ოლიგარქის ბედი რუსეთსა და საქართველოში

        მთელი მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები, ლამის ნომერ პირველ ნიუსად მიიჩნევენ ცნობას რუსეთის უმდიდრესი ადამიანის _ მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრების შესახებ. იმთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ მილიონერებისა და მილიარდერების დაპატიმრება დასავლეთისათვის უცხო ხილი სულაც არ არის, ანუ განცვიფრება და აღშფოთება ამით როდია გამოწვეული.

        ხოდორკოვსკი არა მხოლოდ რუსი ოლიგარქია, არამედ ერთობ ნიშანდობლივი ფიგურაცაა. მისი ბიზნესი, რომელმაც საბოლოოდ ეს ახალგაზრდა (40-ოდე წლის) კაცი რუსეთის უმდიდრეს მოღვაწედ აქცია, არათუ ელცინის, არამედ გორბაჩოვის ეპოქაში იღებს სათავეს. მისი ფიგურა რუსეთის ლიბერალური არჩევანისა და საბაზრო ეკონომიკის შეუქცევადობის სიმბოლოდ აღიქმებოდა ბევრად უფრო მეტად, ვიდრე გუსინგსკისა და, თუნდაც, ბერეზოვსკის მოღვაწეობა. ამიტომაც, დასავლეთში ხოდორკოვსკისთან და მის სანავთობო იმპერიასთან დაკავშირებული ამბები ორივე ხსენებული «რუსული არჩევანის» რევიზიად მიიჩნევა. სწორედ ამიტომ იწვევს ეს საქმე ასეთ ინტერესს, თორემ მილიონერებსა და, თუნდაც, მილიარდერებს რა დალევს ამერიკისა თუ ევროპის ციხეებში?
        მიხეილ ხოდორკოვსკის დაპატიმრებას სულ სხვა ელფერი ეძლევა: «კრემლმა ძველი კლანჭები გამოაჩინა», «სპეცსამსახურები კონტრშეტევაზე გადადიან», «პრივატიზაციის შედეგები ეჭვქვეშ დგება» და ასე შემდეგ. ყველა ეს შეფასება, ფორმალურად, აბსოლუტურად სამართლიანია. არ არის სწორი მხოლოდ მოტივი, რომელსაც ამ შემთხვევაში კრემლს მიაწერენ:. ვლადიმირ პუტინმა, ორშაბათს გაკეთებული განცხადებით, დაადასტურა, რომ პრივატიზების შედეგთა რევიზია გამორიცხულია, ხოლო ხოდორკოვსკის საქმე მხოლოდი იურიდიულ (არა პოლიტიკურ) ჭრილში უნდა განიხილებოდეს. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერავის აიძულებდნენ გადაეხადა გადასახადი. რასაკვირველია, პუტინი აქ მთავარში ეშმაკობს: თვით რუსული სახელმწიფოს ტრადიციული ბუნებიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდეს ფინანსური ოლიგარქია, რათა იგი პოლიტიკურ ძალაუფლებაში არ შეედავოს. ამით აიხსნება სწორედ პუტინის (მისი სახით კი რუსული სახელმწიფოს( ომი ყველა რუსი ოლიგარქის წინააღმდგე, რომელთაგან ბევრი გაიქცა, ან ემზადება გასაქცევად. საგულისხმოა, რომ, ჯერ კიდევ, ხოდორკოვსკის დაპატიმრებამდე, არანაკლებ მდიდარმა ნავთობმაგნატმა რომან აბრამოვიჩმა გაყიდა «სიბნეფტის» აქციები და ლონდონის საფეხბურთო კლუბი «ჩელსი» შეიძინა, რითაც უეჭველად იმზადებს სათადარიგო «პარაშუტს» დასავლეთში გასაქცევად.
        ბოლოს და ბოლოს, რად ღირს თუნდაც ის ფაქტი, რომ 8 მილიარდი დოლარის ქონების პატრონს )ეს მხოლოდ პირად აქტივებს თუ ჩავთვლით) რუსეთის პროკურატურა 2 მილიონი დოლარის (!) გადასახადის დაფარვაში ადანაშაულებს და ესეც საეჭვოა. თუმცა, კვლავ და კვლავ უნდა აღინიშნოს მთავარი მიზეზი მთელი ამ «ანტიოლოიგარქიული კამპანიისა»: თვით რუსეთის სახელმწიფოს ბუნებიდან გამომდინარე, იგი არ შეიძლება არ იყოს ავტორიტარული, ანუ არ შეიძლება არ ეყრდნობოდეს ძალისმიერ სტრუქტურებსა და შესაბამის სისტემას. ავტორიტარიზმი კატეგორიულად ვერ შეეგუება ოლიგარქიის ჩამოყლაიბებას, მით უმეტეს, მის ჩართვას პოლიტიკაში.
        ბუნებრივად იბადება კითხვ,ა რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში, არსებობს თუ არა რაიმე მიმართება ავტორიტარულ და ოლიგარქიულ სისტემებს შორის და რამდენად ჩამოყალიბდა, საეროთდ, თითოეული მათგანი ჩვენს სინამდვილეშიჰ ვიდრე ამ კითხვაზე მოკლე პასუხს გავცემდეთ, უნდა ითქვას, რომ, თავისთავად, ოლიგარქიას აპრიორი ნეგატიური მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. რასაკვირველია, დემოკრატიულ ქვეყანაში იარსებებს ფინანსური ელიტა, რომლეიც, რაღა თქმა უნდა, შეეცდება გავლენა იქონიოს ხელისუფლებაზე პირდაპირ (უშუალოდ სახელისუფლებო სტრუქტურებში ინკორპორირებით) თუ ირიბად, პოლიტიკური პარტიების და მედიის მეშვოებით. თუ მხოლდ ამას მივიჩნევთ ოლიგარქიის ნიშნად, მაშინ ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა ოლიგარქიულია (ძირძველი დემოკრატიებიც კი), ვინაიდან ყველგან არსებობს ელიტა, რომლეიც მტკიცედ მართავს სტრატეგიულ პროცესებს.
        «ოლიგარქიის» ნეგრატიურ არსს განვითარებული დემოკრატიები მაშინ ხედავენ, როდესაც ოლიგარქიული დაჯგუფება ცდილობს სამოქალაქო საზოგადოების სრულ მონოპოლიზირებას, სამოქალაქო თავისუფლებათა და დემოკრატიის საფუძველთა ხელყოფას და პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრების მონოპოლიზებას, თავისუფალი არჩევანის უზენაესი მოთხოვნის ეჭვქვეშ დაყენებას.
        ამ მხრივ, საქართვლეოს სერიოზული საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება: ქართული ოლიგარქია, მის წევრთა კაპიტალის წარმოშობის სხვადასხვაობისა და კიდევ რამდენიმე ფაქტორის გამო (უცხოურ წყაროებზე დამოკიდებულება, საქმიანობის კორპორატიული შეუთავსებლობა, ინტერესთა პიროვნული და კორპორატიული კონფლიქტები, რასაც დიდოსტატურად აღვივებს ხელისუფალი და სხვა), იმდენად დაქუცმაცებული, შინაგანი წინააღმდეგობებით აღსავსე და სუსტია, რომ მთლიანობაში არავითარ საფრთხეს საქართვლეოში სამოქალაქო საზოგადოების არსებობა-განვითარებას ვერ უქმნის. პირიქით, ქართული ოლიგარქია, სწორედ მისი «დივერსიფიცირებულობიტს» გამო, ხელსაც კი უწყობს სამოქალაქო საზოგაოების განმტკიცებას მუდმივი კონკურენციით მედია-ბაზარზე, ანტაგონისტური პოლიტიკური პარტიების დაფინანსებით, რაც ერთობლიობაში ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების უმთავრესი თვისების, მისი პლიურალისტურობის გაძლიერებას და აფართოებს არჩევნების შესაძლებლობას პიროვნებისათვის ამ «მრავალფეროვან» სივრცეზე. მეორე მხრივ, რუსეთისაგან განსხვავებით, საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური ამბიციები არა აქვს, ამიტომ ხელისუფლებაც ადვილად შეურიგდება სამოქალაქო სივრცის გამრავლაფეროვნებას ოლიგარქიული ჯგუფების კონკურენციის შედეგად. სინამდვილეში, ბერეზოვსკისა და გუსინსკის ურთიერთმოქიშპე მედია-იმპერიების არსბეობა მხოლოდ ხელს უწყობდა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას რუსეთში, რადგან მათი კონკურენცია ობიექტური და შეჯერებული ინფორმაციის მიღების მეტ საშუალებას აძლევდა მოქალაქეს, ვიდრე დღევანდელი მედია-სივრცე, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად კრემლი და მისი სპეცსამსახურები აკონტროლებენ.
        პუტინის «ანტიოლოიგარქიული ომის» შედეგად, საქართველომ შეიძლება კიდეც მოიგოს თუნდაც იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში დასახლდა და სერიოზული კაპიტალიც დააბანდა ბადრი პატარკაციშვილმა, რომელიც ქართველ კოლეგებთან შედარებით «გულივერად» გამოიყურება თავისი შესაძლებლობებით და ისევე, როგორც გულივერი მის პატარა თანგამოქალაქეებს, შეუძლია დაეხმაროს მათ საერთო ინტერესების განხორციელებაში, სამოქალაქო სივრცის შედმგომ დივერსიფიცირებასა და ალტერნატივათა გაძლიერებაში. ამ აზრით, რაც უფრო მეტი ოლიგარქი, რაც უფრო მეტი კონკურენტული ინტერესი იარსებებს ქვეყანაში, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისათვის. ისინი ერთმანეთს გააწონასწორებენ და შეავსებენ. შესაბამისად, მძლავრ საფუძველსაც შექმნიან სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის.¹ ოღონდ, მთავარია, თვით სამოქალაქო საზოგადოებას აღმოაჩნდეს ნება და გამჭრიახობა, რათა არ დაუშვას ფინანსურ-პოლიტიკური ჯგუფების ანტისამოქალაქო კონსოლიდაცია (ანუ ნამდვილი ოლიგარქიის ჩამოყალიბება ამ ცნების უკვე ნეგატიური აზრით) და მტკიცედ აკონტროლოს ელიტა მძლავრი და სტაბილური დემოკრატიული ინსტიტუტების მეშვოებით. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, გზასაყარზე ვიმყოფებით, თუმცა მთლიანობაში, რუსეთზე არანაკლები (თუ მეტი არა) შანსი გვაქვს, ელიტა სამოქალაქო კონტროლს დავუქვემდებაროთ და ნამდვილი დემოკრატიის წინაპირობები შევქმნათ.

დილის გაზეთი, 28 ოქტომბერი, 2003 წელი

მთელ გვერდზე