თბილისობის მიზეზი

        არჩევნებამდე ერთ კვირაზე ოდნავ მეტი დარჩა და, ბუნებრივია, ყოველი მოვლენა «წინასაარჩევნო» ელფერს იძენს, მით უმეტეს, რომ ბევრი ამ მოვლენათაგანი და მრავალი ღონისძიება აშკარად, მართლაც, არჩევნებზე შესაბამისი განწყობის შექმნას ისახავს მიზნად. მაგალითად, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე (შაბათს, 1 ნოემბერს) საქართველოს დედაქალაქში ტრადიციული «თბილისობა» გაიმართება. აქვე, აღსანიშნავია, რომ ეს ღონისძიება ყოველთვის ორდღიანია ანუ 1 ნოემბერს დაწყებული «ზეიმი» მეორე დღესაც გაგრძელდება და ჰარმონიულად გადავა საარჩევნო პროცესებში.
        თუ გავიხსენებთ «თბილისობის» უკვე ჩამოყალიბებულ ფორმატსა და პროგრამას (მისი უცვლელი «დრაფტი» მხოლოდ სპეციფიკური პუნქტებით ივსება ყოველწლიურად) ადვილი განსასაზღვრია, როგორ წარიმართება არჩევნები მიმდინარე წელს: რესპუბლიკის მოედანზე, სპორტის სასახლესთან, რიყეზე და სხვა ხალხმრავალ ადგილას გაჩერდებიან კარტოფილით, ხახვით, კომბოსტოთი სავსე დიდი ავტომანქანები, რომლებიც (როგორც უწინ ამბობდნენ) ჩამოიტანენ «სოფლის ნობათს», დაიწყება ქუჩებში მწვადის წვა, ღვინის სმა და ჩურჩხელების ტრიალი. ნურავის ეგონება, თითქოს, მოსახლეობისთვის (არადა, თბილისის მოსახლეობა, «საამორმჩევლო თვალსაზრისით», გადამწყვეტ სიტყვას აბმობს ყოველთვის) ამას არანაირი დატვირთვა არა აქვს. ძალიან ბევრი (ასეულობით ათასი) ოჯახი თბილისში ზამთრის მარაგს იძენს სწორედ თბილისობის დღესასწაულზე. მათთვის 5-10 თეთრის განსხვავებას სურსათის ფასში სერიოზული მნიშვნელობა აქვს.
        გარდა ამისა, თბილისობის დღესასწაულზე ტრადიციულია კონცერტები, გამოფენები და მრავალი ისეთი ღონისძიება, რაც საშუალებას ქმნის, ჩვენი გასაცოდავებული და მშიერი ინტელიგენციის (განსაკუთრებით, მისი «შემოქმედებითი ნაწილის») დაპურებისა. ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე, ტრადიციულად, რადგან ეს ფენა საქართველოში, გარკვეულწილად, მართლაც «ქმნის» ამინდს. მაშასადამე, მთელი ეს «თბილისობა» მრავალგზის ხსენებული «ადმინისტრაციული» რესურსის გამოყენებაა, თუმცა, არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების სხვა მეთოდებისაგან განსხვავებით, ამ რესურსს ოპოზიცია ბევრს ვერაფერს დაუპირისპირებს, ვინაიდან არაფერი უკანონო ამაში არ არის და უკლებლივ ყველა ქვეყანაში (ამერიკაშიც კი) ხელისუფლება «დაუსჯელად» მიმართავს ამგვარ მეთოდებს. ვერავინ დაუშლის, მაგალითად, ჯორჯ ბუშს, სწორედ არჩევნების წინ გამართოს რაიმე ვიზიტი ან «თეთრი სახლის» პრეროგატივად მიჩნეული ღონისძიება მოაწყოს სწორედ იმ დროს, როდესაც გადამწყვეტ ზღვარს უახლოვდება საპრეზიდენტო თუ კონგრესის არჩევნები.
        სინამდვილეში, ასეთი მეთოდები ბევრად მეტ ზეგავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე, ვიდრე «ბიულეტენების ჩაყრა». ამიტომ, დასავლეთში ამ მეთოდებს «ზეგავლენის ლეგალურ ფორმად» მიიჩნევენ, მაგრამ თავად აღიარებენ, რომ ამ ხერხებს ბევრს ვერაფერს დაუპირისპირებენ. მართლაც, ხომ არ შეიძლება პრეზიდენტს აუკრძალო, ვიზიტი მაშინ გამართოს, როდესაც საჭიროდ მიიჩნევს? ან მაშინ მოაწეროს ხელი ამა თუ იმ ბრძანებულებას, ოდესაც მაქსიმალურად ხელსაყრელი იქნება. თუ ეს რესურსი ხელისუფლების წარმატებისათვის საკმარისია, მაშინ მოსახლეობის ოპოზიციური განწყობა გადაჭარბებულად უნდა ჩაითვალოს. აქ გასათვალისწინებელია, რომ ელექტორატში ყოველთვის არსებობს ფენა, რომელიც მუდამ ხელისუფლებას (ანუ არსებული ვითარების შენარჩუნებას და საკუთარი მდგომარეობის სტაბილურობას) აძლევს ხმას. ეს ფენა საქართვლეოში არც ისე მცირერიცხოვანია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. უბრალოდ, ეს ფენა, ტრადიციულად, არ ამჟღავნებს თავის დამოკიდებულებას ღიად, რაკი ხელისთუფლებისა და არსებული მდგომარეობის შენარჩუნება «არამოდურია». სწორედ ამით აიხსნება ის «უცნაურობა», რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, ხელისუფლების მხარდამჭერთა რიცხვი მიანც 20 პროცენტს უახლოვდება, თითქმის, ყველა რეგიონში, თანაც არა მხოლოდ ეროვნულ უმცირესობათა შორის, რომლებიც ყველა ქვეყანაში ყოველთვის ხელისუფლებას უჭერენ მხარს.

დილის გაზეთი, 25 ოქტომბერი, 2003 წელი

მთელ გვერდზე