ბუში კვლავ მოთმინებას გვირჩევს

        პრესაში «გაჟონილი» ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა თავისი ამერიკელი «კოლეგის» - ჯორჯ ბუშ-უმცროსის კონფიდენციალური წერილი მიიღო, რომლის სრულ შინაარსზე ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. ტრადიციულ რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ ქარაგმულად მიანიშნა, რომ წერილის გამოუქვეყნებლობა თვით ამერიკელთა თხოვნაა, რაკი მას მტერ-მოყვარე ერთნაირად წაიკითხავდა. ძნელი მისახვედრი არ არის, თუ «მტერ-მოყვარეში» ვინ იგულისხმება, განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ, აგრეთვე შიგნითაც.

        რადიოინტერვიუში წერილზე საუბრისას პრეზიდენტი შევარდნაძე ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლა. მან განაცხადა, რომ ბუშის წერილში საუბარია ორმხრივ ურთიერთობებზე, მომავალ თანამშრომლობასა და აფხაზეთის პრობლემაზე.
        პრესაში (არამხოლოდ ქართულში) გაჟონილი «ნაწყვეტ-ნაწყვეტი» ინფორმაციით, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი წერილია, რომელიც უშუალო უკავშირდება ბოლო დროს შექმნილ ტრაგიკულ ვითარებას: აფხაზეთში რუსეთთან დამაკავშირებელი კომუნიკაციების აღდგენას, პასპორტების გაცემას ანუ ამ ტერიტორიის ფაქტობრივ ინკორჰორირებას რუსეთის შემადგენლობაში.
        უფრო სწორად (თუ ემოციებს არ ავყვებით), ამ პროცესის დაწყებას, ვინაიდან, ჯერჯერობით, აფხაზებს ყოფილ საბჭოთა პასპორტებში მხოლოდ შტამპს ურტყამენ (ისიც ყველას არა) და «ორთვიან» პასპორტებს არ აძლევენ. იგულისხმება, ეგრეთ წოდებული, «საერთო მოქალაქეობრივი პასპორტი» (საქართველოში მსგავსი არაფერი გვაქვს - მას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ცვლის) ხოლო «საზღვარგარეთის პასპორტზე» ლაპარაკი ზედმეტია.
        მაშასადამე, დღევანდელი მდგომარეობით, ეს «შტამპი» აფხაზ სეპარატისტებს მდინარე ფსოუს, «საზღვრის» უპრობლემოდ გადაკვეთის საშუალებას აძლევს მხოლოდ - რაც ისედაც შეეძლოთ რუსი მესაზღვრეებისათვის მცირეოდენი ძღვენის სანაცვლოდ.
        მაგრამ საშიში ის არის, რომ პროცესი ამჟამად საწყის სტატიაშია: წლეულს, ზაფხულში სეპარატისტები უკვე ნამდვილი პასპორტების მიღებას დაიწყებენ. უფრო ფართოდ გაიშლება პრივატიზების პროცესი («რუსეთის მოქალაქეები» აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ სიმდიდრეს რუსეთში რეგისტრირებულ «შპს»-ებს გაუფორმებენ), ხოლო ორ დღეში ერთხელ მოძრავი «ელექტრომატარებელი» სრულფასოვან შემადგენლობად იქცევა, რაც საკურორტო სეზონზე დიდძალი შემოსავლის წყარო
        გახდება.
        ეს საკითხები, ბუშის წერილში, რა თქმა უნდა, განხილული არ იქნებოდა, იქ უფრო ზოგად საკითხებზეა, ალბათ, საუბარი, თუმცა უეჭველია, რომ წერილი მაინც მთლიანობაში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში შექმნილ ვითარებას უკავშირდება.
        მისი წინაისტორია კი ასეთია: დეკემბრის ბოლოს პრეზიდენტმა შევარდნაძემ ამერიკის პრეზიდენტს საგანგებო წერილით მიმართა აფხაზეთის ფაქტობრივ ანექსიასთან დაკავშირებით. თუ გაიხსენებთ, პირველი სარკინიგზო შემადგენლობა სოჭიდან-სოხუმისკენ სწორედ მაშინ დაიძრა. საქართველოს უმაღლესი ხელისუფლება უმალვე მიხვდა, ეს რასაც ნიშნავდა და ქვეყნის უდიდეს მოკავშირეს დახმარებისთვის მიმართა. ბუნებრივია, საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ფორმატი «რჩევის კითხვასაც» გულისხმობს ანუ იმის გარკვევას, თუ რამდენადაა მზად ამერიკის შეერთებული შტატები, მხარი დაუჭიროს საქართველოს, ვითარების გამწვავების შემთხვევაში.
        სწორედ ამით აიხსნება ის უცნაურობა, რომ ოფიციალურმა თბილისმა 14-15 იანვარს გააკეთა პირველი, საკმაოდ ფრთხილი განცხადებები, რკინიგზისა და პასპორტების თაობაზე.
        ეს არის მაქსიმუმი, რასაც ამჟამად უნდა ველოდოთ იმ ვითარებაში, როცა რუსეთი, როგრც ჩანს, ყველაფრისთვის მზად არის - Uგაზსადენის აფეთქება რად ღირს: ამგვარი რამ ხომ კრემლს ათი წლის განმავლობაში არ გაუკეთებია. თანაც, ყოველივე მის სტრატეგიულ მოკავშირეს (სომხეთს) უშუალოდ ეხება. მაგრამ მოსკოვი «ვა ბანკზე» მიდის და ამას ვაშინგტონშიც ითვალისწინებენ.
        ჯორჯ ბუშ-უმცროსის წერილში ჩვენთვის სასიკეთო და ამ ეტაპზე დამაიმედებელი (თუ სამომავლო პერსპექტივას არ მივიღებთ მხედველობაში) არაფერი აღმოჩნდა. წერილის შინაარსის გაცნობა არ არის აუცილებელი ამაში დასარწმუნებლად - საკმარისია, შევადაროთ ხელისუფლების დღევანდელი, ფრთხილი რეაქცია შარშანდელ (ზაფხულისა და შემოდგომის) თამამ დემარშებს, როდესაც ამერიკამ ერთმნიშვნელოვნად დაგვიჭირა მხარი.
        სახელმწიფო კანცელარიასთან დაახლოებულმა წყარომ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ წერილი ძალიან თბილ ტონალობაშია დაწერილი და საკმოად დიდია - ამ «წვრილმანებით» ამერიკის ადმინისტრაცია ჩვენი ქვეყნისადმი კეთილგანწყობის დადასტურებას ცდილობს, მაგრამ შინაარსობრივად, ჯორჯ ბუში საქართველოს პრეზიდენტს აფრთხილებს, რომ რუსეთთან ურთიერთობათა გამწვავების შემთხვევაში ამერიკა ვერ შეძლებს ერთმნიშვნელოვანი პოზიციის დაკავებას: თუ საქართველო გაიყვანს სამშვიდობო ძალებს ენგურის აუზიდან, მაშინ თბილისი სრულად იკისრებს პასუხისმგებლობას მოვლენათა შემდგომ განვითარებაზე.
        ეს, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთში ომის განახლება (რისი ალბათობაც უდავოდ მატულობს ჯარის გაყვანის შემთხვევაში) მთლიანად საქართველოს საშინაო საქმედ მიიჩნევა. რუსეთის ნებისმიერი (ოღონდ ფარული) მოქმედების შემთხვევაში, ამერიკას საქართველოსთვის არ ეცლება, ვინაიდან იმ დროისთავის ამერიკა ერაყთან სამკვდრო-სასიცოცხლო ომში იქნება ჩაფლული.
        ერთი სიტყვით, ამერიკა დიპლომატიურად გვეუბნება, რომ ჩვენს ერთგულებას აფასებს, მაგრამ ამჟამად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემისთვის არ სცალია. შეიძლება მოიცალოს მხოლოდ შემოდგომისთვის, თუ მანამდე ჰუსეინის დამხობა შეძლო.

დილის გაზეთი, 22 იანვარი, 2003 წელი

მთელ გვერდზე