საქართველოში «ხმაურიანი მოლოდინის სეზონი» იწყება

        არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური ცხოვრება თითქოს უნდა გააქტიურდეს (ასე ხდება ყველა ქვეყანაში), მაგრამ საქართველო ამ თვალსაზრისითაც უნიკალურია. რა თქმა უნდა, პრესკონფერენციების, დემარშების, გაწევ-გამოწევისა თუ «მრისხანე ინიციატივების» ნაკლებობა არც ამჟამადაა – პარლამენტში ერთდროულად აგროვებენ ხელმოწერებს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის, სახელმწიფო მინისტრისა და პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით, მაგრამ არავითარი რეალური შედეგი ამ კაკაფონიას არ მოჰყვება, ვინაიდან იმპიჩმენტის ინსტიტუტი საქართველოს კონსტიტუციით პოლიტიკური თამაშებისთვის, საბედნიეროდ, განსაზღვრული არ არის.

        რა თქმა უნდა, «იმპიჩმენტი», შეიძლება, პოლიტიკური მიზნით გამოიყენონ და იურიდიულად ეს სავსებით გამართლებული იყოს, მაგრამ, დავით მირცხულავას შემთხვევაში, «უშუქობის» გამო მინისტრის იმპიჩმენტი შეუძლებელია. მირცხულავასადმი მძვინვარე გრძნობების მატერიალიზება ვერ მოხერხდება, ვინაიდან სათბობ-ენერგეტიკის მინისტრს კონსტიტუციასთან უშუალო შეხება არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. გარდა ამისა, ამჟამინდელი ანტიმირცხულავისტური ტალღის მიუხედავად, ისიც საფიქრალია, რომ უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში შუქის პრობლემა ნაწილობრივ მიანც შემსუბუქდება, ვინაიდან გაზაფხული თავისას იზამს და ჰიდროელექტროსადგურთა წყალსაცავები შეივსება, შესაბამისად, გაიზრდება გენერაციაც.
        პარლამენტში სახელმწიფო მინისტრის იმპიჩმენტიც მოითხოვეს. დავით მირცხულავასაგან განსხვავებით, ყოფილი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მიმართ იმპიჩმენტის «მოთხოვნილება» უფრო ღრმა პოლიტიკური განზრახულებაა. ეს იმ პროექტთა გამოხატულებაა, რომლეიც უკავშირდება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების ურთიერთობას.
        საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, ძალზე საეჭვოა, პრეზიდენტმა ან, რაც უნდა პარადოქსული იყოს, თვით პარლამენტმა, რაიმე ძალიან მკვეთრი ნაბიჯი გადადგან. ყოველ შემთხვევაში, რაღაც ძალიან მაშსტაბური უნდა მოხდეს უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში, ვიდრე საპარლამენტო ჯგუფები შეთანხმდებიან საარჩევნო კოდექსზე, ამ პროცესში კი «იმპიჩმენტების» მოთხოვნილება მეორე პლანზე გადაინაცვლებს...
        რამდენად რეალურია, პრეზიდენტმა გადააყენოს მთავრობა, რათა გამართოს მოლაპარაკება საპარლამენტო ძალებთანსრულიად ახალი კონფიგურაციისა და სახელისუფლებო მიმართებათა შესაქმნელად? ეს ძალიან ძნელი წარმოსადგენია. ამდენად, «მკვდარი სეზონი» (რეალური პოლიტიკური ცვლილებების უარყოფა) შემოდგომის დასაწყისამდე მაინც გაგრძელდება, ოლო ყველა პოლიტიკური დეკლარაცია (იმავე იმპიჩმენტის მოთხოვნა) წინასაარჩევნო დემარშის მნიშვნელობას არ გასცდება.
        პრეზიდენტი ამჟამად არ დაეთანხმება (კვლავ და კვლავ, თუ ძალზე განსაკუთრებული და გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდა) აღმასრულებელი ხელისუფლების არც «რბილ» და არც «ღრმა» რეფორმირებას.
        უპირველესად, გამოირიცხება «მინისტრთა კაბინეტი» (რეფორმის «ღრმა» ვარიანტი), რადგან პოლიტიკური ძალები მოუთმენლად ელიან მომავალ არჩევნებს – 2003 წლის ოქტომბერში პირველად 1995 წლის შემდეგ მოხდება პოლიტიკური ჯგუფების საბოლოო გამიჯვნა და მათი მკაცრი რანგირება, როგორც რეალური გავლენის, წონის, ასევე, მსოფლმხედველობრივ-იდეოლოგიური დოქტრინისა და ყბადაღებული «ორიენტაციის» შესაბამისად.
        ერთდროულად რამდენიმე ჯგუფია დარწმუნებული, რომ მომავალ არჩევნებში თვითონ გაიმარჯვებს. ეს კიდევ არაფერი – ისინი დარწმუნებულნი არიან (გაუგებარია, რის საფუძველზე) იმაშიც, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აღმასრულებელ ხელისუფლებაში წარმომადგენლებს ლამის «ავტომატურად» წარგზავნიან. ამიტომ საპარლამენტო არჩევნებამდე ისინი «მინისტრთა კაბინეტის» ან მთავრობის სრული შემადგენლობითგადადგომას და ახალი სახელმწიფო მინისტრის დანიშვნას (რეფორმის «რბილი» ვარიანტი) თუნდაც იმიტომ არ შეურიგდებიან, რომ დღევანდელ კონფიგურაციაში ახალი მთავრობა (ან კაბინეტი) შეიძლება მხოლოდ კოალიციური იყოს. აქედან გამომდინარე, «ხმაურიანი მოლოდინის სეზონი» საპარლამენტო არჩევნებამდე გაგრძელდება.

დილის გაზეთი, 28 მარტი, 2003 წელი

მთელ გვერდზე