ლტოლვილთა დილემა

      პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილებისადმი საერთაშორისო ორგანიზაციათა განსაკუთრებულმა ყურადღებამ კვლავ შეგვახსენა ქართველ ლტოლვილთა პრობლემა, რომლებიც უკვე ათ წელზე მეტია, რაც მშობლიური სახლიდან გამოდევნილნი არიან.
      რამდენიმე წლის წინათ გაეროს ლტოლვილთა კომისარიატმა დედაქალაქის სარეკლამო ფირნიშებზე განათავსა მის მიერ მრავალ ქვეყანაში აპრობირებული ლოზუნგი – რეკლამა: დიდი ალბერტ აინშტაინი მიმართავდა მოქალაქეებს – მეც ლტოლვილი ვიყავი და ვიცი, ეს რას ნიშნავს. დაეხმარეთ აფხაზეთიდან ლტოლვილებს, რათა ბედნიერად იცხოვრონ ახალ სამშობლოში.
      ამ მოწოდებამ საყოველთაო (და სავსებით სამართლიანი) აღშფოთება გამოიწვია. მართლაც, ძირითადი აზრით გამოდიოდა, რომ ჯერ ერთი, აფხაზეთიდან ლტოლვილები სხვა ქვეყანაში მოხვდნენ (როგორც ალბერტ აინშტაინმა შეაფარა თავი ამერიკას მას შემდეგ, რაც ფაშისტური გერმანიიდან გააძევეს) და თითქოს ისიც იგულისხმებოდა, რომ ისინი ვეღარასოდეს დაბრუნდებიან აფხაზეთში, ანუ «ახალ სამშობლოს» უნდა შეეგუონ.
      საყოველთაო აღშფოთება იმას ადასტურებდა, რომ არც ერთ ამ მესიჯს არც თვით ლტოლვილები და არც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არ ეთანხმება. მიუხედავად ამისა, ლტოლვილებთან დაკავშირებით ბევრი სტრატეგიული და არსობრივი საკითხი კვლავინდებურად გაურკვეველია. არსებობს ორი ძირითადი ტალღა ჩეჩენ ლტოლვილთა გარდა, რომელთა რაოდენობა 6-7 ათასს არასოდეს აღემატებოდა) ჯერ კიდევ 1990 წელს დაიწყო ლტოლვილობა ცხინვალის რეგიონიდან, უპირველესად, თვით ქალაქ ცხინვალიდან, შემდეგ კი (1991-1992 წლებში) მიმდებარე ხეობებიდან და ქართული სოფლებიდან.
      ყველაზე უმწვავეს პერიოდში ქართველ ლტოლვილთა რაოდენობა 20 ათასს აღწევდა. თუმცა, შემდგომ ბევრი მათგანი სოფლებში დაბრუნდა, მაგრამ ცხინვალელი ქართველები (რამდენიმ ათასი ადამიანი) კვლავ ლტოლვილად რჩება.
      შეუდარებლად დიდი მასშტაბისაა აფხაზეთიდან ლტოლვილობა. ოფიციალური ცნობით, აფხაზეთი 1992-1993 წლებში ძალადობრივად დაატოვებინეს 300 ათას ადამიანს. ამ ციფრს აფხაზი სეპარატისტები და მათ იდეოლოგებად ქცეული ზატულინ-მიგრანიანები აქტიურად აპროტესტებენ. მათი უმთავრესი არგუმენტი ის არის, რომ ომამდე ქართველთა რაოდენობა აფხაზეთშგი 250 ათასს არ აჭარბებდა, 30-40 ათასი ქართველი კი შიშით, მაგრამ მაინც დაბრუნდა აფხაზეთში.
      ოღონდ, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ აფხაზი ფაშისტების მოქმედებისა და მათი გაჩაღებული ტერორის შედეგად, აფხაზეთი დატოვეს არა მხოლოდ ეთნიკურმა ქართველებმა, არამედ ათეულობით ათასმა სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანმაც. გარდა ამისა, არსებობდა შერეული ოჯახები და ასე შემდეგ. მაშასადამე, აფხაზეთის ლეგიტიმურიხელისუფლების მესვერთა მტკიცება, რომ ამჟამად აფხაზეთში ორასი ათასზე ოდნავ მეტი ადამიანი თუ ცხოვრობს – სიმართლეს შეესაბამება.
      სეპარატისტთა სტატისტიკოსები კი რუსეთში სამუდამოდ გაქცეულ აფსუებსაც «აფხაზეთის მოქალაქეებად» თვლიან. არადა, ბევრი მათგანი აღარასოდეს დაბრუნდება აფხაზეთში, თუნდაც ნომინალურად მის მოქალაქედ ირიცხებოდეს.
      საერთაშორისო ორგანიზაციათა დახმარების იმედად ყოფნა ამ პრობლემასთან დაკავშირებით სრულიად ფუჭია. გაეროს ლტოლვილთა კომისარიატს, ეუთოსა და ევროსაბჭოს შესაბამის სტრუქტურებს ორმოცდაათი წლის განმალვობაში ბევრი არაფერი გაუკეთებიათ მსოფლიოში მოთვლილი 300 მილიონი (!!!) ლტოლვილის დასახმარებლად _ თუ დახმარებაში იგულისხმება სამშობლოში დაბრუნება.
      მათი აქტიურობა მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლება და ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჰუმანიტარული დახმარება პოლიტიკურ პრობლემებს არ წარმოშობს. მაგალითად, გაეროს კომისარიატმა ჩეჩენ ლტოლვილთა დახმარება (ვგულისხმობ საგნობრივ და მასშტაბურ დახმარებას) ვერ გაბედა, რაკი რუსეით ამას «ბოევიკების» მხარდაჭერად» აცხადებდა. რაც შეეხება აფხაზეთიდან ლტოლვილებს, დაუდგენელია, რამდენი მათგანი დარჩა საქართველოში და რამდენმა შეაფარა თავი სხვა სახელმწიფოებს.
      ბუნებრივია, ბერძნებს, ებრაელებს, ესტონელებს, უკრაინელებს, რუსებსა და სომხებს წასასვლელი ჰქონდათ. ქართველ ლტოლვილთა პრობლემა კი ორმაგ სირთულეს წარმშოობს, რადგან აფხაზური იურისდიქციის პირობებში, ქართული მოსახლეობის მასობრივი დაბრუნება ძალიან საშიშ პროცესებს აძლევს დასაბამს, რაც დროთა განმავლობაში დასავლეთ საქართველოს სტაბილურობას შეუქმნის საფრთხეს.
      ქართულ მხარეს ჰქონდა ილუზია, რომ გალის რაიონში ლტოლვილთა დაბრუნება თვით აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტას შეუწყობდა ხელს, მაგრამ ეს თუ ჩვენ ვიცით – იცის მეორე მხარემაც. ამიტომ, სეპარატისტებმა 1994 წელს კინაღამ რუსულ კონტინგენტს გაუხსნეს ცეცხლი, როცა, ამ თვალსაზრისით, მისი მოქმედება არ მოეწონათ.
      მთლიანობაში, ლტოლვილთა პრობლემა საქართველოს არსებობის საკითხია, რადგან სახელმწიფოს ურთულესი დილემის გადაწყვეტა უწევს: ლტოლვილების დაბრუნების გარეშე ქვეყნის მთლიანობის პრობლემაც გადაუწყვეტადია, ხოლო სეპარატისტული იურისდიქციის პირობებში ადამიანების დაბრუნება ამ მოსახლეობის სამუდამოდ დაკარგვას ნიშნავს.

დილის გაზეთი, 20 ივნისი, 2003 წელი

მთელ გვერდზე