მემარცხენეები რუსეთზე აღარ ლოცულობენ

        არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ქართული პოლიტოკრატიისა და სოციუმისთვის დამახასიათებელი ფანტომები კვლავ უაღრესად აქტუალური ხდება. «ფუნდამენტური» მოტივი და არგუმენტი ის არის, რომ 20_03 წლის საპარლამენტო არჩევნები «გადამწყვეტი» იქნება. თუმცა, ისიც საკითხავია, 1990 წლის 28 ოქტომბრის შემდეგ «არგადამწყვეტი» და «არასამკვდროსასიცოცხლო» არჩევნები თუ ჩატარებულა. რაკი დღეს 25 თებერვალია, ალბათ, უპრიანია, ორიოდე სიტყვა აგრესიის საფრთხეზეც ითქვას, მით უმეტეს, რომ სულ უფრო ხშირად გაისმის ცნობილი სტერეოტიპი: «როგორც 1921 წელს სერგო ორჯონიკიძე შემოუძღვა საქართველოში ბოლშევიკური რუსეთის წითელ არმიას, ასევე, გეგმავენ ზოგიერთები...»

        ახლა უკვე ადვილად შესამჩნევია: ეს საფრთხობელა დღევანდელ საქართვლეოში აღარ მუშაობს, ვინაიდან საზოგადოება გუმანით ხვდება, რომ «პრორუსული» ძალები დღეს უკვე შესაძლოა, სულაც აღარ იყვნენ «წითელი» შეფერილობისა. 19212 წლის თებერვალში თბილისისკენ დაძრულ მე-11 არმიას თითქმის არავითარი წინააღმდეგობა არ შეხვედრია – კოჯორთან თბილისელი იუნკრების უაზრო თავგანწირვამ მხოლოდ «ნამუსი შეუნახა» საქართველოს, თორემ მთელ ქვეყანაში ისეთივე გულგრილი, აგდებული, ცინიკური და «ხელჩაქნეული» ატმოსფერო სუფევდა, როგორიც აფხაზეთის ომის დროს.
        ქართველმა კომუნისტებმა (მე-11 არმიის სათავეში) სრული საზოგადოებრივი გულგრილობის პირობებში ჩაიგდეს ხელისუფლება და 70 წელი მართავდნენ ქვეყანას. იმ მოვლენებიდან ათეულობით წელი გავიდა, მაგრამ მისი გაკვეთილი სწორედ ამ თვალსაზრისით არის საინტერესო: რა ოსტატურად და წარმატებით შეუძლია რუსეთს ისარგებლოს გულგრილობისა და ნიჰილიზმის ატმოსფეროთი, რომელიც ამჟამადაც შესამჩნევია.
        აგრესორთა «წითელ შეფერილობას» აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს. კომუნისტური იდეოლოგია დამარცხდა. მას აღარ შეუძლია, «გარე აგრესიის იდეოლოგიური საფუძვლის» ფუნქცია შეასრულოს.
        გარდა ამისა, ვინ შეასრულებს სერგო ორჯონიკიძისა და მისი გუნდის როლს? საქართველოში კომუნისტური პარტია (თუნდაც ისეთი, ზიუგანოვის კომპარტიას რომ შეედრებოდა) არ არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, თითქოს, შესაბამისი სოციალური ფენა უკვალოდ გაქრა. პირიქით, «სოციალური მოთხოვნებისადმი» მგრძნობიარე და ადეკვატური სოციუმი ეკონომიკური პრობლემების გამო, სულ უფრო ძლიერდება და იზრდება, ოღონდ ამას არავითარი კავშირი «წითელი სარფთხის ქიმერასთან» არა აქვს. კომუნისტების ნაცვლად, «სოციალურად პროტესტულ» ელექტორატს ერთმანეთს მეტ-ნაკლებად სოციალ-დემოკრატიული ყაიდის პარტიები ეცილებიან: «ლეიბორისტები», «სოციალისტები», «მრეწველები».
        არამარგინალურ პარტიებს შორის ყველაზე მეტად «მემარცხენეა» ლეიბორისტული პარტია, მაგრამ შალვა ნათელაშვილს «პრორუსულობას» ვერ დააბრალებ.
        მითი ქართველი «მემარცხენეების» კრემლის მარიონეტობაზე ყოვლად უსაფუძვლოა. ეს ითქმის «ოსციალისტებზეც». ვახტანგ რჩეულიშვილი რუსეთში ყოფნისას საკმაოდ მკვეთრ განცხადებებს აკეთებს მოსკოვის ბოლოდროინდელი მოქმედებების გამო. «მრეწველები» მხარს უჭერენ ნატოში გაწევრიანებას და ასე შემდეგ. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტზე არ არსებობს პარტია (მარგინალები არ ითვლებიან), ვისაც კრემლი დაეყრდნობოდა საქართველოს ანექსიისას. ისიც საკითხავია, რამდენად სჭირდება მას ეს ანექსია, ვინაიდან, იმ ქვეყანაში საბოლოოდ მოიკიდა ფეხი ჯანსაღმა აზრმა: რატომ ვაჭამოთ კოლონიებს? რუსეთის დასაყრდენი არა რომელიმე პარტია, არამედ 15-წლიანი სტრესით გათანგული მთელი ქართველი საზოგადოება შეიძლება იყოს.

დილის გაზეთი, 25 თებერვალი, 2003 წელი

მთელ გვერდზე