დომინოს პრინციპი

        სენსაციებს მოშიებული ქართული პოლიტსოციუმი «შეძრა» ცნობამ მაჟორიტართა ვადის შესაძლო გაგრძელების თაობაზე. ეს ინფორმაცია მასმედიით გავრცელდა, თუმცა, არც ერთი წყარო კონკრეტულად არ ასახელებდა «პირველ ხელს», ანუ პირველწყაროს, საიდანაც მესიჯი «აგორდა».

        განცხადებები იმის თაობაზე, რომ ინიციატივა «კანცელარიას ეკუთვნის», კონკრეტული ფაქტებით არ არის განმტკიცებული – არც პრეზიდენტის გარემოცვის რომელიმე წევრს, არც სახელმწიფო კანცელარიის რომელიმე თანამშრომელს, მით უმეტეს, სახელმწიფო მინისტრს და თვით პრეზიდენტს არათუ არაფერი მსგავსი არ უთქვამთ, არამედ ქარაგმულადაც არ მიუნიშნებიათ.
        უფრო მეტიც: აღმასრულებელი ხელისუფლება საკონსტიტუციო რეფორმის თემას ბოლო დროს საერთოდ არ შეხებია. არადა, მაჟორიტარი დეპუტატებისთვის (მათი რაოდენობა 85-ს აღწევს აფხაზეთიდან, 1992 წელს არჩეულებთან ერთად) უფლებამოსილების ორი წლით გაგრძელება უდავოდ საკონსტიტუციო ცვლილებათა საკითხია და შეიძლება, მხოლოდ ამ კონტექსტში განიხილებოდეს.
        წარმოუდგენელია, ვინმეს ჰქონდეს ილუზია, თითქოს შესაძლებელია ამ საკითხის გადაწყვეტა ლოკალურად, საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე ოპოზიციასთან ფართო კონსულტაციების გარეშე.
        ამრიგად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ინიციატორი აღმასრულებელი ხელისუფლება არ ყოფილა.
        იდეა, როგორც ჩანს, თვით «მაჟორიტართა» კორპუსში გაჩნდა, რაც თავისთავად მეტად ნიშანდობლივი და ბევრისმაუწყებელი სიმპტომია. საქმე ის გახლავთ, რომ როდესაც 2 წლის წინათ პარლამენტში დაიწყო «ხმების დათვლა» მინისტრთა კაბინეტის შემოღებასთან დაკავშირებით, ამ წამოწყებას, ერთი შეხედვით, «მოულოდნელი» წინააღმდეგობა სწორედ მაჟორიტარებმა გაუწიეს, თანაც, პარტიული კუთნვილების მიუხედავად. მაშასადამე, «მინისტრთა კაბინეტის» ინიციატივაში და შესაბამის საკონსტიტუციო ინსტიტუტებში, რაც მთავრობის (როგორც კოლეგიალური ორგანოს) აღდგენით უნდა დაფუძნებულიყო, იყო რაღაც მომენტი, რომელიც «მაჟორიტარისთვის» კორპორაციულად მიუღებელია.
        თუ რა მომენტია ეს, ძნელი მისახვედრი არ გახლავთ: «მინისტრთა კაბინეტის» შემოღება პარპლამენტს ანიჭებდა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების უფლებას, მაგრამ პრეზიდენტსაც ეძლეოდა უფლება, დაეთხოვა პარლამენტი. მაშასადამე, «მაჟორიტარები» რჩებოდნენ საკანონმდებლო ორგანოს მიღმა, ანუ კარგავდნენ 4-წლიან გარანტირებულ პრეროგატივებს, რაც, რეგიონულ ელიტებთან ერთად, არჩევნებისას გვარიანი თანხა დაუჯდათ.
        ბუნებრივია, ამჟამინდელ საკონსტიტუციო პროცესშიც ისინი მონაწილეობას მხოლოდ გარკვეული პირობებითა და გარანტიებით მიიღებენ. მივაქციოთ ყურადღება: ანონიმ მაჟორიტართა ინიციატივაში იმაზე კი არ არის საუბარი, რომ პარლამენტი ორ პალატად გაიყოს 2003 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე, არამედ გარანტიებზე ამ არჩევნების შემდეგაც. ესე იგი, «მაჟორიტარებს» ორი წლით გაუგრძელდეთ უფლებამოსილება _ სენატის ფორმირებამდე. იგულისხმება სენატის არჩევა კონსტიტუციური ცვლილებების საფუძველზე, მაგრამ თუ ეს ცვლილებები ვერ განხორციელდა, მაშინ (ლოგიკურია) მაჟორიტარებს კიდევ გაუგრძელდეთ მანდატის ვადა.
        მით უმეტეს, პრეცედენტი არსებობს: პარლამენტის 10 წევრი (აფხაზეთიდან არჩეული ან აფხაზეთში მცხოვრები და პარლამენტში პარტიული სიებით მოხვედრილი) 1992 წლიდან - დღემდე იმყოფება საკანონმდებლო ორგანოში იმ არცთუ მთლად უსაფუძვლო მოტივით, რომ «არ უნდა გაწყდეს იურიდიული კავშირი აფხაზეთთან». თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება: 1992 წლის შემდეგ მათი მანდატის საფუძველია არა არჩევნები, არამედ თვით პარლამენტის გადაწყვეტილება _ შემდეგ პარლამენტში ამ დეპუტატთა «კოოპტირების» შესახებ.
        ამრიგად, მაჟორიტარებისთვის უფლებამოსილებათა გაგრძელების წინადადება (ცალკე აღებული ინიციატივის სახით) აბსოლუტურად განუხორციელებადია. სხვა საკითხია, რომ ამ წინადადების მეშვეობით, საპარლამენტო ჯგუფები (აი, აქ კი შეიძლება დაემთხვეს «უმრავლესობისა» და «უმცირესობის» ინტერესები) ცდილობენ, «დომინოს» პრინციპით გამოიწვიონ თვით საკონსტიტუციო რეფორმის საკითხის აქტუალიზება, როდესაც ერთი თემის მეშვეობით ხდება მეორე (მონათესავე) თემის წამოწევა და ასე შემდეგ.
        ამ შემთხვევაშიც, ინიციატივის «პარტიულ შეფერილობას» მნიშვნელობა არა აქვს, ვინაიდან თანდათან მწიფდება ვითარება, როდესაც მთელი პოლიტიკური ელიტა, მთელი ისტებლიშმენტი იწყებს ფიქრსა და ყოყმანს: ჯობს დაელოდოს საპარლამენტო არჩევნებს და საკონსტიტუციო რეფორმა მომავალ საკანონმდებლო ორგანოს მიანდოს, თუ «მოასწროს» საკონსტიტუციო რეფორმა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. ამგვარი ყოყმანის მიზეზიც გასაგებია: მოსახლეობაში ნიჰილიზმმა ისეთ დონეს მიაღწია, ვერავინ იტყვის დანამდვილებით, რა მოხდება მომავალ არჩევნებზე. შეიძლება «ანტისისტემურმა» ძალებმა გაიმარჯვონ, რაც კონსტიტუციური წყობის საფუძველთა რყევას მოასწავებს. ან პირიქით _ მანდატების საკმარისი რაოდენობა მოიპოვოს ისეთმა პარტიამ, რომელსაც საერთოდ არ მიაჩნია მიზანშეწონილად კონსტიტუციის შეცვლა, ორპალატიანი პარლამენტის დაფუძნება და მინისტრთა კაბინეტის შემოღება.
        ამიტომ უახლოეს მომავალში (ალბათ, ბიუჯუეტის დამტკიცებამდე) ინტერპარტიული კონსულტაციების დაწყება კონსტიტუციური რეფორმის თაობაზე გარდაუვალია. შესაბამისად, გახშირდა პარტიულ ლიდერთა კონსულტაციები პრეზიდენტთან.

დილის გაზეთი, 9 იანვარი, 2003 წელი

მთელ გვერდზე