სავალუტო ფონდი გამოსაცდელ ვადას გვაძლევს

        ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადეს, რომ მინისტრი მირიან გოგიაშვილი მაისის დასაწყისში ვაშინგტონს უნდა სწვეოდა, რათა სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან გაემართა მოლაპარაკება «სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამით» გათვალისწინებული მორიგი ტრანშის გამოყოფის თაობაზე. უკანასკნელმა მისიამ, როგორც ცნობილია, ეს საკითხი ღიად დატოვა. საერთოდ, ეს მისია, სარწმუნო წყაროთა ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო.

        საქართველომ «სისტემური ტრანსფორმაციის» საკმაოდ რთული გზა განვლო უკანასკნელი 4-5 წლის განმავლობაში, მაგრამ მიმდინარე პროგრამა ისეთ ინსტიტუციებს ეხება, რომელთა ტრანსფორმაცია მთლიანად ლიბერალური რეფორმის დასრულება იქნებოდა, რის შემდეგაც შეგვეძლება ვთქვათ, რომ საქართველო, სისტემური თვალსაზრისით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების განვითარების «ქვედა ზღვარს» მიუახლოვდა.
        ამდენად, «თბილისის მისია ვაშინგტონში» მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა – სავალუტო ფონდი, «სტენდბაის» პროგრამებისაგან განსხვავებით, «ეკონომიკურიზრდის» პროგრამებს განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს.
        მაგრამ მოულოდნელად გაცხადდა, რომ ფინანსთა სამინისტროს დელეგაცია ამერიკაში არ გაემგზავრება. როგორც ჩანს, მიმდინარე წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მიანც არსებობს სერიოზული პრობლემები, ხოლო ზოგადად, მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, ფონდთან ურთიერთობა მართლაც ძალიან რთულად ვითარდება. ფონდი, ჯერჯერობით, არ აპირებს, ხსენებული ტრანში გამოყოს. ყოველ შემთხვევაში, როგორც მთავრობის აპარატიდან გვაცნობეს, ივლისის შუა ხანებამდე (ან ივნისის ბოლომდე, უკეთეს შემთხვევაში) საქართველოს საკითხი არც იქნება გატანილი დირექტორთა საბჭოს სხდომაზე.
        ამრიგად მიმდინარე პროცესებზე ფონდის ექსპერტთა ინფორმირებისათვის ამერიკაში წასვლას აზრი არა აქვს. სავალუტო ფონდის მისია მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში ჩამოვა საქართვლეოში და მაშინ ნამდვილად ძალიან სერიოზული საუბარი შედგება იმ პრობლემბეზე, რაც ჯერ კიდევ შარშან, წლის ბოლოს წარმოიშვა ფონდის მისიის სტუმრობისას. ეს პრობლემები არ ამოიწურება მოლოდ ბიუჯეტის შესრულება-არშესრულებით. მიმდინარე წლის ბიუჯეტი, საშემოსავლო თვალსაზრისით, პირველ კვარტალში ნამდვილად შესრულდა. ყოველ შემთხვევაში, სავალუტო ფონდის პარამეტრი დაცულია. მაგრამ სავალუტო ფონდს მაიც ეჭვი ეპარება არა მხოლოდ ბიუჯეტის რეალურობაში, არამედ თვით ბიუჯეტის სტრუქტურის სიმყარეში. ფონდის ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ წლის მასშტაბით მთავრობამ მაინც არარეალური ვალდებულებები იკისრა, ხოლო პირველი კვარტალი შედარებით იოლი შესასრულებელი იყო. გარდა ამისა, შემოსავლების და ხარჯების ბალანსიც, ფონდის აზრით, სერიოზულ საშიშროებას ქმნის, რომ წლის მეორე ნახევარში აუცილებელიგახდება სეკვესტრის განხორციელება.
        ეს გარემოება ნამდვილად საოცარია, ვინაიდან შარშან ფონდს განსაკუთრებული პრეტენზია 2003 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილთან დაკაშვირებით არ გამოუთქვამს. მაშასადამე, მათ ან საქართველოს ეკონომიკაში შენიშნეს რაღაც შემაშფოთებელი ტენდენციები, ან მსოფლიო ეკონომიკის გავლენა აღელვებთ ან პირველი კვარტალის ბიუჯეტის შესრულება არ მიაჩნიათ საკმარის გარანტიად, როდესაც კონტრაბანდასთან და ფალსიფიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავაც გადაუჭრელია.
        გარდა ამისა, მისია სხვა სერიოზულ სირთულეებსაც ხედავს, უშუალოდ ბიუჯეტის შესრულების გარდა. უპირველესად, ფონდი კატეგორიულად მოითხოვს, გაუქმდეს გადაწყვეტილება ელექტროენერგიაზე ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით და აღდგეს ძველი ტარიფი. მათ ვერ ამშვიდებთ ის გარემოება, რომ რეალურად ტარიფი არ შემცირებულა და მოსახლეობა ისევ ძველი ტარიფით იხდის. ეს მათთვის არასაკმარისია, ისევე, როგორც არასაკმარისი იყო წმინდად «ქართული» არგუმენტი ფერადი ლითონის გატანის აკრძალვასთან დაკავშირებით: «მართალია პარლამენტმა მიიღო ასეით გადაწყვეტილება, მაგრამ რას ღელავთ – ჩვენ მიანც არ შევასრულებთო». გარდა ამისა, ფონდი კვლავინდებურად დაჟინებით მოითხოვს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ენერგოკომპანიათა ჩამოყალიბებას, რათა ეს ენერგოკომპანიები უფრო მომხიბვლელი გახდეს ინვესტორთათვის და მოხერხდეს პრივატიზება.
        ყველაზე რთული პრობლემა იქნება აჭარიდან თბილისში გადმოსარიცხი თანხის საკითხი.ფ ონდი ამ თემას ჩაუღრმავდა და აქ პოლიტიკური პრობლემები გარდაუვალია, ვინაიდან ჯერჯერობით არ ჩანს, როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაწყვეტა, როდესაც ავტონომია არ აპირებს პოზიციის შეცვლას, ხოლო თბილისურ ისტებლიშმენტს (არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ მთლიანად, პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ კლასს, ოპოზიციის ჩათვლით არჩევნების წინ საკითხის გამწვავება არ სურს.

დილის გაზეთი, 11 აპრილი 2003 წელი

მთელ გვერდზე