ნაქვეყნარის ნაძეგლარი

        საპარლამენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე, ვითარება სულ უფრო იძაბება – ეს უკვე მოყირჭებული კლიშე, ყველაფრის მიუხედავად, ქართული პოლიტიკის «მცირე კატეხიზისად» რჩება, ვინაიდან ჩვენი საცოდავი ქვეყანა მართლაც არჩევნებიდან – არჩევნებამდე ცხოვრობს.
    სინამდვილეში, მომავალ არჩევნებს ერთადერთი რეალური ინტერესი გასდევს თან ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც განვლილი «თხუთმეტწლეულიდან» მცირე დასკვნა მაინც გამოიტანა.
        კერძოდ, რამდენად შერჩა ქართველ ხალხს პასიონარულობის რესრუსი მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანაში დატრიალდა? მომავალი არჩევნები ამ კითხვას კი უდავოდ გასცემს პასუხს. ეს ისევ თვალნათელია, რგორც რეფერენდუმის შედეგი – პარლამენტის რიცხოვნების შემცირების თაობაზე.
        ამასობაში, პოლიტიკურ სცენაზე კვლავ შექსპირული ვნებები ბობოქრობს. როგორც ჩანს, ეს მძვინვარება მწვერვალს ოქტომბრის ბოლოსათვის მიაღწევს. თუმცა, დაპირისპირების ძირითადი სუბიექტები უკვე გამოიკვეთნეენ: დამოკიდებულება პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის სულ უფრო მკვეთრი და მკვახე ხდება.
        დასავლეთ საქართველოში მოგზაურობისას, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ «უბრალო გლეხმაც კი იმაზე მეტი იცის, თუ რა ხდება ქვეყანაში, ვიდრე პრეზიდენტმა». ზემოთ მოყვანილი განცხადებაუ ეჭველად, კიევ უფრო მწვავე «შეჯახების» საფუძველი გახდება. ისიც ცხადია, რომ დაპირისპირება 2 ნოემბერს არ აომიწურება და შემდგომშიც გაგრძელდება.
        მით უმეტეს, რომ ნინო ბურჯანაძის პოზიცია სულ უფრო მეტად იძენს შეურიგებელ ხასიათს. ამაზე ნათლად მიგვანიშნებს, მაგალითად, მისი მწვავე განცხადება, რომელიც მან იმერეთში ყოფნისას გააკეთა. «ქართველებს გვაქვს გამოთქმა ნასახლარი, ნასოფლარი, ნაქალაქარი, მაგრამ ნაქვეყნარი – ასეთი სიტყვა არ გვქონია. დღეს, როდესაც ქალაქ-ქალა და სოფელ-სოფელ დავდივარ, ისეთ დანგრეულ საქართველოს ვხედავ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ უკვე ნაქვეყნარია. ამიტომაც ქვეყანას რადიკალური ცვლილებები სიჭრდება. არ მინდა, რომ ჩემმა და თქვენმა შვილებმა ასეთ ქვეყანაში იცხოვრონ» _ ამბობს ნინო.
           «მთელი ქვეყანა შემოვიარე და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ «ნაქვეყნარი» ვნახეო».
        ამ სიტყვებში ქალბატონი ნინოს «იმერული ფესვები» ნათლად წარმოჩინდა, რადგან ტერმინს სწორედ იმერული შავი იუმორის (თუმცა, სასაცილო ნამდვილად არაფერია და არც მას უთქვამს სასაცილოდ), აგრეთვე, სპეციფიკური სემანტიკის კვალი აჩნია. ჩვენი «სახელოვანი» სამოქალაქო ომის შემდეგ, ცხონებულმა ლევან სანიკიძემ მიაქცია ყურადღება, რომ ქუთაისში პაემანის დანიშვნისას, ახალგაზრდები თანხმდებიან:. «ლენინის ნაძეგლართან» შევხვდეთო.
        ეს «ნაძეგლარი», უდავოდ, არაჩვეულებრივი მიგნებაა და მთელ ფილოსოფიას იტევს. «ნაქვეყნარზე» ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობთ. ოღონდ, «ნაძეგლარისაგან» განსხვავებით, რომლეიც კონკრეტული თაობისა და საზოგადოებრივი ფენის პასხუისმგებლობას გულისხმობს (ვისი «ნაძეგლარიც» არ უნდა იყოს, «ნაძეგლარი» მიანც ამაზრზენია), «ნაქვეყნარი» ბევრად შემაძრწუნებელი ტერმინია. თუმცა, შინაარსობრივად არანაკლებ ზუსტი და მეტყველი. თანაც, ძალზე საეჭვოა, «ნაქვეყნარმა» რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას დააკისროს პასუხისმგებლობა, ვინაიდან, თუ მან დაუშვა (მართლაც) ნაქვეყნარად ექციათ, - ამას ვერც ერთი ადამიანი თუ პარტია (ფართო გაგებით) და ვერც ერთი რომელიმე სოციალური ფენა ვერ მოახერხებდა. მაშასადამე, «ნაქვეყნარობა» ერთგვარი ქართული ტრადიციაც არის: წლიდან-წლამდე, საუკუნიდან – საუკუნემდე, სამოქალაქო ომიდან – შედმგომ სამოქალაქო ომამდე. აკი ბრძანა კიეც ერთმა ისტორიკოსმა: საქართველოს ისტორია დიდწილად სამოქალაქო ომების ისტორიააო. შემთხვევითი როდია, თუ ნებისმიერ დიდ ენაში (ინგლისურში, ფრანგულში, რუსულში, გერმანულში) იმსავე სემანტიკის გადმოსაცემად (ანუ «ნაქვეყნეარის» ამ ენაზე გამოსახატად) მთელი წინადადება დაგჭირდებათ.
        ეს საოცარი ფენომენი ჯერ კიდევ გურამ დოჩანაშვილმა შენიშნა თავის შესანიშნავ მოთხრობაში. გახსოვთ, ალბათ, როგორი სიამაყით იხსენებს კაცი «რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარდა, არაჩვეულებრივ ქართულ სიტყვებს: შემომაკვდა, შემომეჭამა... და ასე შემდეგ. შეგიძლიათ ამგვარი რამ თქვათ რუსულად ან ინგლისურად? უეჭველად რთულად ქვეწყობილი წინადადება დაგჭირდებათ და აზრის სრულად გადმოსაცემად თვით ამ ენათა უმდიდრესი ლექსიკის მოხმობა მოგიწევთ.
        მაშასადამე, «შემომე...» და «ნაქვეყნარ-ნაძეგლარი» გარკვეული ისტორიულ-სემანტიკური გამოცდილების გაომხატულებანი არიან. უფრო მეტიც: ამ გამოცდილებამ შექმნა შესაბამისი ზმნური მიმართებანიც არა პირიქით. ასეთი საოცარი ფენომენი კი მხოლოდ ერთი თაობის, მით უმეტეს, ერთი პოლიტიკური ელიტისა და კიდევ უმეტეს, ერთი პარტიის ან ერთი კონკრეტული პოლიტიკოსის ძალისხმევით მართლაც ვერ ჩამოყლაიბდებოდა. მას დიდი ტრადიცია სჭირდება – ის ტრადიცია, რამაც «აქამდე მოგვიტანა» და «ასეთებად» გვაქცია.
       ეს არის მთავარი, თორემ თავის მხრივ და თავისი თვალსაწიერით, ედუარდ შევარდნაძეც მართალია და ნინო ბურჯანაძეც. იმედია, 2 ნოემბრის შემდგე, მათ, მოლაპარაკებათა საწარმოებლად, არ მოუწევთ შეხვედრა მესამე ქვეყანაში, რომელიმე გულისხმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით დადგმულ და ქართული დიასპორის მიერ პოლიტიკური შეურიგებლობის მოტივებით იავარქმნილ (იხილეთ 1921 «წლების» ქართული სათვისტომო საფრანგეთში) «საქართველოს ნაძეგლართან».

დილის გაზეთი, 20 ოქტომბერი, 2003 წელი

მთელ გვერდზე