რუსები ჩეჩნების კარტს ათამაშებენ

        ჩრდილოეთ კავკასიაში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე მოვლენები კვლავ ადასტურებს, რომ მოსკოვს საბოლოოდ უარი არ უთქვამს საქართველოს შანტაჟირებაზე, ეგრეთ წოდებული, «ჩეჩნური ფაქტორით».

        პანკისის ხეობის თემას იმდენად აქტიურად ვეღარ იყენებენ, რადგან სულ ახლახან ხეობაში რუსეთის წარმომადგენლობითი დელეგაცია იმყოფებოდა სამინისტროთა ხელმძღვანელების ჩათვლით. ამის შემდეგ იმის მტიკცება, თითქოს, პანკისში ტერორისტების ბაზებია გახსნილი და იქიდან ისინი რეგულარულად გადადიან ჩეჩნეთში – სერგეი იასტრჟემსკისა და მის მსგავს პროპაგანდისტებსაც კი გაუჭირდებოდათ. ამდენად, ახალი ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყეს: რუსეთში ნინო ბურჯანაძის ვიზიტს დაამთხვიეს ცნობილი განცხადება ჩვენი ქვეყნის გავლით ტერორისტების ჩეჩნეთში შეღწევის შესახებ. თანაც, იასტრჟემსკი პასპორტებს აფრიალებდა ქართული ვიზებით. არადა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ «შორეული საზღვარგარეთის» მოქალაქეებს, მოქმედი კანონმდებლობით, საზღვარზევე შეუძლიათ ვიზის აღება. ამრიგად, თურქეთ-საქართველოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ქართველი მესაზღვრე უარს ვერ ეტყვის უცხოელს მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის თურქეთის მოქალაქეა. ამ უკანასკნელს კი «შუბლზე არ აწერია» რას აპირებს და როგორ.
        ათასი ტურისტიდან შეიძლება ერთი აპირებდეს პანკისის გავლით ჩეჩნეთში შეღწევას. ამის გამო, დანარჩენ 999 ტურისტს შემოსვლაზე უარს არავინ ეტყვის. არადა, მოსკოვი დაახლოებით სწორედ ამას გვთავაზობს.
        მეორე ტექნოლოგია (აგრეთვე, კარგად აპრობირებული) გახლავთ ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე ნებისმიერი საბრძოლო მოქმედების დაკავშირება საქართველოსთან. მაგალითად, დაღესტანში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს რუსული ოფიციოზი დაჟინებით აღნიშნავდა, რომ «ბოევიკები» საქართველოდან შევიდნენ «მთიან რესპუბლიკაში» და არა ჩეჩნეთიდან. მაგრამ შედმგომ გაირკვა, რომ იმ რაიონში, სადაც ბრძოლები დაიწყო, საქართვლეოდან ისინიმ ვერაფრით მოხვდებოდნენ.
        ამის შემდეგ საინფორმცაიო «ტალღა» შეიცვალა. ამჟამად უკვე «დაბეჯითებით» აცხადებენ, რომ ჩეჩენი მებრძოლები, რომელთა შორის მრავალი არაბია (იგულისხმება ჩეჩენი მოჰაჯირი), ცდილობდნენ საქართვლეოში გადმოსულიყვნენ, რათა აქ გამოეზამთრათ. ერთ-ერთი მებრძოლი ტყვე კიდეც გამოიყვანეს ტელევიზიით, რომელმაც დაადასტურა საბოლოო მარშრუტი – საქართვლეოს მიმართულებით. თუმცა, ესეც, რა თქმა უნდა, პროპაგანდისტული ხერხია, ვინაიდან დაღესტნისა და ჩეჩნეთის მონაკვეთზე ამჟამად თოვლის უდიდესი საფარის გამო, გადმოსვლა შეუძლებელია.
        განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ის ინფორმცაია, ვითომცდა, 15-კაციან რაზმს რუსლან გილაევი უდგას სათავეში. რეალურად, რუსლან გილაევი ამჟამად ჩეჩნეთში იმყოფება, ამას ადასტურებს ყველა ჩეჩნური საინფორმცაიო საიტი. მან საქართველო დატოვა 2002 წლის სექტემბრის დასაწყისში. ძალიან საეჭვოა, რუსლან გილაევს დღეს ისევ უკან დაბრუნება სურდეს. იგი შესანიშნავად იცნობს პანკისში არსებულ ვითარებას და იცის, რომ ჩეჩნურ სოფლებში, სადაც საქართველოს შინაგანი ჯარები დგანან, ასე ადვილად ვეღარ «გამაგრდება». სხვა ტერიტორიაზე კი, სადაც მოსახლეობა არ არის, მით უმეტეს, ზამთარში, გაჩერება შეუძლებელია.
        მეორე მხრივ, პანკისის ხეობაში აღმოჩენილი იარაღის საწყობები უდავოდ მეტყველებს, რომ უკან დაბრუნებას რუსლან გილაევი ნამდვილად არ გამორიცხავდა, მაგრამ იმ პერიოდში, როცა ეს საწყობები იქმნებოდა, ვერავინ იტყოდა ზუსტად, როგორ განვითარდებოდა მოვლენები პანკისში. მთლიანობაში, ოპერაცია ქართველმა ძალოვნებმა დიდი წარმატებით განახორციელეს, ვინაიდან, ერთი მხრივ, მთლიანად დაიკავეს ხეობა და (მეორე მხრივ) სისხლი თითქმის არ დაუღვრიათ.
        მთლიანობაში კი, ეს ქართული მხარის სერიოზულ არგუმენტად იქცა. თუმცა, რუსეთს ისეთი პროპაგანდისტული საშუალებები აქვს, რომ ნებისმიერი არგუმენტის გაყალბება შეუძლია. ამის მაგალითი იყო სწორედ უკანასკნელი კვირის «საინფორმცაიო დაბომბვა». არ არის გამორიცხული, ამგვარი ზეგავლენა უახლოეს მომავალში გაძლიერდეს. ყველაფერი დამოკიდებული ქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა საერთო კონტექსტი.
        მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, რაკი საქართველო რუსეთის შემადგენლობაში შესვლას არ აპირებს, ეს «ქვა» მოსკოვს მუდამ ექნება «ზურგს უკან მომარჯვებული». ჩეჩნეთში საბოლოო მშვიდობის დასამყარებლად კი ათწლეულები იქნება საჭირო.

დილის გაზეთი, 29 დეკემბერი, 2003 წელი

მთელ გვერდზე