რუსების შემოსევა

        1 სექტემბერი ჩვენი ქვეყნისთვის «რუსეთით ანგაჟირებული» ერთდროულად რამდენიმე მოვლენით აღინიშნა. რუსული კომპანია «ერთიანი ენერგოსისტემების» («ე-ეს»-ი) საბოლოო შემოსვლა «თელასში» გვარიანად ტრაგიკომიკური ვითარების ფონზე მიმდინარეობდა: სწორედ ამ დილით, როცა ამერიკულმა კომპანიამ იურიდიულად საბოლოოდ დათმო საკონტროლო პაკეტი და რუსული «ე-ეს»-ის უფლებები სრულად უნდა განხორციელებულიყო, უცნობმა ქურდბაცაცებმა გარდაბნის «სტრატეგიული» თბოელექტროსადგურის სათბობით მკვებავი მილები მოიპარეს და «უცნობი მიმართულებით» წაიღეს, რის შედეგადაც კარგა ხნით (ალბათ, რამდენიმე კვირით) გადაიდო «თბილსრესის» ამოქმედება.
        ვუგლისხმობ ლეგენდარული მეცხრე ბლოკს, თორემ მეათე ბლოკი ჯერ კიდევ «ეი-ი-ეს»ის მფლობელობის დროს აფეთქდა. ძალიან საეჭვოა, მისი აღდგენა რუსულმა აკომპანიამ მოახერხოს, რადგან ეს ფაქტობრივად ახალი ენერგობლოკის აშენებას ნიშნავს და ძალიან დიდ კაპიტალდაბანდებას მოითხოვს. «ეი-ეს» - ი კი, ძირითადად, საკუთარი ელექტროენერგიის იმპორტის იმედად შემოვიდა საქართველოში, ოღონდ მან ნამდვილად ვერ გათვალა, რასთან ჰქონდა საქმე: 1 სექტემბრისთვის გამოირთო რუსეთთან დამაკავშირებელი ორივე ხაზი: «კავკასიონი», როგორც ჩანს, კვლავ გაწყვიტა ცნობილმა «თვალჩუბინმა» მსროლელმა, რომელმაც ჯერჯერობით ვერ მიიღო კუთვნილი თანხა საქართველოს სათბობენერგეტიკის სამინისტროსგან «კერძო საჰაერო სივრცეში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანის კომპენსირებისთვის».
        დარწმუნებული ვიყოთ, ეს «ზუსტი გასროლები» ზამთარშიც არ მოგვაკლდება, ანუ «ე-ეს-»მა პირველი შეცდომა უკვე დაუშვა, როცა მეტისმეტად ეიმედებოდა ამ გადამცემი ხაზის.
        მეორე ხაზის («სალხინო») გამოირთო ერთი კვირის წინათ. ოფიციალური ვერსიით, მიზეზი ავარიაა, თუმცა, არ არის გამორიცხული, აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება ამ ბერკეტს იყენებდეს თბილისზე ზემოქმედებისთვის. ეს არც არის გასაკვირი, თუ არ გვიკვირს «თბილსრესში» მომხდარი. იმ ხალხს, ვინც მილები დაჭრა და წაიღო «ქურდბაცაცები» პირობით ეწოდებათ, თორემ ამ საქმის შესასრულებლად კარგა ხნის ბეჯითი შრომა და სატვირთო მანქანების გამოყენება დასჭირდებოდათ, ალბათ. ამგვარ ვითარებაში რუსული კომპანია აუცილებლად გაეხვევა პოლიტიკურ სკანდალებში, მით უმეტე,ს წინასაარჩენვო პერიოდში. უახლოეს ხანებში თბილისში კვლავ ელიან ანატოლი ჩუბაისს და მის მოადგილე ს-ა ლექსეი მილერს. გახშირებული «რჩდილოური» ვიზიტები უეჭველად მეტყველებს, რომ საქართველოსადმი ინტერესი მოსკოვში დღითი დღე მატულობს. ბუნებრივია, ამის მიზეზი თვით რუსეთში მოახლოებული არჩევნებია – დეკემბერში ეს ქვეყანა სახელმწიფო სათათბიროს აირჩევს, რომელმაც 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩაატაროს, ანუ ვითარება რაღაცით ჰგავს ჩვენსას.
        საქართველო კი იმ ფინანსურ-პოლიტიკური ჯგუფისთვის, რომელიც რუსული პარლამენტის გაკონტროლებას ცდილობს, ძალიან მნიშვნელოვანი და სიმპტომატური ფენომენია. ამასვე უკავშირდება ჩეჩნეთის საკითხებში რუსეთის მინისტრის – სტანისლავ ილიასოვისა და საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილის – იური ბრაჟნიკოვის ვიზიტი, ძალზე წარმომადგენლობითი დელეგაციით, რომელშიც რამდენიმე უწყება მწარმოადგინა თავისი ექსპერტები და ხელმძღვანელები. მათი სტუმრობის ძირითადი მიზანი პანკისის ხეობიდან ჩეჩენ ლტოლვილთა «გამოსვლის» ორგანიზებაა. ეს ვითომდაც შემთხვევითი და «პოლიტიკურად არაანგაჟირებული» დაპირისპირება სინამდვილეში არცთუ შემთხვევითია და კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც უფრო მოახლოვდება საპარლამენტო და, განსაკუთრებით, საპრეზიდენტო არჩევნები.
        მეზობელი და სტრატეგიულად დაინტერესებული (ანუ არცთუ ნეიტრალური) ქვეყანა სწორედ ამ მეთოდებს მიმართავს, რათა თავისი ინტერესი დააფიქსიროს და მათი განხორციელების წინაპირობა შექმნას. მისთვის მთავარია, რუსული თემა არ მოიხსნას დღის წესრიგიდან და სრულებითაც არ ითვლება განმსაზღვრეად, დადებით კონტექსტში ჟღერს იგი თუ არა. მთავარია, თემამ აქტუალობა და პოლიტიკური მნიშვნელობა არ დაკარგოს. ფინეთში, მაგალითად, რუსეთის აქტივობა სულაც არ აინტერესებთ და სწორედ ამიტომაა იგი რეალურად დამოუკიდებელი. ყოველ შემთხვევაში, ეს ქვეყნის რეალური გავლენის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია.
        ყოველ შემთხვევისთვის კი, რუსეთს ძველი, ნაკლებრაფინირებული მეთოდებიც აქვს. მაგალითად, რამდენიმე დღის წინათ პანკისის ხეობის თავზე კვლავ გამოჩნდნენ «ამოუცნობი» სამხედრო თვითმფრინავები და, მდგომარეობის მოჩვენებითი დაწყნარების მიუხედავად, ეს ავიაგამანადგურებელ-ბომბდამშენები იმოქმედებენ იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რა დასჭირდება რუსეთს – საქართვლეოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების სამართავად.

დილის გაზეთი, 2 სექტემბერი, 2003 წელი

მთელ გვერდზე