ზატულინს ჯეიჰანი და ბასრა ერთმანეთში ერევა

        ეგრეთ წოდებულ «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის» ინსტიტუტის დირექტორმა კონსტანტინე ზატულინმა ერაყში ამერიკის ინტერვენციასთან დაკავშირებით განაცხადა (აშკარა კმაყოფილება გამოხატა), რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატები ერაყს საბოლოოდ დაიპყრობს, ამით მსოფლიო ბაზარზე ნავთობი გაიაფდება და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენიც აღარ აშენდება.
        კონსტანტინე ზატულინი (ახლო წარსულში სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი და ჩვენთვის კარგად ცნობილი დიმიტრი როგოზინის თანაპარტიელი) თითქოს უჭკუო კაცი არ არის, მაგრამ სიძულვილით, ბოღმითა და იმპერიულ-შოვინისტური ამბიციით ზოგჯერ საოცარ სისულელეს იტყვის ხოლმე.
        აქვე უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ ჩლუნგი თვისების გამო, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა აბსოლუტურ უმრავლესობაში არ ჩაესვლება! ალბათ, სომხეთია ერთადერთი გამონაკლისი, თუ, რასაკვირველია, ლუკაშენკოს ბელორუსიას საერთოდ არ მივიღებთ მხედველობაში.
        უკრაინაში კონსტანტინე ზატულინი «პერსონა ნონ გრატად» არის გამოცხადებული, უამრავი პროვოკაციული და ანტიუკრაინული განცხადების გამო. ასევე საქართველოში (საეჭვოა, ზატულინმა თბილისში ჩამოსვლა გაბედოს), აზერბაიჯანსა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში (მარიონეტული ტაჯიკეთის გარდა) ისევე, როგორც მოლდოვაში.
        დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ინსტიტუტი ფორმალურად არასამთავრობო ორგანგიზაციაა, მაგრამ, ფაქტობრივად, რუსეთის სახელმწიფოს რანტით სულდგმულობს, ამაში ამერიკელებს ბაძავენ. თუმცა, ამერიკის ადმინისტრაციას აზრადაც არ მოუვა, არასამთავრობო ორგანიზაცია ჩინოსანთა საკრებულოდ აქციოს. საკმარისია ითქვას, რომ ზატულინის მოადგილედ განამწესეს რუსეთის ყოფილი ელჩი საქართველოში, ფელიქს სტანევსკი.
        იგი კვლავ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნომენკლატურად რჩება, ვინაიდან, სახელმწიფო სამსახურიდან არავის გაუთავისუფლებია _ დიპლომატის ხელფასსაც ყოველთვიურად იღებს. მაშასადამე, ზატულინის «ინტელექტუალურ ცენტრში» ანტიქართული პროგრამების კოორდინაცია დაევალა.
        რაც შეეხება ზატულინის სიხარულს, ნავთობზე ფასების დაცემისა და «დიდი ნავთობსადენი»ს ფინანსირების შეწყვეტის გამო, ასეთი სისულელე (ვიმეორებ) ნამდვილად გასაკვირია ამ ექსპერტ-პოლიტოლოგისაგან, რომელიც, თუმცა, მტრულ, პროვოკაციულ, ქართველოფობიით აღსავსე, მაგრამ ზოგჯერ მაინც კვალიფიციურ და საინტერესო პოლიტიკურ ანალიზს აქვეყნებს. ვერც ჟურნალისტურ (წერის) ნიჭს დაუწუნებ, მაგრამ ასეთი სიბრიყვე რამ ათქმევინა?
        ჯერ ერ თი, თუ მსოლფიო ბაზარზე ნავთობის ფასი 8-9 დოლარამდე დაეცა ერთი ბარელისათვის, ზატულინს (როგორც რუსეთის მოქალაქეს) კი არ უნდა უხაროდეს, თავში ქვას უნდა იცემდე,ს ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, რუსეთი უბრალოდ გაკოტრდება. მით უმეტეს, რომ 2003-2004 წლებში მან ლონდონისა და პარიზის კლუბებში ნაკისრი ვალდებულებით, საგარეო ვალის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გადაიხადოს. ხელფასებისა და პენსიების გასტუმრება შეუძლებელი გახდება ისევე, როგორც ჩეჩნეთის ომის დაფინანსება.
        მაშასადამე, რუსეთი დაბრუნდება ელცინის ეპოქაში (1994-97 წლებში), რშოდესაც ამ ქვეყანაში უმწვავესი კრიზისი მძვინვარებდა – მაშინ მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელი ნავთობი სწორედ 8-9 დოლარი ღირდა.
        რუსეთი იმ ვითარებას კინაღამ გადაჰყვა, როგორც სახელმწიფო და მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა შვებით (შედარებით)9 როცა ბარელი ნავთობის ფასმა 18 დოლარამდე მოიმატა.
        ამჟამადკი, «არალ»-ის კლასის ნავთობი (ანუ რუსული ნავთობი)9 მისი ხარისხის გათვალისწინებით, 24-26 დოლარი ღირს.
        მაგრამ დავუშვთ,ეროყში ვითრებისსტაბილიზებასთან ერთად, ბენზინზე ფასები მართლაც დაეცა, სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტზე ეს ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს, ვინაიდან, «დიდი ნავთობსადენი», უპირველეს ყოვლისა, გეოპოლიტიკური პროექტია და არა ეკონომიკური.
        ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს უჭერს ნავთობის წყაროთა მაქსიმალურ დივერსიფიცირებას, რათა საწვავი ერთდროულად რაც შეიძლება მეტი წყაროდან მიეწოდებოდეს დასავლეთს. თუ ერთ რომელიმე რეგიონში ვითარება გამწვავდა, ნავთობის მიწოდება შეწყდა, ეს დასავლეთში კატასტროფას ვერ გაომიწვევს.
        ისიც უმძიმესი ექსპერტული შეცდომაა (ზატულინის მხრიდან), თითქოს, ერაყის დემოკრატიზაციის შემდეგ ახალი არაბული ხელისუფლება ნავთობის ფასს ამერიკელ გენერლებს შეუთანხმებს და არა ოპეკს.

დილის გაზეთი, 24 მარტი, 2003 წელი

მთელ გვერდზე