რას მოიტანს უჰალსტუხო დიპლომატია

        გუშინ კიევში დასრულებულმა სამიტმა დსთ-ის ისტორიას ბევრი არაფერი შემატა, საქართველოსათვის კი მას ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. არ არის შემთხვევითი, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში «კვანძის გახსნა» სწორედ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტზე მოხდა.
        ეს რუსეთის პოლიტიკაა, რომელიც მართალია, ბოლო დროს ორმხრივ ურთიერთობათა პრიორიტეტს ანიჭებს პრაგმატულად უპირატესობას, მაგრამ ცდილობს იგი «გეოპოლიტიკური სივრცის» ჭრილში განახორციელოს. ამ პოლიტიკურ პარადიგმაში რუსეთის სერიოზულ დიპლომატიურ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ კიევში დსთ-ის «უჰალსტუხო» სამიტს, ფაქტობრივად, ორი მასპინძელი ჰყავდა: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა. ისინი ერთად ხვდებოდნენ სტუმრებს რესტორან «ძველი სიმაგრის» შესასვლელთან, სადაც მეგობრული (ამდენად «უჰალსტუხო») სამიტი გაიმართა, ისევე როგორც მარინის სასახლის თეთრ დარბაზში, სადაც პლენარული სხდომა შედგა და მხოლდ მათ გამართეს ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელზეც სხვა პრეზიდენტები არ მიიწვიეს.
        ამიტომაც არ უნდოდათ უკრაინის დედაქალაქში ჩასვლა დსთ-ის პრეზიდენტებს. თუმცა, მათმა უმეტესობამ «ჩაუსვლელობას ჩასვლა» არჩია სხვადასხვა პრაგმატული მიზეზით: ტაჯიკეთის პრეზიდენტმა რახიმოვმა – რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხის გათვალისწინებით, ბელორუსმა ლუკაშენკომ – Nმის შიშშით, რომ ლეონიდ კუჩმას მის გარეშე აირჩევდნენ დსთ-ის მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარედ, სომხეთის ლიდერმა კოჩარიანმა – რუსეთის განაწყენების შიშით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა _ სომხეთის უპირატესობის მოპოვების რიდით, მოლდოვისა და საქართველოს პრეზიდენტებმა – კონფლიქტურ ზონებში ვითარების გამწვავების შედეგად, ყირგიზეთის ხელმძღვანელმა – ჩაუსვლელობის შედეგად რუსეთის კიდევ ერთხელ განაწყენების )ამერიკული ბაზების შემდეგ) მიზანშეუწონლობის გამო, ყაზახმა ნაზარბაევმა – დაახ-ლოებით იმავე მიზეზით, რაკი რუსულ პრესშაი უკვე გამოჩნდა ცნობები ყაზახეთში ამერიკული ბაზების განლაგების გეგმათა შესახებ.
        მხოლდ უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ კარიმოვმა და საფარმურატ ნიაზოვმა მიიჩნიეს შესაძლებლად კიევში ჩაუსვლელობა და პუტინის განაწყენება, რაკი თავიანთი ინტერესები საკმარისად დაცულად და პოზიციები სხვებზე უფრო მტკიცედ მიაჩნიათ.
        ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრესი მაინც პუტინ-შევარდნაძის შეხვედრა იყო, რომელმაც დაძაბულად ჩაიარა. შეხვედრა დაიწყო რუსეთის პრეზიდენტის დიპლომატიური დემარშით. დაბადების 75 წლისთავთან დაკავშირებით, პუტინმა ჩვენს პრეზიდენტს, რომელიღაც რუსი მხატვრის ნატურმორტი უსახსოვრა. თუ დიპლომატიური ენიდან გადმოვთარგმნით, დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტისთვის ნატურმორტის ჩუქება კონკრეტული აზრის მატარებელი ქარაგმაა. რუსეთი ამით გვეუბნება: თქვენ პატარა ქვეყანა ხართ და (ჩემთან მიმართებაში) განსაკუთრებული პრეტენზიები ნუ გექნებათ _ მე გავაკეთებ იმას, რასაც საჭიროდ მივიჩნევ, ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე და გამივა კიდეცო.
        ასეთ ფონზე, ნუ გაგიკვირდება, თუ შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა ფაქტობრივად არაფერი დათმო. რუსეთი არ აპირებს სარკინიგზო მოძრაობის შეწყვეტას, ხოლო მოლაპარაკება აფღსუა სეპარატისტებთან ლტოლვილთა დაბრუნების «სინქრონიზაციის» თაობაზე, რამდენად ნაყოფიერი იქნება, ძნელი მისახვედრი არ არის.
        სინამდვილეში პუტინს აინტერესებდა მხლოდ ერთი: გაუგრძელებდა თუ არა საქართველო რუსეთის სამშვიდობო ძალებს მანდატის ვადას სარკინიგზო მიმოსვლის პირობებში? რუსეთის პრეზიდენტმა დაიწყო იმის შეხსენებით, რომ თავად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივ აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის შესახებ. იმავე დიპლომატიურ ენაზე ეს აგრეთვე ძალიან თავხედური დემარშია, ვინაიდან, პუტინი ამითაც გვეუბნება: თუ ბევრს იყვირებთ, შეიძლება გაზის მოწოდება შეგიწყვიტოთ, ხოლო სამშვიდობო ძალების გაყვანისთანავე ახალ ომს მიიღებთ, რომელშიც ჩემი სიმპათიები ძველებური იქნებაო. საქართველო აღმოჩნდა ისეთი ალტერნატივის წინაშე, საიდანაც უდანაკარგო გამოსავალი (ანუ უდანაკარგო არჩევანი) არ არსებობს.
        როგორც ჩანს, სამშვიდობო ძალებს მანდატი გაუგრძელდებათ.: სანაცვლოდ საქართველო ვერ მიიღებს მატარებლის მოძრაობის სრულ შეწყვეტას და აფხაზი სეპარატისტებისთვის პასპორტში შტამპის ჩარტყმის პროცესთა შეჩერებას, მაგრამ სამიტი ამ მხრივ უშედეგო ნეამდვილად არ ყოფილა:
        პუტინმა თქვა მთავარი _ რუსეთი მზად არის «გაყინოს» ურთიერთობა აფხაზეთთან იმ დონეზე, რა დონეზეც იგი ამჟამად ჩამოყალიბდა, ანუ ელექტრომატარებელი ივლის კვირაში სამჯერ )და არა ყოველდღე), ივლის მხოლოდ სოჭამდე. აფხაზები ვერ მიიღებენ ნამდვილ რუსულ («არწივიან») პასპორტებს (ჯერჯერობით), მაგრამ ეს მხოლოდ იმ პირობით, თუ საქართველო დააკმაყოფილებს რუსეთის მოთხოვნებს პანკისის ხეობასთან დაკავშირებით! ანუ, საჭიროების შემთხვევაში (თუ რუსეთი ამასაც აუცილებლად მიიჩნევს), დათანხმდება ერთობლივ ოპერაციას ხეობაში. თუ ამას არ დავეთანხმებით, თუ დაპატიმრებულ ჩეჩნებს არ გადავცემთ, მაშინ დაახლოებით ივნის-ივლისიდან მატარებელი ყოველდღე ივლის, სოხუმის აეროპორტი გაიხსნება და სეპარატისტები სრულფასოვან პასპორტებს მიიღებენ.

დილის გაზეთი, 30 იანვარი, 2003 წელი

მთელ გვერდზე