სამშვიდობოები აფხაზეთიდან არ გადიან

        გუშინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო მორიგი გადაწყვეტილება აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც ერთი შეხედვით საკმაოდ რადიკალურია, მაგრამ რეალურად ბევრს არაფერს მოასწავებს: პარლამენტმა მიიღო დადგენილება, შეუერთდეს, ეგრეთ წოდებულ «რომის სტატუტს», რაც საშუალებას მისცემთ ლტოლვილთა ორგანიზაციებს, მიმართონ ჰააგის სასამართლოს, რათა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე აფხაზეთის ამჟაინდელი მესვეურების წინააღმდეგ.

        მაგრამ რატომღაც არავის მოსვლია თავში აზრად, რომ პირველივე კითხვა, რასაც მათ დაუსვამენ ნიდერლანდში, იქნება შემდეგი: როგორ მოითხოვთ ჩენგან სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აფხაზეთის ხელისუფალთა მიმართ, როდესაც საქმე არ არის აღძრული თვით საქართველოს პროკურატურაში (სხვათა შორის, ეს ჰააგის სასამართლოს დაწერილი კანონია) და როდესაც იმავე პირებთან საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურ მოლაპარაკებას აწარმოებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენლის შუამავლობით?
        ამაზე მეტი აბსურდი წარმოუდგენელია – მაშინ აფხაზეთის ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ უნდა აიძულოს ცენტრალური ხელისუფლება, აღძრას სისხლის სამართლის საქმე მოლაპარაკებაში მეორე მხარის დელეგაციის ხელმძღვანელთა მიმართ (მაგალითად, სერგეი შამბას წინააღმდეგ) და შეწყვიტოს ყოველგვარი მოლაპ არაკება – აბა, როორ შეიძლება, ერთი მხრივ, «გენოციდისთვის» სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვდე, ხოლო მეორე მხრივ, იმავე ხალხთან მოლაპარაკებას აწარმოებდე კონფლიქტის პოლიტიკური მეთოდებითა და კომპრომისის მეშვეობით «დარეგულირების» თაობაზე? არადა, აღმასრულებელი ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ დაეთანხმება მოლაპარაკებათა შეწყვეტას «საკოორდინაციო საბჭოს» ფარგლებში, რასაც მისგან მოითხოვენ, აგრეთვე «მეგობართა ჯგუფში» შემავალი ქვეყნები: საფრანგეთი, ამერიკ,ა დიდი ბრიტანეთი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (რუსეთის ფედერაციაზე რომ აღარაფერი ვთქვათ).
        ეს ქვეყნები არიან დიდწილად განმსაზღვრელნი, აგრრეთვე, იმავე ჰააგის სასამართლოსთვის – ღიად თუ ფარულად, ამას მნიშვნელობა არა აქვს.
        აქ გასათვალისწინებელია, რომ ჰააგის სასამართლო იხილავს მტკიცებულებებს კონკრეტული პირების წინააღმდეგ და, პრეცედენტის შემთხვევაში, ნურავის ჰგონია, თითქოს მისი ინტერესის ობიექტები მხოლოდ აფხაზი მოღვაწეები იქნებიან.
        სხვა საქმეა სპეციალიზებული ტრიბუნალი ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა თაობაზე , ანუ რაც შეეხება, ეგრეთ წოდებულ «საერთაშორისო ტრიბუნალის» მოწვევას აფხაზეთის საკითხზე (ისევე, როგორც არსებობს იგი ბოსნიისა და კოსოვოს შემთხვევაში) – საამისოდ აუცილებელია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
        რუსეთი, რომელსაც ვეტოს უფლება აქვს, რა თქმა უნდა, ამას არაფრის დიდებით არ დაუშვებს, ანუ გუშინდელ გადაწყვეტილებას აქვს ერთადერთი ფუნქცია: აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება ამით უმწეოდ ცდილობს შექმნას ისეთი ვითარება, როდესაც სეპარატისტებთან მოლაპარაკების გაგრძელება შეუძლებელი იქნება.
        მათი ამგვარი ძალისხმევა გასაგებია, ვინაიდან მოლაპარაკება არათუ უაზროდ, არამედ ზიანის მომტანად მიაჩნიათ, მაგრამ საეჭვოა ამან შედეგი გამოიღოს იმ ვითარებაში, როდესაც უკანასკნელ ხანებში პრეზიდენტმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ მხოლდ და მხოლოდ მშვიდობიან მეთოდებს უჭერენ მხარს.
        რაც შეეხება დეკლარაციას სამშვიდობო ძალთა გაყვანის შესახებ, რამდენი ამგვარი განცხადება ან დადგენილებაც არ უნდა მიიღოს პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტისთვის მათ მხოლოდ რეკომენდაციული )და არა აუცილებლად აღსასრულებელი) ძალა აქვთ.
        სამშვიდობო ძალთა საკითხიც ამ ვითარებაში უკვე გადაწყვეტილია, ვინაიდან პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ იმოქმედებს ამერიკის პრეზიდენტის რჩევის შესაბამისად, რომელმაც მოგვიწოდა, ვიხელმძღვანელოთ ამ საკითხში სოჭის შეთანხმების შესაბამისად.
        სოჭში კი პრეზიდენტები ვერბალურად შეთანხმდნენ, გაუგრძელდეს მანდატის ვადა «ცისფერჩაფხუტიანებს» ერთ-ერთი მხარის პირველ მოთხოვნამდე. ჯერჯრეობით, ვერ გადაწყდა, ეგრეთ წოდებული, «ჩანაცვლების» პრობლემა, რაკი არც ერთი ქვეყანა გაეროს უშიშროების საბჭოს ვერდიქტის გარეშე კონტინგენტის გამოგზავნას არ თანხმდება. მაგრამ ასეც რომ არ იყოს, ცოტა არ იყოს გაუგებარია, რას მოგვცემს ენგურის «საზღვარზე» რუსების ნაცვლად თუნდაც უკრაინელების ან ნიდერლანდის სამხედრო კონტინგენტის განლაგება.
        ამას შეიძლება დაეთანხმოს მოლდოვა, რომლის უმთავრესი პრობლემა (ეს ცოტამ თუ იცის) დნესტრისპირეთზე იურისდიქციის აღდგენა კი არ არის, არამედ ამ რეგიონში დისლოცირებული ზემძლავრი რუსული არმიის დნესტრის მარჯვენა ნაპირზე გადმოსვლისაგან თავის დაცვაა.
        ამასთანავე, ინფორმაცია მოლდოვაში «ჰოლანდიის სამხედრო კონტინგენტის შეყვანის» შესახებ გადაჭარბებულია. მართალია, ეუთო-ში ასეთი შესაძლებლობა აქტიურად რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის ეუთოს მანდატის მიკუთვნება და არა რუსეთის ჯარის ნაცვლად დნესტრის აუზში დასავლეთის სახელმწიფოთა კონტინგენტის შეყვანა. მათ შეიძლება სიმბოლურად დაემატონ სხვა სახელმწიფოთა ოფიცრები, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მოლდოვა - დნესტრისპირეთის «საზღვარზე».

დილის გაზეთი, 17 ივლისი, 2003 წელი

მთელ გვერდზე