რევოლუციას მრისხანე კანონები აქვს

        ქართული საზოგადოება, ჯერ კიდევ ვერ გამოსულა შოკიდან, რომელიც წინა კვირის ისტორიულ კატაკლიზმს მოჰყვა.

        ალბათ, მართლაც დროა საჭირო, რათა გავაცნობიეროთ, რამდენად მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა ქვეყნის ცხოვრებაში. დამთავრდა გრანდიოზული ეპოქა. მან ერთდროულად რამდენიმე თაობა მოიცვა. დაწყებული 1972 წლიდან, კომუნისტური პერიოდიდან, «ეროვნული მოძრაობიდან» - სულ სხვა სულისკვეთების მქონე და არსობრივად ბევრად უფრო ჯანსაღ «ნაციონალურ მოძრაობამდე».
        რაც მთავარია, ეს იყო პერიოდი, ერთი საზოგადო სულისკვეთებიდან – კატეგორიულად განსხვავებულ სულისკვეთებამდე და სწორედ იგი განსაზღვრავს ამჟამად დასრულებული ეპოქის გრანდიოზულობას ბევრად უფრო მეტად, ვიდრე ქრონოლოგია. ამ თვალსაზრისით, განვლილი 30 წელი საუკუნის ტოლფასი იყო.
        მადლობა ღმერთს, ჯერჯრეობით, ყველაფერი უსისხლოდ დასრულდა, რაც ორმა უმთავრესმა ფაქტორმა განაპირობა. პირველი ედუარდ შევარდნაძის ნიჭმა, ბევრი კონკრეტული შეცდომის მიუხედავად, გადამწყვეტ მომენტში მიიღოს ერთადერთი სწორი, ბრძნული და, მართლაც, კვაჟკაცური გადაწყვეტილება.
        და (ამასთანავე) მეორე: «ხავერდოვანი რევოლუციის» ორგანიზატორთა უნარმა, საოცრად შედეგიანად ემართათ პროცესები. ამას, ჯერჯერბით, ცოტა თუ აქცევს ყურადღებას: ყველა ქაცია, ყველა მანიფესტაცია მკაცრად კონტროლირებადი იყო. არც ერთი მათგანი არ გამოსულა მათი კონტროლიდან და გარკვეული ზღვარი არ გადაულახავს. თვით ისეთი სარისკო და, თითქოსდა, უმართავი აქციაც კი, როგორიც პარლამენტში განხორციელდა 22 ნოემბერს.
        არ შეიძლება ეს არ დავინახოთ და არ ვაღიაროთ, განურჩევლად იმისა, ვინ როგორ აფასებს მომხდარს ან რამდენად ემოციურია მისი პიროვნული დამოკიდებულება.
        უეჭველია, რომ საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანმა, საკმაოდ მრავალრიცხოვანმა და გავლენიანმა ნაწილმა არ მიიღო ის, რაც მოხდა. მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ნებისმიერი რევოლუცია არის ძალადობრივი აქტი არა მხოლოდ ხელისუფლებაზე, არამედ, უმრავლეს შემთხვევაში, საზოგადოების იმ (არცთუ იშვიათად, უმრავლეს) ნაწილზე, რომელსაც ეშინია ცვლილებების, არ სურს «შეჩვეული» ცხოვრების წესის შეცვლა და ამგვარი ფსიქოლოგიური ინერციის ზემოქმედებით ცდილობს, არ დაუშვას რევოლუცია.
        ბუნებრივია, ასეთი ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგად (კვლავ უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული საზოგადოება, მართლაც, საშინელი შოკის მდგომარეობაში იმყოფება) ბუნებრივად წარმოიშობა ახალი ხელისუფლებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, წარსულის აღდგენის მოტივაცია, რომელსაც (რაც მთავარია) ყოველთვის აქვს თავისი არგუმენტაცია და არცთუ უსაფუძვლო.
        არგუმენტები სხვადასხვაგვარია. ისევე, როგორც მოტივაცია. მათგან ყველაზე მეტად საგულისმხოა ფსიქოლოგიური მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ახალ ხელისუფლებას ეწინააღმდეგება ზნეობრივი მოტივით: «აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს».

დილის გაზეთი, 27 ნოემბერი9 2003 წელი

მთელ გვერდზე