მოსკოვში – უიმედოდ

        ხუთშაბათს რუსეთის დედაქალაქში დაიწყო ქართულ-რუსული მოლაპარაკება სამშვიდობო ძალთა მანდატის გაგრძელებასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, შეთანხმებას ამ მოლაპარაკების გამართვის შესახებ პრეზიდენტმა პუტინმა და შევარდნაძემ კიევში შეხვედრისას მოაწერეს. საქართველოს მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ საგანგებო საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე, რუსეთის მხრიდან – პრეზიდენტის რწმუნებული აფხაზეთის საკითხში საგანგებო დავალებათა ელჩი, ვალერი ლოშჩინინი.
        თვით მოლაპარაკებათა ასეთი ფორმატი კარგს არაფერს გვიქადის, ვინაიდან, ვალერი ლოშინინის განსახილველ საკითხებზე თავისი პოზიცია არაერთგზის დაუდასტურებია.
        მოლაპარაკებებისას ქართული დელეგაცია ცდილობს, მიაღწიოს მინიმუმს: მანდატის გაგრძელება – სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტისა და პასპორტების გაცემის შეჩერების სანაცვლოდ. ეს უკვე თავისთავად მეტყველებს საქართველოს პოზიციის სისუსტეზე, ვინაიდან, თითქოს უფრო ლოგიკური იქნებოდა, მოგვეთხოვა მანდატის გაგრძელება არა (საახალწლო სიურპრიზების) შეწყვეტის, არამედ სამშვიდობო ძალთა მოქმედების არეალის ღალიძგამდე გაფართოების და მათთვის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის ფუნქციის მინიჭების სანაცვლოდ.
        მაგრამ, მოსკოვიდან მიღებული ცნობებით, ვითარება იმეზე რთულია, - ვიდრე თავდაპირველად ჩანდა. რუსული მხარე საერთოდ უარს აცხადებს ამ წინადადებათა განხილვაზე, იმ მოტივით, რომ... (გაგიკვირდებათ) ისინი მისთვის, არათუ დიდი ხნის წინათ იყო ჯერ კიდევ ცნობილი (1998 წლიდან), არამედ სავსებით მისაღებია! დიახ, რუსეთი ამ მოლაპარაკების დროსაც და ყოველთვის (მანამდე) ადასტურებს, რომ იგი მზად არის გააფართოვოს სამშივდობო ძალთა მოქმედების ასპარეზი მდინარე ღალიძგამდე, შეიძინოს საპოლიციო ფუნქციები, უზრუნველყოს ქართველი მოსახლეობის დაბრუნება და დაიცვას იგი, მონაწილეობა მიიღოს კოალიციურ ადმინისტრაციაში, შევიდეს კოალიციური (სამმხრივი: რუსულ-ქართულ-აფხაზური) სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში და ასე შემდეგ.
        საამისოდ რუსეთი მხოლოდ ერთ «პატარა» რამეს ითხოვს: აფხაზური მხარის თანხმობას _ მეტს არაფერს. ვალერი ლოშჩინინმაც «მხრები აიჩეჩა» მოლაპარაკებებისას: რუსეთი კი თანახმაა, მაგრამ ამ გეგმის განსახრციელებლად აფხაზური მზარეც უნდა დაეთანხმოთ – წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალმხრივ მოქმედებას არ ვაპირებთო. მანამდე არაფერი გეტკინოთ, ვიდრე ახფაზი სეპარატისტები ამას არ დაეთანხმებიან.
        ეს რაც შეეხება «მანდატის გაფართოებას მისი გაგრძელების სანაცვლოდ», მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთი არც «მინიმუმის» დათმობას აპირებს, ანუ არ სურს, მატარებლის მიმოსვლისა და პასპორტების გაცემის შეწყვეტა.
        ლოშჩინინს პირდაპირ არ უთქვამს, თუმცა, იგულისხმებოდა: გინდათ გააგრძელეთ მანდატი, არ გინდათ – ნუ გააგრძელებთ, ჩვენ სამშვიობო ჯარს გავიყვანთ და მერე მთელი პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ. «ცისფერჩაფხუტიანთა» გასვლა ენგურის აუზიდან მაშინვე, რა თქმა უნდა, არ მოხდება. ამას 2-3 თვე მაინც დასიჭრდება, ხოლო ამ პერიოდის განმავლობაში, სეპარატისტები შეეცდებიან, გაანადგურონ საქართვლეოს უკანასკნელი პლაცდარმი კოდორის ხეობაში. საპასუხოდ კი ქართული შეიარაღებული ძალები ვერ შეძლებენ შეტევის განხორციელებას გალი-ოჩამჩირის მიმართულებით, ვინაიდან «რუსის ჯარი» ჯერ კიდევ არ იქნება გასული ენგურის აუზიდან. თანაც, ეს პროცესები განვითარდება ერაყის ომის ფონზე, როდესაც საქართველოსთვის არავის ეცლება.
        ერაყში ამერიკის ხანგრძლივი «ჩაფლობა» შეიძლება დასავლური ცივილიზაციის ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის საწყისად იქცეს. ასეთ ვითარებაში, საქართველოს ტრაგედია, სამწუხაროდ, ევროპისა და მთელი დასავლეთისთვის ისეთივე უმნიშვნელო ეპიზოდად დარჩება, როგორიც 1992-93 წლების სისხლისმღვრელი ომი იყო (აფხაზეთში) – იუგოსლავიის გრანდიოზული სასაკლაოს ფონზე.
        იოტისოდენა ეჭვი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ სტატუს-კვო შენარჩუნდება მხოლდ გაზაფხულამდე, ვიდრე კვლავ გამწვავდება «პანკისის პრობლემა» და რუსეთს საქართველოს დათმობები დასიჭრდება «ერთობლივი ოპერაციის» სახით.
        მანდატის გაგრძელბა დღევანდელ ვითარებაში თითქმის გამორიცხულია. შესაძლებელია, მხოლოდ ის კომპრომისი, რომ მანდატი არ გაგრძელდეს, ხოლო საქართვლეომ საშმივდობო ძალთა გაყვანა არ მოითხოვოს. დათანხმდება თუ არა მას კრემლი, კიდევ საკითხავია.

დილის გაზეთი, 7 თებერვალი, 2003 წელი

მთელ გვერდზე