საარჩევნო-საპრეზიდენტო «სპრინტი»

        როგორც მოსალოდნელი იყო, 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები კანდიდატთა ნაკლებობას არ განიცდის. 15-მა ადამიანმა, ვინც განაცხადი შეიტანა (ან, როგორც იგორ გიორგაძის შემთხვევაში, ვისი სახელითაც შეიტანეს განაცხადი) კიდევ 10 დღის განმავლობაში უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილადშეესაბამება კანდიდატის ფორმალურ მოთხოვნებს და შეძლო 50 ათასი ხელმოწერის შეგროვება. რასაკვირველია, 15 კანდიდატიდან (ალბათ, მათ უფრო სწორი იქნება ჯერ «მაძიებელი» ვუწოდოთ)9 მხოლოდ ორი-სამი თუ შეძლებს 50 ათასი ხელმოწერის შეგროვებას.

        დანარჩენებისათივს ეს, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, მეასეხარისხოვანი საკითხია. ისინი ამით არც კიშეიწუხებენ თავს, რაკი სინამდვილეში არ აპირებენ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას _ მათი მიზანია მხოლოდ თავიანთი არსებობის დაფიქსირება ან რაღაც იმგვარი ვნების დაკმაყოფილება, რომელიც ადამიანს აიძულებს, ნემსები გადაყლაპოს, რათა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდეს. ხსენებული სიდრომი საქართველოში 1991 წლიდან შეინიშნება, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. მას შემდეგ იყო მსოფლიო ისტორიაში უნიკალური საპარლამენტო არჩევნები (1992 წელს, ეგრეთ წოდებული, «პრეფერენციებით»), როდესაც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოხვდა, ფაქტობრივად, ყველა, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა, თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნები ამ მხრივ ყველაზე მეტად ნიშანდობლივია. 1995 წლიდან დღემდე, ორივე საპრეზიდენტო არჩევნების დროს იქმნებოდა ერთი და იგივე ვითარება, როდესაც 5-6 ანეკდოტურ პერსონაჟთან ერთად, კენჭს იყრიდა ედუარდ შევარდნაძის მხოლოდ ერთი რეალური კონკურენტი – ჯუმბერ პატიაშვილი. სხვები კი იმ მოტივებით მონაწილეობდნენ, რასაც არჩევნებთან და პოლიტიკასთან, სინამდვილეში, არაფერი ჰქონდათ საერთო.
        ამჟამად, მიხეილ სააკაშვილის გარდა, საპრეზიდენტო «ჯახში» მონაწილეობას მხოლოდ ერთი რეალური კანდიდატი აპირებს _ იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი. როგორც ჩანს, სწორედ მასთან მიმდინარეობდა მთელი ამ დღეების განმავლობაში ინტენსიური კონსულტაციები საზოგადოების იმ ნაწილის მიერ, რომელიც უნივერსიტეტის გარშემო ცდილობდა კონსოლიდაციას. თუმცა, ჯერჯერობით, ნაკლები წარმატებით. ალბათ, ეს პროექტი საბოლოოდ ჩაიშლება, რადგან რევოლუციებს იმისათვის არ აწყობენ, რათა შემდეგ ხელისუფლება ადვილად ჩააბარონ სხვას, თუნდაც «ლეგიტიმური გზით». მიუხედავად ამისა, თემურ შაშიაშვილი მაინც კონკურენტია და სხვა ანეკდოტურ ფიგურებთან საერთო არაფერი აქვს.
        საპრეზიდენტო სპრინცის ფავორიტი კი, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილია. მასზე მუშაობს როგორც რევოლუციის მთავარი ორგანიზატორის იმიჯი, ასევე აწ უკვე ის «ადმინისტრაციული რესურსი», რაცმთელი ამ წლების განმავლობაში, ყველა არჩევნების დროს, გადამწყვეტი ფაქტორი იყო. მაშასადამე, 25 იანვარს (სოაცარი დამთხვევით, ედუარდ შევარდნაძის დაბადების დღეს) სწორედ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია შედგება პარლამენტის შენობის წინ, ტრადიციულ ადგილას.
        ბუნებრივად გაჩნდა კითხვა – ხომ არ არის ეს დამთხვევა ისეთივე სიმბოლური მოვლენა, როგორც პრეზიდენტის «ჩაის შესმა»? მაგრამ ამ შემთხვევაში, ალბათ, მაინც უფრო შემთხვევითობასთან გვაქვს საქმე, რადგან კონსტიტუცია მკაცრად განსაზღვრავს, თუ საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენი დღის შემდეგ უნდა დადოს ფიცი ქვეყნის პრეზიდენტმა ერისა და ქვეყნის წინაშე. აქ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, იქნება თუ არა აუცილებელი მეორე ტური. რომციყოს აუცილებელი, 25 იანვარს კონსტიტუციის მოთხოვნა მაინც უნდა აღსრულდეს.
        რაც შეეხება იგორ გიორგაძეს, მისი ამჟამინდელი «მიეთ-მოეთი», რამდენ რუსულ არხზეც არ უნდა გამოჩნდეს, მაინცსრულიად ფუჭია. ჯერ ერთი,ცენტრალური საარჩევნო კომისია მას რეგისტრაციაში არ გაატარებს, რადგან ბოლო 5 წლის განმალვობაში საქართველოს ტერიტორიაზე არ უცხოვრია, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, იგორ გიორგაძეს დღევანდელ საზოგადოებრივ ატმოსფეროში არავითარი შანსი არა აქვს, მოიპოვოს ამომრჩევლის მხარდაჭერა. ესე იგი, ისევ და ისევ, საქართველოს მესამე (მეოთხე) პრეზიდენტის საკითხი გადაწყვეტილია და ნაკლებად სავარაუდოა, 4 იანვარს რაიმე მოულოდნელობა მოხდეს.

დილის გაზეთი, 3 დეკემბერი, 2003 წელი

მთელ გვერდზე