33 იანვარი

        ერთობ უხიაგი და ბოროტი ხუმრობაა, მაგრამ საქართველოში ხშირად ამბობენ, რომ რაიმე არარეალურად და ფუჭად საოცნებო 32 ან 33 ამ თვისას მოხდებაო.

        შესაძლოა, ეს ინტერნაციონალური «შავი იუმორის» გამოვლინებაც იყოს (მით უმეტეს, როდესაც საქმე ასეულობით ათასი ლტოლვილის უბედურებას ეხება), მაგრამ ერთ-ერთი რუსული გაზეთი შაბათს ბოროტად ქილიკობდა: ქართველები 33 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარებას გეგმავენ, რომელზეც აფხაზეთის «დაბრუნების» საკითხი უნდა გადაწყდესო.
        რასაკვირველია, ქილიკი შემთხვევითი ან უსაფუძვლო არ არის. რუსები ჩეჩნეთში წარუმატებლობის კომპენსირებას საქართველოს დამცირებით ცდილობენ.
        31 იანვარს ნიუ-იორკში მართლაც არის დაგეგმილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს «ჩვეულებრივი», რიგითი სხდომა აფხაზეთის საკითხზე. ამ სხდომის რუტინულობას ვერ ცვლის ვერც სოჭი-სოხუმის მატარებელი, ვერც აფხაზეთში რუსული პასპორტების მასობრივად დარიგება.
        უშიშროების საბჭო 6 თვეში ერთხელ იკრიბება სხდომაზე, რათა ფორმალურად მოისმინოს გენერალური მდივნის მოხსენება «ქართულ-აფხაზური» კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ და კიდევ 6 თვით გაუგრძელოს მანდატი გაეროს სამხედრო დამკვირვებლებს _ ოღონდ იმის მიხედვით, გაუგრძელებს თუ არა საქართველო მანდატს რუსეთის, ეგრეთ წოდებულ, სამშვიდობო ძალებს.
        ანუ, იმ შემთხვევაში, თუ სამშვიდობო ძალებს მანდატი არ გაუგრძელდებათ _ ავტომატურად უწყდებათ მანდატი გაეროს დამკვირვებლებსაც. ამ მომენტს განსაკუთრებით უნდა მივაქციოთ ყურადღება, ვინაიდან იგი უდავოდ ასახავს კონსენსუსს, რასაც დიდი ხნის წინათ მიაღწიეს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა საქართველოსთან (აფხაზეთთან) დაკავშირებით: მიუხედავად იმისა, რომ გაეროს წესდებით, მეზობელ (დაინტერესებულ) ქვეყანას არა აქვს უფლება სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებისა, პოსტსაბჭოური სივრცის «სპეციფიკურობის» გათვალისწინებით, რუსეთმა მიიღო დსთ-ის მანდატი, ხოლო დასავლეთმა ეს «მანდატი» გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა კონფლიქტის ზონაში მივლინებით «გაანათლა».
        მაშასადამე, თუ ამ ლოგიკურ ჯაჭვს გავყვებით, რუსეთის სამშვიდობო ძალთა კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შემთხვევაში (რა თქმა უნდა, დიდი ხანია გასაყვანია) დასავლეთი შეეცდება, თავადაც მოიხსნას პასუხისმგებლობა. სწორედ ამას ნიშნავს გაეროს დამკვირვებელთა გაწვევა.
        არ არსებობს არავითარი სიმპტომი იმისა, რომ 31 იანვარს დაგეგმილ უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოვლენები სხვაგვარად განვითარდება, მით უმეტე,ს დღევანდელ ვითარებაში, რაც პლანეტაზე შეიქმნა. 27 იანვარს (ანუ «ჩვენს» სხდომამდე ოთხიოდე დღით ადრე) გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მორიგი «ისტორიული», საბედისწერო დღეა. ესოდენ საბედისწერო სხდომა 1991 წლის შემდეგ არ ყოფილა, როცა ერაყმა კუვეიტი დაიპყრო, ხოლო უშიშროების საბჭომ ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყება დააკანონა.
        ამჟამადაც, 27 იანვარს, მთელი მსოფლიოს ყურადღება ისტ-რივერთან მდებარე ცათამბჯენისკენ იქნება მიმართული. უდიდესი ტელეკომპანიები უეჭველად პირდაპირ ეთერში გადასცემენ სხდომას, რომელზეც გაეროს დამკვირვებელთა მეთაურის – ჰანს ბლიქსის მოხსენება უნდა მოისმინონ ერაყში ინსპექციის თაობაზე.
        ამ მოხსენების შემდეგ შედგება კენჭისყრა და უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები ამჟამად გააფთრებით ვაჭრობენ «ერაყის გარშემო». ჩინეთი და რუსეთი ომის დაწყებას, რა თქმა უნდა, ხმას არ მისცემენ. მაგრამ ამერიკისთვის ისიც საკმარისი იქნება, თუ ისინი თავს შეიკავებენ და ვეტოს უფლებას არ გამოიყენებენ.
        რას მოითხოვს რუსეთი თავშეკავების სანაცვლოდ? თავს ნუ მოვიტყუებთ _ მხოლოდ საქართველოს და (მათ შორის) აფხაზეთს იმხელა მნიშვნელობა არა აქვს რუსეთ-ამერიკის ვაჭრობის მთავარ საგნად იქცეს, მაგრამ ერთ-ერთ თემად უეჭველად იქცევა.
        რუსები მოითხოვენ ამერიკის «გულგრილობას» აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მეტი მათ არც არაფერი სჭირდებათ: «თვალი დახუჭეთ, მორჩა და გათავდა».
        საუბედუროდ, 27 იანვრის სხდომისაგან განსხვავებით, 31 იანვარს გაეროს შტაბბინაში არავითარი აჟიოტაჟი არ იქნება, არც ერთი ტელეკომპანია ტრანსლირებას არ განახორციელებს - «რა დროს ეს იქნება», როცა ფანატიკურ არაბულ სამყაროსთან ომამდე ორიოდე კვირაა დარჩენილი.
        რუსეთმა ძალიან ზუსტად შეარჩია დრო «მცოცავი აგრესიის» განსახორციელებლად, როდესაც ჩვენი უბედური ქვეყნისთვის არავის სცალია.

დილის გაზეთი, 20 იანვარი, 2003 წელი

მთელ გვერდზე