იალტიდან - ურეკამდე

        ხვალ საქართველოს პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ელიტა, ანუ ისტებლიშმენტი თითქმის სრული შემადგენლობით ურეკში მიემგზავრება, სადაც ცნობილი ქართველი ბიზნესმენი და მეცენატი, ბადრი პატარკაციშვილი თავის ახალ პროექტს - «იმედის ქალაქს» ახორციელებს.
        სწორედ ხვალ გაიმართება ამ ქალაქის წინასწარი პრეზენტაცია, რითიც იწყება ურეკში ევროპული კლასის კურორტის მშენებლობა.
        საამისოდ ამ პატარა დაბას ყველა პირობა აქვს და სავსებით შესაძლებელია მისი ქცევა მართლაც მაღალი დონის ზღვისპირა ქალაქად, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება საქართველოსა და შავი ზღვისპირა სხვა კურორტებს. უფრო მეტიც -–თავისი შარმი და უპირატესობებიც აქვს.
        ალბათ, პატარკაციშვილი ამ პროექტსაც წარმატებით განახორციელებს ისევე, როგორც თითქმის ველაფერს, რასაც საქართველოში თუ რუსეთში ხელი ომჰკიდა. მაგრამ ბევრად უფრო აინტერესოა პოლიტიკური პროექი, რომლის განხორციელებაც, აგრეთვე, ხვალიდან იწყება. ამ მხრივ,ძალზე სიმპტომატური და ნიშანდობლივი ის გახდება, ვინ იტყვის უარს ურეკში ჩასვლაზე – უფრომეტად, ვიდრე იქ ჩასულთა ვინაობა.
        თვით ბადრი პატარკაციშვილმა ურეკში დაპატიჟა აბსოლუტურად ველა. პრეზიდენტიდან – მემარცხენე თუ მემარჯვენე პარტიების ლიდერებამდე და დეპუტაებამდე. მაშასადამე, შეიძლება ისე მოხდეს, რომ 16 აგვისტოს ურეკში ერთად შეიკრიბონ როგორც პრეზიდენტი, ასევე მისი თავგადაკლული მოწინააღმდეგენი.
        ნორმალურ- დემოკრატიულ ქვეყანაში ეს სავსებით ნ ორმალური მოვლენაა, მაგრამ საქართველოში, სადაც პოლიტიკური დაპირისპირება ადვილად გადადის პიროვნულ სიძულვილში, მაინც ექსტრაორდინარულ მოვლენად უნდა ჩაითვალოს.
        მიუხედავად ამისა, ურეკის შეხვედრამ შეიძლება, ისეთივე შედეგი გამოიღოს საქართველოსათვის, როგორც იალტის 1943 წლის კონფერენციამ – ევროპისათვის. აქ მაშსტაბი კი არ არის საინტერესო და განმსაზღვრელი, არამედ თვით სტილი – გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი მოწყობის და პოლიტიკური ბალანსის განსაზღვრისა.
        ამ თვალსაზრისით, მართლაც, ურეკის შეხვედრამ, თუ იგი იმ მასშტაბით გაიმართა, როგორც ჩაფიქრებულია, შეიძლება განსაზღვროს საქართველოს განვითარება 2003-2005 წლის საარჩევნო ციკლისა და ხელისფლების ცვლის პროცესში. ბუნებრივია, ახალგაზრდა ქართული კაპიტალი, რომელთან შედარებით ბადრი პატარკაციშვილი «გულივერად» გამოიყურება, ყოველნაირად შეეცდება ამ პროცესში თავისი როლი შეასრულოს, ან იგი ყურადღებით აკონტროლოს.
        მნიშვნელოვანი იქნება პრეზიდენტის შეხვედრა ბიზნესმენებთანდა პოლიტიკურ ლიდერებთან. ზოგიერთი ცნობით, შეიძლება გაიმართოს შეხვედრა პრეზიდენტსა და აჭარის ლიდერს, ასლან აბაშიძეს შორის. თუმცა, არ არის დაზუსტებული ამ შეხვედრის ადგილი.¹ ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტო იმასაც კი ამტკიცებს, თითქოს ასლან აბაშიძეც აპირებს ურეკში ჩასვლას «ქართულ პოლიტიბომონდთან» შესაერთებლად.
        მაგრამ სხვა ინფორმაციით, თვით ედუარდ შევარდნაძე მივა «მთასთან», ანუ ჩავა ქობულეთში ასლან აბაშიძესთან მოლაპარაკების გასამართად. ეს ბოლო ვარიანტი უფრო მეტად სარწმუნოა და უფრო შეესაბამება უკვე ჩამოყალიბებულ ტრადიციას.
        თუ შევარდნაძე-აბაშიძის შეხვედრა (თანაც ურეკის «სამიტის» კონტექსტში) ნამდვილად შედგა, ეს საბოლოოდ დაადასტურებს «ურეკისშემდგომი» საქართვლეოს კონსტრუირების მცდელობასა და ისტებლიშმენტის დიდ შეთანხმებას. ანუ, თუ ურეკის შეხვედრა მართლაც მაშსტაბურ ფორმატში ჩატარდა, ეს უპირველესი ნიშანი გახდება იმისა, რომ პოლიტიკური ელიტა (ფართოდაც ისტებლიშმენტი) აცნობიერებს, რა საფრთხე ელის 2003-2005 წლებში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესთა ხელიდან გასხლტომის შემთხვევაში.
        ამ აზრით, დღევანდელი ვითარება ძალიან ჰგავს 1998-1989 წლების მიჯნაზე შექმნილს, როდესაც შეთანხმებული მოქმედებითა და დიდი ტრანსფორმაციისას «თამაშის წესებზე» მოლაპარაკებით, ისტებლიშმენტს შეეძლო ქვეყანა შედმგომი, გამანადგურებელი კატაკლიზმებისაგან ეხსნა. მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა.
        არანაკლები საფრთხე ელის საქართველოს 2003-2005 წლების ციკლისას, როდესაც უკვე ცხადია, რომ მის ბოლოს საქართველოს ახალი პრეზიდენტი ეყოლება. თანაც ამ ვითარებაში, როცა ეს სულაც არ ნიშნავს ედუარდ შევარდნაძის წასვლას პოლიტიკური სცენიდან.
        არსებობს აგრეთვე «მემკვიდრის» ან «შემცვლელის» თემატიკა, რაც მხცოოდ ისტებლიშმენტის საერთო თანხმობით შეიძლება გადაწყდეს შმვიდობიანად.
        წინააღმდეგ შემთხვევაში, კატაკლიზმები ამ ქვეყანაში გარდაუვალია. მით უმეტეს, რომ საქართველოს საეროთდ არ გააჩნია ხელისუფლების მშვიდობიანად ცვლის გამოცდილება. ამ ვითარებაში, თვით ბადრი პატარკაციშვილის არჩევანი (და ამასვე მოუწოდებს იგი მთელს ბიზნეს- ელიტას), ალბათ, შეჩერდება არა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფზე, რაზეც ბევრი სპეკულაციაა ბოლო დროს, არამედ თვით სისტემის სასარგებლოდ – ანტისისტემური ძალების წინააღმდეგ.
        ესე იგი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ ვითარებაში პატარკაციშვილი და მისი მძლავრი კაპიტალი მასტაბილიზირებელ ფუნქციას ასრულებს და ქმნის საპირწონეს იმ ფაქტორების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ქვეყანას მორიგი სამოქალაქო ომისკენ მიაქანებენ.

დილის გაზეთი, 15 აგვისტო, 2003 წელი

მთელ გვერდზე