ჯანსაღად შობილი მომაკვდავი

        ხვალ სრულდება 8 წელი იმ დღიდან, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მრავალთვიანი გნიასის, გაწევ-გამოწევის, ინტრიგებისა და ხშირ შემთხვევაში ხელჩართული ბრძოლების შემდეგ მიიღო დამოუკიდებელი ქვეყნის კონსტიტუცია. სხვათა შორის, ეს იყო პირველი კონსტიტუცია, ვინაიდან 1921 წელს ქართველი პოლიტოკრატია, ყველა მისიშემადგენლით «სოციალ-დემოკრატებიან»- «ეროვნულ-დემოკრატებიანა» გადაჰყვა თეორიულ დისკუსიებს და, ფაქტობრივად, სსაქმე ბოლშევიკურ აგრესსიამდე მიიყვანა.

        შეიძლება ითქვას, ის კონსტიტუცია, რომელიც 1988 წლიდან საქართველოს «ეროვნული მოძრაობის» ფუნდამენტურ დოქტრინად იქცა, გაქცეულმა მთავრობამ ლამის «გზაში მიიღო,» როცა ზღვისკენ მიიჩქაროლდა, რათა საფრანგეთისაკენ მოეკურცხლა. ასევე, ვერ ჩაითვლება დამოუკიდებელი ქვეყნის პირველ კონსტიტუციად ზვიად გამსხაურდიას უზენაესი საბჭოს მიერ არსებულ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად მიღებული ვარიანტი, რადგან ის მაინც საბჭოთა კონსტიტუციად რჩბეოდა თავისი არსით და სულისკვეთებით.
        მაშასადამე, დაუვიწყარმა «პირველმა პარლამენტმა» (1992-1995 წწ( მრავალი ნაკლის და ანეკდოტური თვისების მიუხედავად, მაინც უდიდესი საქმე გააკეთა ამ კონსტიტუციის მიღებით და თავისი ისტორიული მისიაც შეასრულა, როგორც ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფოს «დამფუძნებელმა» კრებამ.
        ამ პრიორიტეტს მას ვერავინ წაართმევს, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, ვინაიდან როგორი ცვლილებებიც უნდა შევიდეს ამჟამინდელ ძირითად კანონში, იგი მაინც 1995 წლის კონსტიტუციად დარჩება.
        სხვა საქმეა, რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება იგი მთლიანობაში. აქ არსებობს მრავალი საშიშროება, რასაც სულ მალე შევეჩეხებით, როდესაც (ასევე, პ ირველად საქართველოს ისტორიაში( დაიწყება ხელისუფლების ცვლის პროცესი. 1995 წლის 24 აგვისტოს, როცა საქართველოს პარლამენტის წევრები (მათი პარტიულობის მიუხედავად) მქუხარე ოვაციით )იგი ნახევარ საათს გაგრძელდა) მიესალმნენ კონსტიტუციის მიღებას, ყველას ეგონა, თითქოს ძირითადი კანონი პანაცეად იქცეოდა სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების გადასაწყვეტად. ბევრი ამბობდა, რომ საქართველოს კონსტიტუცია «ჯანსაღად შობილი ორგანიზმია», ვინაიდან იგი პარლამენტმა მიიღო ხანგრძლივი დისკუსიის, აზრთა შეჯერებისა და კომპრომისების შედეგად.
        მაშასადამე, კონსტიტუცია შეიძლება ქცეულიყო ნამდვილ «საზოგადოებრივ შეთანხმებად,» რის საფუძველზეც განხორციელდა რეფორმა. მაგრამ საქმეც ის გახლავთ, რომ ეს კომპრომისი მეტისმეტად ფართო აღმოჩნდა: ოღონდ კი კონსტიტუცია მიღებულიყო და ძირითად კანონში ჩაიდო ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებები, ნამდვილად შეყოვნებული მოქმედების ნაღმები, რომელთა აფეთქება უკვე დაიწყო.
        მაგალითად, ერთ-ერთი დებულების თანახმად, საქართველო ცხადდებოდა «სოციალურ» სახელმწიფოდ. ასეთი ჩანაწერი ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში მართლაც არსებობს (შესწორების სახით), მაგრამ ახლადდაფუძნებული სახელმწიფოს კონსტიტუციაში ამ დებულების შეტანამ ლიბერალურ ინსტიტუტთა განვითარებას შეუშალა ხელი. თვალნათელ შედეგებს ახლა ვიმკით, როცა სწორედ ამ ჩანაწერზე აპელირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ეკონომიკურად სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების თოაბაზე- «სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის დახმარების» მოტივით.
        კიდევ უფრო დამანგრეველი აღმოჩნდა კომპრომისი ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის საკითხში. მათ შორის სრულიად რეაქციული დებულება, რომლის თანახმად საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა უნდა გაირკვეს მხოლდ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იურისდიქციის აღდგენის შემდეგ. აფხაზეთის კონფლიქტის თაობაზე მიმდინარე უკლებლივ ყველა მოლაპარაკებისას, თვით საქართველოსადმი ყველაზე კეთილგანწყობილი დიპლომატები და ექსპერტებიც გვეუბნებიან, რომ ვიდრე ეს აბსურდული დებულება იარსებებს კონსტიტუციაში, აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის იმედი არ უნდა გ ვქონდეს, რადგან აფხაზი და ოსი სეპარატისტები შესანიშნავად სარგებლობენ ამით და აცხადებენ, რომ სწორედ მათთან გაუთავებელი მოლაპარაკებები უნდა ჩაითვალოს იურისდიქციის აღდგენის პროცესად. ამ ლოგიკით, ეს მოლაპარაკება გაუთავებლად შეიძლება გაგრძელდეს.
        საქართველოს კონსტიტუციაში საერთოდ არ არის თავი ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ, ანუ კონსტიტუცია, რომელსაც «ჯანსაღადშობილს» ვუწოდებთ, სინამდვილეში დღემდე «გულის» გარეშე ცოცხლობს – ამჟამინდელი პრეზიდენტის «ბალანსირების» პოლიტიკისა და სახელისუფლებო ტექნოლოგიის შედეგად. მაგრამ ეს რესურსი ხომ ამოუწურავი არ არის?
        რაც შეეხება საუბრებს კონსტიტუციაში ცვლილებათა შეტანის შესახებ, ჯერჯერობით, არანაირი სიმპტომი არ ჩანს იმისა, რომ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტა ამ ძირითად განმსზაღვრელ საკითხში კომპრომისს მიაღწევს.
        მაშასადამე, ჯერ კიდევ 1995 წელს გაცილებით მიზანშეწონილი იქნებოდა, კონსტიტუციაში იმთავითვე გარკვეულიყო ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა და სეპარატისტებთან მოლაპარაკეაბა შესაბამისი პოზიციიდან დაწყებულიყო. ძირითად კანონში სწორედ ამ შეუდარებლად მნიშვნელოვანი თავის ნაკლებობა შეიძლება იქცეს ზემძლავრ ნაღმდა, რომლეიც საბოლოოდ ააფეთქებს კონსტიტუციას და მასთან ერთად – მყიფე სტაბილურობასაც ჩვენს ახლადშექმნილ სახელმწიფოში.

დილის გაზეთი, 23 აგვისტო, 2003 წელი

მთელ გვერდზე