ექსტრაკლასის დიპლომატის უსარგებლო ვოიაჟი

        გუშინ საქართველოში ჩამოვიდა რუსეთის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ელჩი ვალერი ლოშჩინინი. ეს რეგალიები უეჭველად იმას ნიშნავ,ს რომ საქმე ექსტრაკლასის დიპლომატთან გვაქვს. დიპლომატის საქმიანობა კი, სწორედაც წყლის ნაყვაა, ოღონდ, ამ შემთხვევაში არა უაზროდ, არამედ თავისი ქვეყნის სასარგებლოდ.

        ამჯერად ლოშჩინინის მისია გართულებულია, თბილისში უკევე ყველა ხვდება ამას და პრობლემის მოგვარების ალტერნატიულ გზებსაც ეძებენ. როგორც ჩანს, რუსული დიპლომატია და კრემლი სერიოზულად შეაშფოთა უკანასკნელმა მოვლენებმა, მათ შორის პრეზიდენტ შევარდნაძის ვიზიტმა კიევში, აზერბაიჯან-საქართველო-უკრაინის პროდასავლური ღერძის შექმნამ და უკრაინის მზადყოფნამ, აქტიურად ჩაერთოს აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტაში, რაც ბოლო დრომდე რუსეთს თავის «საშინაო საქმედ» მიაჩნდა.
        ლეონიდ კუჩმას განცხადებით, უახლოეს მომავალში ყირიმი უმასპინძლებს კონფერენციას აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის შესახებ. თავად ეს კონფერენცია, რასაკვივრელია, სხვა ამგვარ სამიტებზე ბევრად ნაყოფიერი ვერ იქნება, მაგრამ იგი მაინც ქმნის გარკვეულ ალტერნატივას, რომელზეც შემდგომში ახალი ფორმატი შეიძლება აიგოს არა რუსეთის, არამედ უკრაინის პრიორიტეტული მონაწილეობით. ამგვარ თეორიულ შესაძლებლობას კრემლშიც ამჩნევენ და ამიტომაც შეფუცხუნდნენ. ლოშჩინინის სასწრაფო ვიზიტი ამ რეაქციის ნათელი გამოხატულებაა. თვით ვალერი ლოშჩინინი ოფიციალური თბილისის დაბეჯითებითი თხოვნით დაინიშნა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლედა, თუმცა, არანაირი კონსტრუქციულობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მას არ გამოუმჟღავნებია, პირიქით, დიპლომატიურად შენიღბულ, მაგრამ შინაარსობრივად აგრესიულ პოზიციას ადასტურებდა. ლოშჩინინისა და მისი უფროსობისათვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა სტატუს-კვოს შენარჩუნება, მაგრამ კიევის სამიტის გარდა, აქ ორმა დამატებითმა ფაქტორმა იჩინა თავი. უპირველეს ყოვლისა, ეს არის დაძაბულობა აფხაზეთში, დაპირისპირება ომის ვეტერანთა გაერთიანება «ამცახარასა» და პრეზიდენტ შევარდნაძის გარემოცვას შორის, რამაც რუსები ძალიან შეაშინა. მეორე მხრივ, სომხეთი სულ უფრო იხრჩობა ეკონომიკური ბლოკადით და რუსეთს ეაჯება, როგორმე აიძულოს საქართველო, გახსნას სარკინიგზო მოძრაობა სოჭი-თბილისი-ერევნის მიმართულებით. რომ არა უკანასკნელი გარემოება, რუსეთი ამ რკინიგზისთვისაც მაინცდამიანც არ აიტკივებდა თავს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის პრობლემა საქართველოს ერთადერთი რეალური ბერკეტია და მისი გამოყენებით მართლაც შეიძლება გარკვეულ შედეგს მივაღწიოთ, მაქსიმუმს თუ არა, მინიმუმს მაინც.
        ჯერ კიდევ აეროპორტში ვალერი ლოშჩინინმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებათა ძირითადი თემა იქნება სოჭის შეთანხმება ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის. იგი ითვალისწინებს რკინიგზის აღდგენის სინქრონიზაციას დევნილთა დაბრუნების პროცესთან. თუმცა, ობიექტურ დამკვირვებლებს ისეთი შთაბეჭდილება რჩებათ, რომ რუსეთს ამ შეთანხმებათა შესრულების დიდი იმედი არა აქვს და ყველანაირად ცდილობს საქართველოს შანტაჟირებას. მაგალითად, ლოშჩინინის ვიზიტის პარალელურად, გრძელდება სოხუმის აეროდრომის აღდგენითი სამუშაოები. აეროდრომზე უკვე დამონტაჟებულია უახლესი აპარატურა და უდიდესი გულუბრყვილობაა იმის ფიქრი, თითქოს რუსეთს აერონავიგაციის საერთაშორისო კავშირის შეეშინდება და ამის გამო ვერ გაბედავს მოსკოვი-სოხუმის რეისის აღდგენას. სხვათა შორის, აბბუშერას აეროდრომს ნებისმიერი კლასის თვთიმფრინავის მიღება შეუძლია, თვით «ილ-82»-ისაც კი, რომლეიც «ბოინგის» ტოლფასია. ამ მეთოდით მოსკოვი თითქოს გვეუბნება, რომ იგი კიდევ უფრო შორს წავა და აფხაზეთთან ყოველგვარ კავშირს აღადგენს, ინვესტიციებსაც განახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ საქართვლეო სომხეთამდე რკინიგზის აღდგენას არ დათანხმდება.
        რაც შეეხება უშუალოდ სოჭის შეთანხმებას და მის შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებს, ამთავითვე ნათელია, რომ თბილისსა და სოხუმს შორის ლოშჩინინის გადაადგიპლება არანაირ შედეგს არ გამოიღებს. რკინიგზის აღდგენა ვერ მოხერხდება, ვინაიდან აფხაზური მხარე არ თანგხმდება გალის რაიონში ერთობლივი ადმინისტრაციის შექმნას, ანუ არ სურს, შეზღუდოს თავისი მილიციის მოქმედება ამ რეგიონში. შესაბამისად, დევნილთა მასობრივ დაბრუნებაზე თვით სამურზაყანოშიც კი (სხვა რეგიონებზე რომ აღარაფერი ვთქვათ), ლაპარაკი ზედმეტია.

დილის გაზეთი, 25 აპრილი, 2003 წელი
       

მთელ გვერდზე