«ასლანიზმის დასასრული»

    ჩოლოქთან გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ განურჩევლად იმისა, შეძლებს თუ არა ასლან აბაშიძე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხელისუფლების შენარჩუნებას (მოსკოვის მხარდაჭერით მას საამისოდ ჯერ კიდევ სერიოზული რეზერვები და რესურსები აქვს), - მთლიანად და საბოლოოდ დაინგრა ურთიერთობათა ის სისტემა, რაც ცენტრსა და რეგიონს შორის მთელი 13 წლის განმავლობაში არსებობდა: ანუ 1991 წლის გაზაფხულიდან, როდესაც ასლან აბაშიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ აირჩიეს.
    სისტემა წინა ხელისუფლების დროს მხოლოდ ძლიერდებოდა, ახალი კომპონენტებით ივსებოდა და უძრაობის გარანტიებს ქმნიდა. რა თქმა უნდა, იგი ედუარდ შევარდნაძის სახელისუფლებო ტექნოლოგიასაც ეყრდნობოდა, მაგრამ გამარტივება იქნებოდა, არ გვეღიარებინა აგრეთვე ისეთი ფაქტორების არსებობა, როგორიცაა ქართული ელიტის ტრადიციული სიბრმავე და ინფანტილიზმი, რაც მთლიანობაში, საშუალებას აძლევდა ასლან აბაშიძეს, «ქართული ეროვნული ინტერესების ერთგულების» თაობაზე გაუთავებელი რიტორიკის ფონზე, იმავდროულად, განეხორციელებინა ცენტრალური ხელისუფლების ყველა იმ უეჭველი პრეროგატივის ხელყოფა და იგნორირება, რაც ნებისმიერ ერს ისტორიულ-კულტურული ერთობიდან აქცევს ნაციად ამ ცნების ევროპული გაგებით ანუ სახელმწიფოდ, რომელიც უეჭველად უნდა აკონტროლებდეს თავის სახმელეთო და საზღვაო აკვატორიას, ეკონომიკურ საზღვარს, წარმართავდეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საბიუჯეტო-ფინანსურ პოლიტიკას (საერთო-სახელმწიფოებრივი ბიუჯეტის ფორმირება, გადასახადების აკრეფა და ბიუჯეტში რეალურად გადმორიცხვა), იცავდეს ადამიანის უფლებებს ანუ ახორციელებდეს ყველა იმ ფუნქციას, რაც უკლებლივ ყველა (მათ შორის ფედერაციულ) სახელმწიფოებში მხოლოდ და მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების ეჭვმიუტანელი პრეროგატივაა.
    რეალურად კი, ასლან აბაშიძემ შექმნა სისტემა, როდესაც აჭარის ავტონომია იქცა სრულფასოვან სახელმწიფოდ, რომელსაც ფაქტობრივად კონფედერაციული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან და ესეც მხოლოდ იმდენად და იმიტომ, რომ აჭარლები ენით, კულტურით, მენტალიტეტით, ცხოვრების წესით, ძირითადი ფასეულობებით ჩვენი სისხლი და ხორცი - ჭეშმარიტი ქართველები არიან.
    ამ პარადიგმის ჩამოყალიბებაში მას უდიდესი დახმარება გაუწია აგრეთვე თბილისურმა პოლიტელიტამ, რომელიც, არჩევნებიდან-არჩევნებამდე საკუთარი მერკანტილური ინტერესების გარდა არაფერს ემსახურებოდა.
    ვიმეორებ: მიხეილ სააკაშვილმა და ახალმა ხელისუფლებამ ეს თვალთმაქცური სისტემა უკვე დაანგრია და განურჩევლად იმისა, მოხერხდება თუ არა უახლოეს მომავალში უშუალოდ ასლან აბაშიძის მშვიდობიანი გაძევება საქართველოს პოლიტიკური სცენიდან - ეს უკვე სერიოზული წარმატებაა: ამიერიდან ვეღარავინ შეძლებს ძველი დროის მობრუნებას, როცა ვითომდა კონკრეტულ ხელისუფლებასთან პოლიტიკური დაპირისპირების საბაბით (ნოემბერში გამოჩნდა, რამდენად გულწრფელი იყო ეს შევარდნაძესთან დაპირისპირება რეალურად), აჭარის ხელისუფლება თვით ცენტრალური ხელისუფლების (როგორც ასეთის) დაკნინებასა და ფაქტობრივად დამორჩილებას ახერხებდა, ხოლო ამ სისტემის საპირისპირო ნებისმიერი აზრი დემაგოგიურად ცხადდებოდა «აჭარის საქართველოდან განდევნის მცდელობად».
    მაშასადამე, რაც მთავარია ითქვა სიმართლე, გაცხადდა ვინ-ვინ არის და ვინ - რისკენ ისწრაფვის, ვინ რამდენად აშკარად ეყრდნობა ანტიქართულად განწყობილ ძალებს მოსკოვში.
    ხოლო სიმართლე და სიცხადე პოლიტიკაში სავსებით პრაგმატული და მიზანშეწონილი ფასეულობაა.
    როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტი არ აპირებს ამ საკითხში რაიმე კომპრომისზე წასვლას. პრემიერმა კი გასულ კვირას განაცხადა, რომ მეთოდთა ზღვარი გადის სისხლისღვრაზე ანუ იმ მიჯნაზე, სადაც იწყება უშუალოდ შეიარაღებული დაპირისპირება.
    ამგვარი რამ თბილისმა არაფრის დიდებით არ უნდა დაუშვას, ვინაიდან სწორედ ეს სურს (და აშკარად ძალიან სურს) მოწინააღმდეგეს, რათა საკუთარი ავტორიტარიზმი და პარტიკულარიზმი ხარისხობრივად სხვა (თუმცა შინაარსობრივად ანალოგიურ) მოვლენასა და პროცესში გადაზარდოს.
    არ არის შემთხვევითი, თუ საქართველოს დაუძინებელი მტრები მას უკვე აშკარად ურჩევენ «აჭარის სუვერენიტეტის» გამოცხადებას.
    ამ ვითარებაში თბილისს უდიდესი სიფრთხილე და თავშეკავება მართებს. ძალის გამოყენება გამორიცხულია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ აჭარის მმართველ დაჯგუფებას უნდა აგრძნობინოს, რომ ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ახალი სისტემით, რომლის საფუძველი უნდა შექმნას კანონმა «ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებამოსილებათა და კომპეტენციათა გამიჯვნის შესახებ». აგრეთვე, შესაძლოა, შესაბამისმა ხელშეკრულებამაც (არავინ არის პრინციპში დეცენტრალიზაციის წინააღმდეგი), რითაც თბილისი აღიდგენს ბუნებრივ პრიორიტეტს ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებში, ხოლო აჭარა იქცევა ნამდვილ ავტონომიად და არა ფაქტობრივად «მეზობელ სახელმწიფოდ», სადაც საქართველოს სუვერენიტეტი ხელყოფილია ისეთ სფეროებში, რომელთა რეგიონისათვის დელეგირება სახელმწიფოს დაშლას ნიშნავს.
    ასლან აბაშიძე ამას არ ეთანხმებოდა და არ ეთანხმება სწორედ იმიტომ, რომ ამგვარი სისტემა უშუალოდ მისი ხელისუფლების დასრულებასაც ნიშნავს, რაკი უეჭველად გულისხმობს აგრეთვე ავტონომიაში უფრო მეტად პლურალისტური გარემოს ჩამოყალიბებას და პოლიტიკური ოპოზიციის დაშვებას. მათ შორის, ოპოზიციისა თვით სახელისუფლებო სტრუქტურებში - რაც აჭარის საზოგადოების რეალური განწყობის და დამოკიდებულებათა მრავალფეროვანი სპექტრის ამსახველი იქნება.
    სანამ აჭარის ისტებლიშმენტის «ასლანისტური ნაწილი» ამას არ დაეთანხმება, ცენტრმა ზეწოლის ყველა მეთოდი (მათ შორის ეკონომიკური და ადმინისტრაციული) უნდა გამოიყენოს - ძალისმიერის გარდა.
    თბილისმა არა მხოლოდ და არა იმდენად ასლან აბაშიძეს (მასთან საუბარი თანდათან მართლაც აზრს კარგავს), არამედ თვით აჭარის ელიტას უნდა აგრძნობინოს, რომ არ ექნება არანაირი მხარდაჭერა, სანამ იგი რეალურ ავტონომიას არ დასჯერდება. დღემდე არსებული წარმონაქმნი კი «ავტონომია» არ იყო.
   
   

მამა ბასილის სინდრომი

    გასულ კვირას საქართველოს შინაგანმა ჯარებმა ე.წ. «გლდანის ეპარქიის» წინამძღოლი, ბასილ მკალავიშვილი დააკავეს ძალისმიერი ოპერაციის შედეგად.
    ბუნებრივია, არც ერთ ჭკუათმყოფელს და არაპარანოიდულ ადამიანს არ შეიძლება მოსწონდეს (და არც მოეწონებოდა) მასობრივი ცემა-ტყეპის ის კადრები, რაც მთელმა საქართველომ და მსოფლიომ იხილა. ორი აზრი არ არსებობს, რომ ნამდვილად შეიძლებოდა მკალავიშვილის დაპატიმრება მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის (განსხვავებული აღმსარებლობის ადამიანთა დარბევა და სხვა მრავალი) ქალაქის ცენტრში გამართული პრესკონფერენციის დროს, მაგრამ რაიონული პოლიციის უფროსმა, ვინც ხსენებულ პრესკონფერენციას ესწრებოდა, ეს ვერ გაბედა (რაც ძალზე ნიშანდობლივია) სწორედ იმის გამო, რომ ახალმა ხელისუფლებამ ჯერ ვერ შექმნა სამართალდაცვის ისეთი სისტემა, რომელიც აღარ დაეფუძნება პოლიტიკური მიზანშეწონილობის მოსაზრებებს.
    უპირველესად სწორედ ამაში მჟღავნდება «ბაბა ბასილის სინდრომი»: თუ წინა ხელისუფლების დროს პოლიციის კონკრეტული დაბალჩინოსანი მოღვაწეები არ იღებენ კონკრეტული გადაწყვეტილებებს, ამის უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ მათ არ ჰქონდათ გარანტია, რომ შემდგომი გარდაუვალი გართულებებისათვის ხელისუფლება «ჯოხს მათზე არ გადატეხდა».
    ძველი სინდრომი კვლავინდებურად ძალაშია. ამაზე მიუთითებს თუნდაც ის, რომ «სამართალდამცველები» ბევრად აქტიურად და თამამად მოქმედებდნენ მხოლოდ და სწორედ მაშინ, როცა პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა აიღეს და ისინი პირადად (!) მონაწილეობდნენ გლდანის ოპერაციაში.
    ამგვარი პრაქტიკა აბსოლუტურად არანორმალურია, მაგრამ იგი იარსებებს მანამ, სანამ პოლიციისა და პროკურატურის კონკრეტულ ჩინოსანს, ვინც უშუალოდ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას, არ ექნება მტკიცე გარანტია იმისა, რომ კანონიერი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შემდგომი პოლიტიკური გართულებებისათვის პასუხისმგებლობას მას არ დააკისრებენ და ჯოხს კვლავ მასზე არ გადატეხენ.
    ასეთ გარანტიად კი სიტყვიერი განცხადებები (ან თუნდაც პოლიტიკური მხარდაჭერა) ნამდვილად ვერ გამოდგება - საჭიროა საკანონმდებლო მექანიზმები, რაც ერთი მხრივ, იმავე პოლიციის უფროსს, სასჯელის შიშით აიძულებს მიიღოს გადაწყვეტილება (რასაკვირველია, აუტკივარი თავის ატკივება არავის სურს) განურჩევლად პოლიტიკური შედეგისა; და, მეორე მხრივ, დაიცავს მას შემდგომი ზეწოლისაგან მაშინაც კი, თუ უმაღლეს ხელისუფლებას მისი გადაწყვეტილების გამო პოლიტიკური პრობლემები შეექმნა.
    ეს მომხდარის ერთი ასპექტია. კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი და საგულისხმო იყო განსაცვიფრებელი განცხადება, რომელიც მომხდართან დაკავშირებით საპატრიარქოს ერთ-ერთმა, ფრიად პატივცემულმა წარმომადგენელმა გააკეთა (უცნაური მინიშნებებით გაზეთ «24 საათის» და მისი ავტორების შესახებ).
    ამ განცხადებებით გამოდის, ბასილ მკალავიშვილი ებრძოდა «აგრესიულ პროზელიტიზმს» და ამით გზას უკრავდა ბოროტ ძალებს.
    ასეთ შემთხვევაში გაუგებარია, რას ერჩოდნენ ამ პატიოსან კაცს და რატომ განკვეთეს იგი ეკლესიიდან? თურმე ღვთისნიერ საქმეს აკეთებდა ეს კეთილშობილი ადამიანი.
    რაც შეეხება იმას, თითქოს ბასილი მკალავიშვილის დაპატიმრების შემდეგ ხელისუფლებამ სექტანტებიც უნდა დააპატიმროს, «თორემ მომხდარი მათ ხელშეწყობად აღიქმება» - რასაკვირველია, იგივე ბედი უნდა ეწიოს ყველას, ვინც ძალადობრივი მოქმედებით ცდილობს ადამიანებს აღმსარებლობის თავისუფლებაში შეუშალოს ხელი, მაგრამ როგორც ჩანს, აქ ამას როდი გულისხმობენ: იგულისხმება საქართველოს კონსტიტუციის იმ ფუძემდებლური დებულების ხელყოფა, რაც ადამიანს თავისუფალი არჩევანის საშუალებას აძლევს ყველა სფეროში - მათ შორის, აღმსარებლობისაც.
    აღმსარებლობის თავისუფლება კი უეჭველად გულისხმობს მისი არაძალადობრივად და საჯაროდ გამოხატვის თავისუფლებას! სხვა შემთხვევაში ეს თავისუფლება ფიქციაა.
    ლიბერალიზმის ერთ-ერთი ძირითადი ფასეულობა ის გახლავთ, რომ დემოკრატიულმა სახელმწიფომ, თუ აუცილებელია, უმკაცრესი მეთოდებით უნდა დაიცვას თავისუფალი არჩევანის უფლება. შესაბამისად, უნდა დაისაჯოს ის, ვინც ამ უფლებას ხელყოფს.
    გვესმის გაუთავებელი აპელირება «ორი ტომარა ფქვილით მორწმუნეთა მოსყიდვის» შესახებ. ბოლოს და ბოლოს, «ორი ტომარა ფქვილით» მართლაც შეიძლება ადამიანი მოისყიდო, ნამდვილად შეიძლება ზოგიერთს თვით «ეშმაკისეული საქმეც» გააკეთებინო, მაგრამ შეუძლებელია «ორი ტომარა ფქვილით» იყიდო რწმენა!
    სანამ არ ვაღიარებთ, სანამ არ ვიტყვით, რომ აქ გარკვეული პრობლემა ნამდვილად არსებობს, მანამ ვერავითარი კანონმდებლობა ვერ დაგვიცავს. და ვერც ჩვენ დავიცავთ დედა-ეკლესიის ისტორიულ (და ბუნებრივ) პრიორიტეტს საქართველოში. მით უმეტეს, რომ ეს პრიორიტეტი აგრეთვე ჩვენი წინაპრების თავისუფალ არჩევანსა და ჭეშმარიტ რწმენას ეფუძნებოდა.
   
   

პრეზიდენტი-პრემიერი: ტრადიციული დისკურსი არატრადიციულ რაკურსში

    მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე ბევრი საინტერესო მოვლენა და პროცესი განვითარდა, ყველაზე ნიშანდობლივი და სამომავლოდ პერსპექტიული მაინც პრეზიდენტსა და მინისტრთა კაბინეტს შორის ურთიერთობათა სისტემაა, რაც ამჟამად ყალიბდება და გრძელვადიანი ხასიათიც ექნება.
    პროცესი, სინამდვილეში, ქვეყნისთვის არანაკლებ და უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე მასთან მჭიდროდ დაკავშირებული ისეთი ტენდენციები, როგორიცაა აჭარის ავტონომიასთან ურთიერთობათა ახალი მოდელის აგება და ხელისუფლების სუვერენობის განმტკიცება - რისი ერთ-ერთი გამოვლინებაც გახდა «თვითგამოცხადებულ გლდანის ეპარქიაში» საქართველოს კანონმდებლობის ძალისმიერი ამოქმედება.
    ამჟამად პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი ინსტიტუციური ურთიერთმოქმედების სისტემას აყალიბებენ. აქ მართლაც იკვეთება ძირითადი ტენდენცია, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია მკაფიოდ მიჯნავენ თავიანთ ფუნქციებს, უფლებამოსილებას და, რაც არანაკლებ საგულისხმოა, განსაზღვრავენ ურთიერთობათა სტილს.
    ეს უკანასკნელი კანონმდებლობით ყოველთვის ვერ განისაზღვრება, - თუ საერთოდ შესაძლებელია მისი ინსტიტუალიზება, ვინაიდან უკავშირდება ისეთ «არაკოდიფიცირებულ» ფაქტორებს, როგორიცაა პიროვნული ურთიერთდამოკიდებულება, არაფორმალურად შესათანხმებელ საკითხთა ნუსხა (კანონმდებლობა აქ ყველაფერს მართლაც ვერ დააზუსტებს) და მთლიანობაში ყველა ის თემა, რასაც კრებითად და პირობითად «სუბორდინაცია» ეწოდება.
    თუ გავითვალისწინებთ, რომ ზურაბ ჟვანია ნამდვილად არ არის «ტექნიკური პრემიერი» (მისი რუსი კოლეგისაგან განსხვავებით, რომელიც პუტინის სახელისუფლებო სისტემაში დაახლოებით იმავე ფუნქციას ასრულებს, რასაც პრეზიდენტის მაგიდაზე დამონტაჟებული კომპიუტერი), ცხადია, მძლავრი პოლიტიკური რესურსის მქონე პრემიერ-მინისტრის არსებობა, პრეზიდენტს ამ მიმართულებით თავისი სტრატეგიის დახვეწას აიძულებს.
    მიხეილ სააკაშვილისთვის ეს დისკურსი სავსებით რეალური და ანგარიშგასაწევია. იგი ნამდვილად განიხილავს იმ საკითხს, თუ კონსტიტუციით მის ხელთ არსებული ბერკეტებიდან რა დოზით და რომელი დატოვოს მთლიანად პრემიერის გამგებლობაში. მეორე მხრივ, გრძელვადიანია ურთიერთმოქმედების ამ სისტემაზე მუშაობს პრემიერ-მინისტრიც.
    თვით სისტემის კონტურები კი აშკარავდება ისეთი დეტალებით, თუ რა საკითხზე და რამდენად აქტიურ კომენტარებს აკეთებენ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, რომელ სფეროში რა ნიშნით და კომპეტენციით შეირჩევა კადრები და ასე შემდეგ.
    ერთ-ერთი მაგალითის სახით შეიძლება დავასახელოთ ეროვნული უშიშროების საბჭოში ლეონიდე ჟღენტის დანიშვნის ისტორია, რის შესახებ პრემიერმა განაცხადა (მიაქციეთ ყურადღება), რომ იგი «შორიდან ადევნებს თვალს ამ საკითხებს» - ბუნებრივია, რაკი, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ურთიერთმოქმედების ახლადწარმოშობილი (ფორმირების სტადიაში მყოფი) სისტემის შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭო მთლიანად პრეზიდენტის სუვერენული უფლებამოსილების მექანიზმია და პრემიერ-მინისტრს ამ საკითხებში ჩარევა არც ერთი თვალსაზრისით არ სურს.
    მაგრამ, როდესაც პრემიერ-მინისტრი აკეთებს კომენტარს (ვთქვათ) აჭარის პრობლემატიკაზე, - იგი შინაარსობრივად მთლიანად შეესაბამება პრეზიდენტის აქტიურ კურსს. ამით ხაზი ესმება, რომ როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ საკითხებში მთავრობა პრეზიდენტის პოლიტიკის უშუალოდ აღმასრულებელი იქნება და არანაირ «ავტონომიას» მინისტრთა კაბინეტი ამ სფეროში არ ითხოვს.
    დისკურსი საინტერესოა იმის გათვალისწინებით, რაც ხდებოდა რამდენიმე თვის წინ, როდესაც ბევრს საუბრობდნენ «ორი პოლიტიკური გუნდის მიდგომათა სხვაობაზე» ავტონომიური რესპუბლიკის პრობლემატიკის მიმართ.
    პრეზიდენტიც და პრემიერიც დღეს ცდილობენ, ხაზი გაუსვან, რომ არანაირი დისბალანსი აქ არ იქნება და ასლან აბაშიძეს ტყუილად აქვს იმედი (ასეთი ილუზია კი აშკარად ჰქონდა), რომ ითამაშებს «ინტერესთა კონფლიქტზე» სახელისუფლებო სისტემის შიგნით.
    ეს საკითხები ჩვენი პოლიტოლოგიისათვის (ისევე, როგორც საზოგადოებისათვის) გარკვეულწილად «უცხო ხილია», ვინაიდან საქართველოს ისტორიაში პირველად (დაწყებული 1990 წლიდან, - მით უმეტეს მანამდე) ყალიბდება იმგვარი სახელმწიფო მართვის მექანიზმი, რომელიც არ არის «ჩაკეტილი» ერთ პიროვნებაზე.
    არადა, თითქოს პარადოქსიცაა, ვინაიდან გავრცელებული სტერეოტიპით, ამჟამად არსებული საკონსტიტუციო მოდელი ფორმალურად უფრო მეტად გულისხმობს ძალაუფლების კონცენტრაციას უმაღლეს დონეზე, ვიდრე «ამერიკული სისტემა».
    სინამდვილეში კი, თუ მთავრობას რეალური «ავტონომია» ექნება, - მექანიზმი ბევრად უფრო ქმედითი გახდება, ვიდრე წინა სახელისუფლებო სისტემა, როდესაც პრეზიდენტის გარეშე აღმასრულებელი ხელისუფლება ვერაფერს აკეთებდა. უფრო ზუსტად, - პრეზიდენტის გარეშე იგი საერთოდ არ არსებობდა.
    ისევ და ისევ უფლებამოსილებათა რეალური გამიჯვნის კუთხით, საინტერესოა გასულ კვირას პრემიერის აქტიური მოქმედება, - მთავრობის გამსვლელი სხდომა წინანდალში, შეხვედრები რუსთავში, სადაც ზურაბ ჟვანიამ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა სამრეწველო კომპლექსის შემდგომი პრივატიზების, ინვესტორებთან ურთიერთობისა და რეგიონის განვითარების თვალსაზრისით.
    წინა ხელისუფლებაში ასეთ განცხადებებს მხოლოდ ედუარდ შევარდნაძე აკეთებდა. მაშასადამე, პრეზიდენტმა მთავრობას, ეკონომიკური და შიდა პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტისას ავტონომიურობის საკმაოდ მაღალი დონე დაუდასტურა. თავად კი სტრატეგიულ პრობლემებში ჩარევის უფლება დაიტოვა: ეროვნული უშიშროების საბჭო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და გენერალური პროკურატურა - ის სფეროები, რომელშიც პრეზიდენტი თავის პრეროგატივებს უშუალოდ განახორციელებს. იმავდროულად, მინისტრთა კაბინეტი, მთლიანობაში, მაინც «ზურაბ ჟვანიას კაბინეტია» და მის მიერ უშუალოდ იმართება.
    ამ თვალსაზრისს მთლიანად ადასტურებს გასული კვირის მთავარი სენსაცია: სალომე ზურაბიშვილის დანიშვნა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრად. ზოგიერთმა ანალიტიკოსმა ეს მიხეილ სააკაშვილის «სენტიმენტალობას» დაუკავშირა; არადა, თუ დავაკვირდებით, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებული სენტიმენტებით ნამდვილად არ გამოირჩევა. ზურაბ ჟვანიას კომენტარიც (კვლავ მივაქციოთ ყურადღება) ზემოთაღწერილი სახელისუფლებო ბალანსის შესაბამისი იყო.
    რასაკვირველია, სჯობდა, პრეზიდენტს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისთვის ჯერ მოქალაქეობა მიენიჭებინა და შემდეგ დაენიშნა მინისტრად, მაგრამ ასეთ შემთხვევაში დანიშვნა მოულოდნელი და პრეზიდენტის პრეროგატივის უეჭველად დამადასტურებელი ვეღარ იქნებოდა. თუმცა, ბევრმა შენიშნა, რომ წინანდალში, მთავრობის სხდომისას, საკითხი «პირდაპირი ხაზით» განიხილებოდა და ზურაბ ჟვანიამ სხდომაც კი დატოვა ტელეფონზე სასაუბროდ.
    და ბოლოს: პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ურთიერთმოქმედების სტაბილური (ყოველ შემთხვევაში, ორივე სუბიექტს იგი მხოლოდ ასეთად სურს) სისტემის ჩამოყალიბების კიდევ ერთი საინტერესო ასპექტია ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა მინისტრთა კაბინეტის მუშაობაში.
    მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა (ბუნებრივია) ეს სფერო თავად «დაიბევა», ზურაბ ჟვანია ნამდვილად არ მოითმენს თავის კაბინეტში «უთანასწორო» მინისტრს.
    მივაქციოთ ყურადღება თითქოსდა უმნიშვნელო დეტალს: ყბადაღებული «რუსული მოდელით» მინისტრები ორ კასტად იყოფიან: თავდაცვის, საგარეო საქმეთა, უშიშროების (რომლებიც არასდროს ესწრებიან პრემიერის მიერ ჩატარებულ სხდომებს) და ყველა დანარჩენნი. ზურაბ ჟვანიას კაბინეტის სხდომას კი «ძალოვანი მინისტრები» ყოველთვის ესწრებიან.
    შეძლებს და მოინდომებს კი საგარეო საქმეთა მინისტრი პრემიერთან და მთავრობასთან ერთად ტყე-ღრეში სიარულს, არხილოსკალოსა და სხვა სოფლების უბრალო მაცხოვრებლებთან შეხვედრებს, ფოთსა და ახალქალაქში გამართულ გამსვლელ სხდომებში ყოველკვირეულ მონაწილეობას?
    წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბათ, პრემიერის დემარში არ დააყოვენებს და მას, ალბათ დაეთანხმება პრეზიდენტი, ვინაიდან მათ უკვე ჩამოაყალიბეს «სუბორდინაციული ბალანსი», რომელიც ურთიერთობათა გარკვეულ ეთიკას და კოლეგიურობას მოიცავს.
    თემა კი, მთლიანობაში, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

24 საათი
    15 მარტი, ორშაბათი, 2004 წელი

მთელ გვერდზე