ასლან აბაშიძის «ჭკუისსასწავლებელი»

    გუშინ აჭარის ადმინისტრაციულ საზღვარზე განვითარებული მოვლენები, ყველაფერთან ერთად, იმასაც ადასტურებს, რომ მოსკოვში ხშირი ვოიაჟები ავტონომიის მეთაურს საბოლოო ძალიან ძვირად დაუჯდა..

    უეჭველია, რომ ვითარების დაძაბვის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი გახდა აბაშიძის მორიგი გამგზავრება რუსეთის დედაქალაქში «პრესკონფერენციის» ჩასატარებლად, სადაც იგი იმ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როდესაც სათუო იყო, შეძლებდა თუ არა საერთოდ ბათუმში დაბრუნებას, რადგან საჰაერო ტრანსპორტის სამსახურმა გადაკეტა ბათუმის მიმართულება.
    ამის მიზეზი გახდა ბათუმის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე სატვირთო მანქანების განლაგება. რასაკვირველია, ეს რედუტები (ისევე, როგორც ჩოლოქის საზღვარზე აღმართული მონუმენტური ბარიკადები) არა ასლან აბაშიძის, არამედ მიხეილ სააკაშვილის თვითმფრინავის წინააღმდეგ იყო აგებული. ასეთ ვითარებაში უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა ბათუმში ვერტმფრენით გადაფრენა, თუმცა, ამგვარ ტაქტიკაზე, როგორც სახელმწიფო კანცელარიაში განგვიმარტეს, უარი ითქვა პრეზიდენტის უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსალოდნელი იყო ნებისმიერი პროვოკაცია. იმავდროულად, აჭარაში დარჩენილ «ვეზირებს» ძალიან ეშინოდათ მიხეილ სააკაშვილის ბათუმში გამოჩენისა იმ დროს, როცა მათი «მეთაური» აჭარაში არ იმყოფებოდა. მაშასადამე, ვითარების ესკალაცია დიდწილად სწორედ იმან განაპირობა, რომ ასლან აბაშიძე ბოლო დროს ლამის მოსკოვში უფრო ხშირად ჩანს, ვიდრე ბათუმში - თბილისზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
    თანაც გაუგებარია, რა მიარბენინებდა ავტონომიის მეთაურს მოსკოვში, როდესაც თავად აცხადებდა, რომ 15 მარტს ბათუმში დაგეგმილია ოპოზიციის მიტინგი და «ვარდების რევოლუცია».
    განა ძნელი გასათვლელი იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება უღიმღამოდ არ მიატოვებდა თავის მომხრეებს აჭარაში და აუცილებლად შეეცდებოდა ოპოზიციური აქტივობის მხარდაჭერას.
    გუშინდელი დღე მორიგი «ჭეშმარიტების მომენტი» გახდა აგრეთვე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში. საბოლოო გაცხადდა, რამდენად გულუბრყვილოა კრემლის კეთილგანწყობისა და ჩაურევლობის იმედად ყოფნა. რუსული საგარეო უწყების ბოლო განცხადება ბევრად უფრო რადიკალური, აგრესიული და შეურიგებელია, ვიდრე რამდენიმე წლის წინათ, ანალოგიური გართულებებისას.
    აშკარაა, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან «იმეგობროს» და მიხეილ სააკაშვილის «გაწვდილი ხელი» მიიღოს მხოლოდ იმ ვითარებაში და იმ პირობით, რომ თბილისი უარს იტყვის არა მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, არამედ აჭარის რეგიონის რეალურ გაკონტროლებაზეც.
    სრულიადაც არ არის შემთხვევითი, რომ რუსულმა გენერალიტეტმა სწორედ ამჟამად განახორციელა ბათუმის ბაზის პირადი შემადგენლობის როტაცია - აჭარაში გადმოჰყავთ სომხეთში, გიუმრის ბაზაზე განლაგებული ასეულობით, დიდწილად, სომეხი ჯარისკაცი და ოფიცერი.
    ხოლო რაკი საზღვაო აკვატორიას, ფაქტობრივად, ასლან აბაშიძის ძალები აკონტროლებენ, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, რა რესურსები იგზავნება ამ დღეებში საზღვაო პორტების მეშვეობით.
    მიუხედავად იმისა, რომ ასლან აბაშიძეს მაინც აქვს საშუალება შეინარჩუნოს ხელისუფლება, მისი რეჟიმი მაინც დასუსტებული გამოვა ამ დაპირისპირებიდან. აბაშიძის ავტორიტარიზმი ეფუძნებოდა «შიშნარევი რიდის» სინდრომს. რომელიც უკვე აღარ არსებობს. ძალაუფლების განსახორციელებლად მას სჭირდებოდა ცენტრის მდუმარე ჩაურევლობის განცდა, რაც აძაბუნებდა ყველას, ვინც მზად იყო არ დამორჩილებოდა ავტოკრატიულ მმართველობას.
    ამჟამად კი, ყველას, აჭარის საზოგადოებასა თუ თვით აჭარულ ბიუროკრატიაში, რომელიც თავს დაჩაგრულად იგრძნობს, აქვს ცენტრისადმი აპელირების საშუალება. ეს იქნებოდა სწორედ ერთადერთი სწორი არაძალადობრივი ტაქტიკა თბილისის მხრიდან რეჟიმი უნდა გამოცხადდეს ანტიკონსტიტუციურად, შესაბამისად, მისდამი ნებისმიერი არაძალისმიერი წინააღმდეგობა - ლეგიტიმურად და კანონზომიერად. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სწორედ ასეთი იქნება უახლოეს თვეებში ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკა.
    გარდა ამისა, ასლან აბაშიძის პარტიას უკვე უეჭველად წაგებული აქვს 28 მარტის არჩევნები არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ თვით ავტონომიაშიც. ნებისმიერ შემთხვევაში, ვითარება ავტონომიაში ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო თუნდაც 14 მარტამდე. ცენტრალური ხელისუფლება ქმნის უკანასკნელ ზღუდეს, რომლის მიღმა იგი აღარ დაიხევს, - თბილისი აღარ შეურიგდება ისეთი ტერიტორიის არსებობას, რომელიც, ერთი მხრივ, საერთო საქვეყნო რესურსებით სარგებლობს, ხოლო, მეორე მხრივ, მისი ხელისუფლება სრული უკონტროლობის ვითარებაში მოქმედებს და ამ ვითარების შესანარჩუნებლად არაფერს ერიდება.

დილის გაზეთი
    15 მარტი, ორშაბათი, 2004 წელი
   
   

მთელ გვერდზე