აფროამერიკელი - დავით აღმაშენებლის საფლავზე

    დიდი დავით მეოთხე ბაგრატიონი (აღმაშენებელი), ალბათ, ვერასდროს იფიქრებდა, რომ მისი კეთილშობილი ანდერძით («გულზე დამადგით ფეხი») ოდესმე «ასიმილირებული ზანგი», ანუ, როგორც ერთადერთ ზესახელმწიფოში უწოდებენ პოლიტკორექტულად, «აფროამერიკელი» ისარგებლებდა.

    დავით აღმაშენებელს ზანგები ალბათ, ეყოლებოდა ნანახი - ბიზანტიის კარზე იმ დროს მრავლად იყვნენ «აფრიკის შვილები», მაგრამ თუ მომავალში ისინი დიდი სახელმწიფოს «ბედთა მწყვეტელნი» იქნებოდნენ, მაშინ ვერავინ იფიქრებდა.
   ალბათ, თვით ბრძენთა-ბრძენი დავითიც კი, რომელმაც «გალობანი სინანულისანით» ისეთი სწორუპოვარი ზნეობრივი მარგალიტი დაუტოვა ქართველ ხალხს და კაცობრიობას, სხვა რომ არაფერი ეღონა, მის საფლავზე საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს მაინც უნდა დაედო ფიცი.
   ხუმრობა იქით იყოს და, გავლენიან პოლიტიკოსთა «შემოსევა» ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან სერიოზული პოლიტიკური დივიდენდის მომტანია; უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად ათეულობით პრეზიდენტის ინაუგურაცია ხდება ლათინური ამერიკიდან - წყნარი ოკეანის კუნძულებამდე, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი თითქმის არც ერთ მათგანს არ ესწრება საპატიო სტუმრის სტატუსით.
   ამერიკაში მიღებული უმკაცრესი პროტოკოლით, ეს საგანგებო შემთხვევაა და ვაშინგტონის განსაკუთრებულ დაინტერესებას გამოხატავს.
   აქვე წარმოიშობა საინტერესო ინტრიგაც - თუ რა დონეზე იქნება წარმოდგენილი რუსეთი ამ ცერემონიაზე.
   არსებობს მხოლოდ ორი ვარიანტი - დაბალი წარმომადგენლობა იმეტყველებს, რომ რუსეთის მხრიდან მიხეილ სააკაშვილს «ნდობის მანდატი» ბევრად მცირე აქვს, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.
   ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ქუთაისს პაუელთან ერთად მინიმუმ იგორ ივანოვიც ეწვევა, ეს იქნება სერიოზული ნიშანი კრემლის მზადყოფნისა, ითანამშრომლოს ზესახელმწიფოსთან საქართველოს საკითხში.
   ნიშანდობლივია, რომ კოლინ პაუელმა მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო საუბარში საგანგებოდ გაუსვა ხაზი რუსეთთან და თურქეთთან საქართველოს თანამშრომლობის აუცილებლობასა და მნიშვნელობას.
   ეს ინიციატივა საოცრად ზუსტად ასახავს ამერიკის პოლიტიკის თავისებურებას. ამერიკის შეერთებული შტატები იმ რეგიონებს, რომლებიც უშუალოდ მისი სასიცოცხლო ინტერესების სფეროდ არა აქვს გამოცხადებული (სამხრეთ კავკასია კი ასეთ რეგიონებს არ განეკუთვნება) მართავს ახლომდებარე «რეგიონული ზესახელმწიფოების» მეშვეობით და არა უშუალოდ.
   თურქეთსა და რუსეთზე მინიშნება კი უეჭველად იმას ნიშნავს, რომ აქ არჩევანს ამერიკა საქართველოს ანდობს და ჩვენს პრეროგატივად აღიარებს. თუმცა, სტრატეგიული თვალსაზრისით იგი მზად არის, დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი და დაგვეხმაროს ეკონომიკური რეფორმების გატარებაში.
   მინიმუმი, რასაც უკვე წელს უნდა ველოდოთ ამ თვალსაზრისით, იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერთობების აღდგენა და «პარიზის კლუბში» ვალების გადავადება.
   ოღონდ, პაუელს არც ის დაუმალავს, რომ საამისოდ თბილისმა ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს არა მხოლოდ ელიტარული, არამედ წვრილმანი კორუფციის (კონტრაბანდისა და ფალსიფიკაციის) წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. თუ ახალი ხელისუფლება ამ მეტად სარისკო გადაწყვეტილებას მიიღებს, ამერიკისთვის ეს ქართული სახელმწიფოს სტაბილურობისა და ხელისუფლების ქმედითობის მაჩვენებელი იქნება; ამერიკული პოლიტიკის პრაგმატული შინაარსი კი მხოლოდ რაციონალური გათვლას ითვალისწინებს და არა ფსევდოლიბერალურ სენტიმენტებს.
   აღსანიშნავია აგრეთვე ევროპულ ლიდერთა გამოხმაურება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა - ტონი ბლერმა უკვე მიულოცა მიხეილ სააკაშვილს არჩევნებში გამარჯვება და მისი ფორმულირებებიც შეიცავს «ფრთხილ ოპტიმიზმს» საქართველოში ვითარების გაუმჯობესების თვალსაზრისით.
   გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა - გერჰარდ შრიოდერმა კი პრეზიდენტი სააკაშვილი გერმანიაში მიიწვია ვიზიტით. ისევ და ისევ ნიშანდობლივია, რომ მოსკოვი ამ მხრივ არ ჩქარობს. თუმცა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის, პირველი მიწვევით სწორედ რუსეთს ეწვიოს.
   მიუხედავად იმისა, რომ მიწვევა მან პირველად ამერიკიდან მიიღო, ვაშინგტონს დიდად არ დასწყდება გული, თუ საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი რუსეთიდან დაიწყებს საზღვარგარეთულ ვოიაჟებს. პირიქით, ეს აზრობრივად გამომდინარეობდა პაუელის განცხადებიდან და სავსებით შეესაბამება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობათა სულისკვეთებას როგორც რევოლუციის დღეებში, ასევე რევოლუციის შემდგომ - ახალი საქართველოს პირობებში.

დილის გაზეთი

10 იანვარი, შაბათი, 2004 წელი