საქართველოზაცია

        მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი ეიფორიის დროს ხბოს აღტაცება ყველაზე ჩვეულებრივი რეაქციაა, ალბათ, ელემენტარული განსჯა და ანალიზი არასდროს არის ზედმეტი და, მით უმეტეს, არ უნდა იყოს გამაღიზიანებელი.

        ამთავითვე უნდა ითქვას, რომ იმის შედარება, რაც გუშინ მოხდა აღმოსავლეთ ევროპის «ხავერდოვან რევოლუციებთან» არაკორექტულია. იმ დროს მოსახლეობა იბრძოდა პიროვნული თავისუფლებისათვის – კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ.
        არავითარი «რეჟიმი» რეალურად საქართველოში არ ყოფილა. ის, რაც მოხდა, სწორედ რეჟიმისა და ელემენტარული სახელმწიფოებრიობის არქონის შედეგია და არა რაიმე განსაკუთრებით მკაცრი რეჟიმისა.
        ისევე, როგორც ჩვენ, საერთოდ არა გვაქვს ნორმალური სახელმწიფო. ბოლოს და ბოლოს, ფაქტია, რომ სხვა პარტიებსაც ასეულობით ათასმა ადამიანმა მისცა ხმა 2 ნოემბრის არჩევნებში.
        მაშასადამე, ამჟამად გამარჯვებული ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, არ დაუშვას სისტემის სრული დაშლა და სამოქალაქო დაპირისპირების გადაზრდა სისხლიან დაპირისპირებაში.
        ღმერთმა ქნას, ეს მათ მოახერხონ. ღმერთმა ქნას, ყველაფერი ადვილად და უსისხლოდ დამთარვდეს, ღმერთმა ქნას, ისევე, როგორც 80-იანი წლების ბოლოს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, გამარჯვებულმა ძალამ ყოველგვარი ძალადობის გარეშე მოახერხოს ვითარების დაწყნარება.
        სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას, რომ იმდროინდელ მოვლენათაგან გუშინდელი ვითარება იმითაც განსხვავდება, რომ ჩეხეთში, უნგრეთში, პოლონეთში, ბულგარეთში ერთი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი არ აცხადებდა პრეტენზიას ხელისუფლებაზე. მას ოპროზიცია, უბრალოდ, არ ჰყავდა, ვინაიდან იგი თავად იყო ერთიანი და განუყოფელი ოპოზიცია.
        საქართველოში კი, სამწუხაროდ, სრულიად სხვა ვითარებაა. ახალი ხელისუფლება როგორც უნდა გაღიზიანდეს, იგი უკვე ხელისუფლებაა და მასაც ჰყავს ოპოზიცია, რომელსაც სრული უფლება ექნება, თავისი არგუმენტები წამოაყენოს, ეჭვქვეშ დააყენოს აალი პრეზიდენტის უფლებამოსილება, ძველი პარლამენტის ლეგიტიმურობა და ასე შემდეგ.
        რით დამთარვდება ეს ყოველივე? რას აპირებენ ხვალ და დღეს? ნიშნავენ ახალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს?
        ძველი პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომლის ლეგიტიმურობა საეჭვოა და რომც არ იყოს საეჭვო, იმ პარლამენტის უმრავლესობა მათ სულაც არ ემორჩილება. გაუგებარია, დემოკრატიული ოპოზიცია რეპრესიებს ხომ არ დაიწყებს იმ დეპუტატების მიმართ, ვინც მის ბრძანებებს არ დაემორჩილება და გადაწყვეტილებებს ხმას არ მისცემს?
        ან როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, თუკი ცენტრალური საარჩევნო კომისია არ იცვლება და არანაირი ლეგიტიმური მექანიზმი არ არსებობს მის შესაცვლელად? ყველა ეს კითხვა ბუნებრივად თამაშობს პასუხს, რომ «ხავერდოვანი რევოლუცია», შესაძლოა, ვერ იქნება ისეთი ხავერდოვანი, როგორც მის ორგანიზატორებს, ალბათ, გულწრფელად სურდათ და სურთ.
        გარდა ამის,ა პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლები ადასტურებს, რომ იგი სულაც არ აპირებს გადადგომას და საგანგებო მდგომარეობაც კი შემოიღო.
        დავუშვათ, პირველ ორ დღეს არ დაემორჩილა შეიარაღებული ძალები. მაგრამ თუ ეს ვითარება კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდა, მას აუცილებლად გამოუჩნდებიან შეიარაღებული მომხრეებიც. ოპოზიციის ლიდერებს აშკარა მოძულენიც ჰყავთ. ისევ და ისევ, რამდენად არის ოპოზიცია მზად ყველა ამ მრისხანე გამოწვევისათვის? მართლაც რომ ღმერთმა ქნას, მათ ჰქონ:დეკთ სისტემური პასუხები ამ გამოწვევებზე. სწორედაც მზა პასუხები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვლენები თავად შეიძენენ არასისტემურ შეფერილობას.
        ამიტომ, გუშინდელი მოვლენა საერთაშორიოს ტერმინოლოგიის სხვა დისკურსში უნდა განვიხილოთ. მაგალითად, არსებობს ტერმინი «სომალიზაცია». ვაითუ გაჩნდეს ტერმინი «საქართველოზაცია».
        პარპლამენტში დატრიალებული ამბები მთელმა მსოფლიომ იხილა პირდაპირ ეთერში. ყველას ძალიან გვინდა, ეს მართლაც ახალი, მშვიდობიანი, დემოკრატიული ეპოქის დასაწყისი გახდეს. მაგრამ ვაი, რომ საქართველოში ვცხოვრობთ და არა ევროპაში.

დილის გაზეთი, 23 ნოემბერი, 2003 წელი

მთელ გვერდზე