რუსეთის «მედია-იხვებს» ამერიკის ახალი საომარი კამპანია დაესიზმრა. მოსკოვმა «ოპერაციაში» საქართველო და აზერბაიჯანიც ჩააბა

        რუსეთის «სახელმწიფოებრივად მოაზროვნე» პრესა მსოფლიოს ახალ «თავსატეხს» სთავაზობს – უკანასკნელ პერიოდში რუსეთის უშიშროების საბჭოს პროვოკაციულ ორგანოდ ქცეულმა «ნეზავისიმაია გაზეტამ» მორიგი და ამჯერადაც საკმაოდ წარმატებული პროპაგან:დისტული დივერსია განახორციელა. საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფიციალური პირები მთელი დღის განმავლობაში თავს იმართლებდნენ: ირანის წინააღმდეგ ამერიკის შეტევის განმახორციელებელ პლაცდარმად ქცევა აზრადაც არ მოგვსვლიაო.

        სწორედ ეს იყო პროვოკაციის მიზანი: აეძულებინათ ოფიციალური თბილისი და ბაქო, ისეთი განცხადებები გაეკეთებინათ, რაც ამ ქვეყნებისთვის არახელსაყრელ ფონს შექმნის სამომავლოდ. საქმე ის არის, რომ მოსკოვში მართლაც სერიოზულად შეაშფოთა საქართველოში ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების გამოჩენამ. არ არის გამორიცხული, ამერიკელი რეინჯერები აზერბაიჯანშიც გამოჩნდნენ. თუმცა, მათი მიზანი არა ირანზე თავდასხმა, არამედ ნავთობ და გაზსადენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება. ამ ვითარებაში რუსეთისთვის უაღრესად ხელსაყრელია, შექმნას რეგიონში ისტერიკული მოლოდინის ატმოსფერო და საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს ამერიკა სამხრეთ კავკასიაში შემოსვლით სხვა რეგიონულ სახელმწიფოს ემუქრება.
        ამ კონტექსტში თურქეთს ვერ დაასახელებდნენ, ბუნებრივია, ვინაიდან, ეს ქვეყანა ამერიკის მოკავშირეა, ხოლო ირანის ისლამური რესპუბლიკა სავსებით «თავსდება» ამ სქემაში, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ბაქოსა და თეირანს შორის ურთიერთობა ტრადიციული გაღიზიანებითა და იჭვნეულობით ხასიათდება, რასაც თავისი მიზეზები აქვს. სომხეთი და რუსეთი, ტრადიციულად, დიდი ოსტატობით თამაშობენ ამ წინააღმდეგობებზე. მეორე მხრივ, თეირანი არც საქართველოში ამერიკელთა გამოჩენას მიესალმება – შარშან ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკმაოდ მკვახე განცხადებაც გააკეთა ამის თაობაზე. ამდენად, თბილისსა და თეირანს შორის ურთიერთობათა დაძაბვაც რუსეთისთვის საკმაოდ საშური საქმეა.
        რაც შეეხება პროპაგანდისტული დივერსიის კონკრეტულ ფორმა,ს უნდა ითქვას, რომ რუსულ პრესაში გამოქვეყნებული სტატია თავისთავად საკმაოდ უნიჭოდ არის დაწერილი. საგაზეთო პროვოკაციის ჟანრს ამ გაზეთის დღევანდელიხ ელმძღვანელობა ნ ამდვილად ვერ ფლობს. ხსენებული სტატია, დამშვიდებული ანალიზისას, ჩვეულებრივი, საკმაოდ მდარე ხარისხის «მედია-იხვია». მასში ერთდროულად რამდენიმე ლოგიკური წინააღმდეგობა და უზუსტობაა. მაგალითისთვის – ავტორი ამტკიცებს, თითქოს ამერიკის ხელისუფლებამ უკვე შეიმუშავა ირანზე დარტყმის გეგმა და ამ აქციას უეჭველად განახორციელებს უახლოეს მომავალში ორი მიმართულებით: ერაყიდან და სამხრეთ კავკასიიდან (ანუ საქართველოდან და აზერბაიჯანიდან). ეს თეზისი იმთავითვე მტკნარი სისულელეა. ჯერ ერთი, ამერიკამ სულ ახლახან დაამთავრა ძალზე სარისკო ომი ერაყში და ერაყელი შიიტების გაღიზიანება (ისინი, ტრადიციულად, ირანზე აპრიან ორიენტირებულნი) მას ნამდვილად არ ეპიტნავება – წინააღმდეგ შემთხვევაში, ერაყში დამყარებული მყიფე მშვიდობა «აუფეთქდება».
        გარდა ამისა, ავტორი მიმართავს წმინდად ფორმალურ ლოგიკას, როდესაც ამტკიცებს, თითქოს «ერაყის შემდეგ ირანის ჯერი უნდა დადგეს». არამც და არამც, ასე მექანიკურად და სქემატურად ეს არ მოხდება. ამერიკას ძალიან ჭკვიანი და კვალიფიციური ანალიტიკური ცენტრები აქვს. მათ ზუსტად გათვალეს, რომ ერაყის მოსახლეობას სძულდა ჰუსეინის რეჟიმი და მის გამო მსოფლიოს უძლიერეს არმიას თავს არ შეაკლავდა. ირანში კი სულ სხვა ვითარებაა. გარდა ამისა, ირანი არც სამხედრო თვალსაზრისით, არც რელიეფითა თუ სხვა სამხედრო-სტრატეგიული თვისებებით ესოდენ ადვილად დასამარცხებელი არ იქნება.
        ამასაც რომ თავი დავანებოთ, სავსებით გამორიცხულია, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ, ყოველგვარი დიპლომატიური მომზადების გარეშე წამოიწყოს მეორე ომი ერთი წლის განმავლობაში. ჰუსეინის დამხობით ბუშმა იმდენად მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა, მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის ამოწურვამდე ეყოფა თავის მოსაწონებლად. არავითარი მიზეზი ასე ნაუცბათევად ახალი ომის დაწყებისა მას არა აქვს. გავიხსენოთ, რომ ჰუსეინის წინააღმდეგ ომს თეთრი სახლი, სახელმწიფო დეპარტამენტი და პენტაგონი ორი წლის განმავლობაში ამზადებდნენ – კრეფდნენ კოალიციას, აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ყველა სახელმწიფოსთან და ასე შემდეგ.
        მაშასადამე, არანაირი კონკრეტული გეგმები ირანის წინააღმდეგ საქართველოდანგ და აზერბაიჯანიდან დარტყმისა ამერიკას არა აქვს. ერაყის გარშემო სამხედრო «მუშტის შექმნა» ამერიკამ 10 თვით ადრე დაიწყო, ამჟამად კი რეგიონიდან ძალები გაჰყავს. სულ მალე ერაყში ათიოდე ათასი ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება, რათა ამ ქვეყნის ახალ ხელისუფლებას დაეხმაროს წესრიგის უზრუნველყოფაში. თუ ვაშინგტონს ომის დაწყება აქვს გადაწყვეტილი, სამხედრო ძალის შემცირება (მაგალითად, ავიამზიდების ამერიკაში დაბრუნება) გაუგებარი მოქმედებაა.
        სხვა საქმეა, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით, ამერიკა, რა თქმა უნდა, ყველაფერს იღონებს, რათა შეზღუდოს ირანის გავლენა მეზობელ სახელმწიფოებში, თანდათან იგი იზოლაციაში მოაქციოს, აიძულოს შეწყვიტოს ატომური პროგრამები და სხვა. ამ პროცესს რამდენიმე წელი დასჭირდება და უფრო მეტად არასაომარი ხერხებით განვითარდება, თუ, რასაკვირველია, ირანის მმართველი «აიათოლები» რაიმე სისულელეს არ ჩაიდენენ. გრძელვადიანი თვალსაზრისით კი, ამერიკა მოსვენებას არ მისცემს პლანეტაზე ცივი ომის ეპოქიდან შემორჩენილ ოდიოზურ რეჟიმებს ჩრდილო კორეიდან კუბამდე. საქართველოს დარტყმის ქვეშ დაყენება ამერიკას არც ერთ შემთხვევაში არ დასჭირდება.

დილის გაზეთი, 30 მაისი, 2003 წელი

მთელ გვერდზე