგურაციის დღეს აჭარაში ჩასვლისა და აჭარის პარლამენტის შენობაზე ხუთჯვრიანი დროშის აღმართვის შესახებ.
    ალბათ ამას თუ გულისხმობს «ინტერვენციაში», თორემ, როგორც არ უნდა დაიძაბოს ურთიერთობა ცენტრსა და რეგიონებს შორის, - აჭარაში «ინტერვენცია», რასაკვირველია, არც ერთ ჭკუათამყოფელს აზრადაც არ მოუვა. თვით ახლადარჩეული პრეზიდენტი, მისი წინასაარჩევნო რიტორიკის მიუხედავად (რას არ იტყვის პოლიტიკოსი საარჩევნო პროცესში), არჩევის შემდეგ საკმაოდ ფრთხილად და ზომიერად ირჯება აჭარის პრობლემასთან დაკავშირებით.
    აკაკი ჩხაიძესთან დაკავშირებული ინციდენტიც უფრო ხმამაღალი განცხადებები იყო, თორემ ასლან აბაშიძეს ყოფილი მთავარი «რკინიგზელის» ბედი დიდად არასოდეს აღელვებდა და ეს თბილისში შესანიშნავად იცოდნენ.
    ამრიგად, ასლან აბაშიძის გუშინდელი განცხადება (თანაც ევროპის საბჭოს მაღალი ტრიბუნიდან) იმის მანიშნებელია, რომ «აჭარის ლომს» სინამდვილეში არაფერი სურს შეცვალოს თბილისსა და ბათუმს შორის ურთიერთობებში და აქვს ილუზია, თითქოს შეძლებს ამ ურთიერთობათა შენარჩუნებას ძველ ჩარჩოებში.
    აჭარის პარლამენტის პრესცენტრის ცნობით, ევროპის საბჭოში ასლან აბაშიძის ვიზიტი დიდი ხნის წინ დაიგეგმა და უშუალოდ არ უკავშირდება ბოლოდროინდელ მოვლენებს.
    სტრასბურგში აბაშიძე შეხვდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს ვალტერ შვიმერს. ევროპელები, რა თქმა უნდა, ძალიან ცდილობენ საქართველოს დაეხმარონ და ბათუმის ხელისუფლება დაარწმუნონ კომპრომისისა და დემოკრატიული რეფორმების აუცილებლობაში.
    იგულისხმება, აგრეთვე, ბოლო ხანს აჭარაში დაპატიმრებულთა გათავისუფლება, რისთვისაც ევროპის საბჭო მომავალშიც აქტიურად იზრუნებს, ამასთან შედარებით, ასანიძის პრობლემა ვალტერ შვიმერს «ძველ თემად» მოეჩვენა.
    საფრანგეთიდან მიღებული ცნობით, ეს საკითხი ამჯერად აქტიურად არც განუხილავთ, რაკი დაპატიმრებული სტუდენტების შემთხვევა უფრო «მღაღადებელია» ყველაფერზე. ასლან აბაშიძე კი, თავის მხრივ, კვლავინდებურად ცდილობს ევროპის რეგიონთა ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობისა და სტრასბურგთან ურთიერთობის თემა თავისი სახელისუფლებო პოზიციების განსამტკიცებლად გამოიყენოს.
    სხვა რაიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა აბაშიძეს სტრასბურგში არ ჰქონია, თუმცა, ტრადიციისამებრ, ბათუმში «კაციშვილმა არ იცის», როდის დაბრუნდება იგი აჭარაში, უკვე ხომ არ დაბრუნდა საიდუმლოდ, ან სად გაემგზავრება საფრანგეთიდან, აქვს თუ არა დაგეგმილი მორიგი კონსულტაციები მოსკოვში და ასე შემდეგ.
    სტრასბურგში გამგზავრებამდე კი, აჭარის ლიდერს მორიგი ჭორი აუგორეს - თითქოს ის, ოჯახთან ერთად, გასაქცევად ემზადებოდეს და, ვითომდაც, სწორედ ამ მიზნით ბათუმის პორტში ავეჯით გემი იტვირთებოდა, რომელსაც აბაშიძეები იტალიაში უნდა წაეყვანა.
    როგორც ცნობილია, იტალიაში მისი შვილიშვილის «ნათლიმამა» სახლობს. მაგრამ აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯემალ გოგიტიძემ ეს ჭორები კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ბათუმის პორტში მიმდინარე სამუშაოებს არაფერი აქვთ საერთო აბაშიძეთა ბინაში წამოწყებულ რემონტთან.
    მოსალოდნელია, რომ ბათუმში დაბრუნების შემდეგ, ასლან აბაშიძე პრესკონფერენციას გამართავს და თბილისის მიმართ ახალ მკვეთრ განცხადებებს გააკეთებს. იგი ვერ ამჩნევს, რომ თანდათან მართლაც იქცევა მარგინალურ ფიგურად, რაკი ახალ ვითარებას ვერაფრით უღებს ალღოს და ძველი სქემებით ოპერირებს - რაც «ძველთან» გასდიოდა, მაგრამ «ახალთან» არ გაუვა.
   
   

დილის გაზეთი

22 იანვარი, ხუთშაბათი, 2004 წელი