რუსეთი სანქციებს გვიწესებს - მესამედამდე შეგვიმცირა გაზის მოწოდება

        ხუთშაბათს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ანტიქართულმა ძალებმა მორიგი ისტერიკები მოაწყვეს. ჩეხოევისა და როგოზინის მოთხოვნით (რასაც დიდი სიამოვნებით დაეთანხმა ჩვენი «ძველი ნაცნობი» ბორის პასტუხოვი), სახელმწიფო სათათბიროს საგარეო საქმეთა და დსთ-ის კომიტეტებმა განსახილველად გამოიტანეს დადგენილების პროექტი, რომლითაც რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ მთავრობას «ურჩია», შემოიღოს ეკონომიკური სანქციები საქართველოს წინააღმდეგ.

        ძნელი დასაჯერებელია, ჩვეულებრივი «დამთხვევა» იყოს, რომ სწორედ გუშინ რუსეთმა საქართველოს მესამედამდე შეუმცირა ბუნებრივი აირის მოწოდება. თანაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება მიიღო არა «იტერამ», არამედ «გაზპრომმა» ანუ, ფაქტობრივად, მიხაილ კასიანოვის მთავრობამ. როდესაც მილებში დარჩენილი აირი ამოიწურება, თბილისის ორი მესამედი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება, შეუმცირდება საწვავის მიწოდება, აგრეთვე, «თბილსრესს», ანუ კიდევ უფრო გამწვავდება მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემაც. «გაზპრომი» თავის მოქმედებას არ ხსნის რაიმე კონკრეტული მიზეზით, ხოლო ქართველ ენერგეტიკოსთა განცხადებით, მიზეზი არ შეიძლება იყოს გადაუხდელობა, ვინაიდან მიმდინარე დავალიანება (მარტში მოხმარებული ბუნებრივი აირისთვის) უკვე დაფარული აქვთ.
        გარდა ამისა, დავალიანების გამო, ბუნებრივი აირის შემცირების ან შეწყვეტის გადაწყვეტილებას ყოველთვის «იტერა» იღებდა და არა «გაზპრომი». ძნელი მისახვედრი არ არის, აგრეთვე, რატომ არ შეგვიწყვიტეს ბუნებრივი აირის მოწოდება მთლიანად – ასეთ შემთხვევაში მთლიანადვე შეუწყდებოდა საწვავის მიწოდება სომხეთს, რომელსაც ამავდროულად აქვს ატომური ელექტროსადგური და ბუნებრივი აირის საცავები, ანუ ჩვეულებრივი მოწოდების მესამედითაც იოლად გავა. ხოლო, თუ საქართველო სომხეთის კუთვნილ ბუნებრივ აირს დაიტოვებს, მაშინ აირის მოწოდება საერთოდ შეგვიწყდება.
        როგორც ჩანს, კასიანოვის მთავრობამ (რასაკვირველია, პრეზიდენტ პუტინთან შეთანხმებით) გადაწყვიტა, დაესწრო სახელმწიფო სათათბიროსთვის და სანქციები შემოეღო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მისი მხრიდან უმოქმედობა შეუძლებელი ჩანდა, ვინაიდან საქართველოს დამოუკიდებელი კურსი რუსულ ისტებლიშმენტში სულ უფრო მეტ გაღიზიანებასა და შოვინისტურ მრისხანებას იწვევს.
        რუსეთის თანამედროვე ელიტას, სურს, საქართველო კრემლის პოლიტიკის ფარვატერში მოძრაობდეს, ოლწო ამერიკის მხარდაჭერა ერაყის საკითხში და საქართველოს ცაში ამერიკული თვითმფრინავების გამოჩენა ყოვლად დაუშვებელ და შეუწყნარებელ თავხედობად აღიქმება. თვით რუსული «გოსდუმის» დავალება, საერთოდ, უნიკალურ დოკუმენტად უნდა ჩაითვალოს. მასში პირდაპირ, არაორაზროვნად არის ნათქვამი, რომ საქართველო რუსეთისთვის მტრული სახელმწიფოა და, როგორც მინიმუმ, რუსეთის მთავრობამ მის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები უნდა განახორციელოს.
        ბუნებრივია, თუ ეს «მინიმუმია», «მაქსიმუმი» იქნება აშკარა აგრესია, რისთვისაც საქართველოს ტერიტორიაზე ჯარების შემოყვანა, რუსეთს არ სჭირდება, ვინაიდან ჯარები აქაც ბლომად ჰყავს.
        არ დადასტურდა ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო სათათბიროს დადგენილებაში ფიგურიგებს «აფხაზეთის შემოერთების» იდეა. ჯერ ერთი, სოხუმის დეკლარირებული «ასოცირებული ურთიერთობა» ურფო აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავს, ვიდრე რუსეთის ფედერაციაში შესვლას (რაც რუსებს არ გამოეპარებოდათ). გარდა ამისა, რუსული ისტებლიშმენტში საბოლოოდ გააცნობიერეს, რომ მისთვის გაცილებით ხელსაყრელი და მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მდგომარეობა, ვიდრე მისი იურიდიული გაფორმება.
        ნიშანდობლივია, რომ საქართველოს პოზიციას რუსი «დემოკრატები» და «კომუნისტები» ერთნაირად გმობენ, ვინაიდან რუსეთის სტრატეგიული ინტერესების დაცვაში ისინი ერთსულოვანნი არიან. ყველაზე საშიში კი აქ ის გახლავთ, რომ «გოსდუმის» მიმართვაში (მას რეკომენდაციების ხასიათი აქვს) იკითხება საკმაოდ გამჭვირვალე მოწოდება რუსეთის აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი (უპირველესად, პრეზიდენტისადმი): ვისარგებლოთ ამერიკის პრობლემებით, განხეთქილებით დასავლეთში, რათა გადავჭრათ ჩვენი პრობლემები კავკასიაში. მთავარი პრობლემა კი დამოუკიდებელი საქართველოა.

დილის გაზეთი, 4 აპრილი, 2003 წელი

მთელ გვერდზე