გორდიასის კვანძი

        მიუხედავად იმისა, რომ «ხმების დათვლასთან» დაკავშირებული ტრაგიკომიკური სპექტაკლი ჯერ საბოლოოდ დასრულებული არ არის, უკვე შეიძლება დარწმუნებით ითქვას მთავარი. 2 ნოემბერს ქართულმა «პოლიტიკურმა ელიტამ» საბოლოოდ დაკარგა უბიწობა, ხოლო აჭარიდან ხმათა «გრიალით» ჩამოსლვის შემდეგ ყველაფერი მზესავით ნათელი გახდა. ანუ, რგორც თბილისში ამბობენ «აბანოში მოეფინა ნათელი» და გაირკვა, ჰუ იზ ჰუ. რუსული აქცენტით ეს ინგლისური გამოთქმა ერთობ სკაბრეზულად ჟღერს, თუმცა, სწორედ ამიტომ, ძალიან ზუსტად ასახავს შექმნილ ვითარებას.
        სინამდვილეში არავითარი «არჩევნები» 2 ნოემბერს არ შემდგარა. ქართული საზოგადოება კვლავ მოხარშული წიწილიასავით იმპოტენტი აღმოჩნდა: მის თვალწინ, მისი ფორმალური მონაწილეობით, პოლიტიკურ-ფინანსურმა ჯგუფებმა გადაინაწილეს ადგილები საპარლამენტო «მზისქვეშეთში» რეალური (ანუ ფიზიკური და არა ელექტორალური) გავლენის, საახლობლოში კუნთმაგარი «ძველი ბიჭების» რაოდენობის, ფინანსური შესაძლებლობების, მედიარესურსების და სხვა მსგავსი ფაქტორების გათვალისწინებით.
        ესე იგი, ქართული «პოლიტოკრატია» ისევე, ლამის, სრული შემადგენლობით მოხვდა პარლამენტში, როგორც 1992 წელს – სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ. ახალ პარლამენტში აღმოჩნდნენ ყველანი – ეგრეთ წოდებული «ეროვნული მოძრაობის» ლამის მივიწყებული აქტივისტებით და კიდევ უფრო მეტად მივიწყებული «პარტრაიკომებით» დაწყებული, - ახალი ეპოქის გაზულუქებული «ნუვორიშებით» და სამოქალაქო საზოგადოების სისტემებში «კრუხის წესით» გამოჩეკილი კლინიკური იდიოტებით დამთავრებული.
        ერთი სიტყვით, ამ «ძველ-ახალი» პარლამენტის სახით, საქართველომ მიიღო საკუთარი ავადმყოფი და დავრდომილი საზოგადოების ზუსტი სახება და ხატი. მაგრამ, თუ ემოციებს დავიცხრობთ და პოლიტოლოგიური ანალიზის დისკურსში შევეცდებით ახლად შექმნილი რეალობის შეფასებას, დასკვნა არათუ კიდევ უფრო შემაშფოთებელი, არამედ, უბრალოდ, კატასტროფულია: ამ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფოში უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლა (საპრეზიდენტო არჩევნებით), განხორციელდეს საკონსტიტუციო რეფორმა და განისაზღვროს ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა, საქართველომ მიიღო აბსოლუტურად არაქმედოუნარიანი პარლამენტი!!!
        ეს არის ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მომხდარიყო. ახალ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა არ ექნება არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს თუ ძალას. ამჟამად მასში უკვე «შესულია» შვიდი პოლიტიკური პარტია. ეს არის შვიდი ფრაქცია – განსხვავებული ინტერესებით, ლიდერთა ამბიციებით, მოთხოვნებითა და მისწრაფებებით.
        გარდა ამისა, თვით სახელისუფლებო ბლოკი «ახალი საქართველოსთვის», პირველივე «პლენარულ» დღეს დაიშლება, მინიმუმ, სამ ფრაქციად, თანაც, ეს დაშლა სულაც არ იქნება ფორმალური. ყველა მათგანს ეყოლება გამოკვეთილი ლიდერი და ექნება საკუთარი «პროგრამა» უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით. თუ აქვე გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ ზემოთ ჩამოთვლილი 10 ფრაქცია ეს არის პრეზიდენტობის 1M კანდიდატის «მხარდამჭერი გუნდი» (თანაც დეპუტატობის უფლებამოსილების მქონე და შესაბამისი ბერკეტებით აღჭურვილი), ძნელად განსაჭვრეტი არ გახლავთ, რა მარაზმი გველის უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში.
        საქართველოს მეოთხე პარლამენტი მხოლოდ გარეგნულად (ფორმალურად) დაემსგავსა დაუვიწყარ «პირველ პარლამენტს» (1992-1995), რომელიც, აგრეთვე, ძალიან «ჭრელი» იყო, მაგრამ იმ უკვე შორეულ ეპოქაში ჯერ კიდევ არსებობდა მთავარი: იყო იმედი, რომ ქართული ელიტა რაღაცის გაკეთებას შეძლებდა თავისი ქვეყნისთვის. გარდა ამისა, პირველ პარლამენტში გაცილებით ნაკლები იყო ისეთი ხალხი, ვისაც დეპუტატობა მხოლოდ იმუნიტეტისა და საკუთარი ბიზნესის ლობირებისთვის სიჭრდება.
        სწორედ და მხოლოდ ამიტომ შეძლო «პირველი მოწვევის პარლამენტმა» თავისი ისტორიული მისიის შესრულება და თუნდაც ნაკლული კონსტიტუციის მიღება. ახალი პარლამენტი ამ ნაკლის შევსებას (ანუ ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის განსაზღვრას) ვერ მოახერხებს, ან თუ მოახერხებს, ვაი, იმ მოხერხებას.
        ამრიგად, მომავალი წლები იქნება გაუთავებელი კინკლაობის, გულისამრევი გაწევ-გამოწევის, «საპროცედურო ომების,» ბრიყვული და უსაგნო დისკუსიების ხანა. გამორიცხულია, ამ პარლამენტში მოხერხდეს «საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელისა» და ეგრეთ წოდებული, «გერმანული მოდელის» (საპარლამენტო რესპუბლიკის) მომხრეთა შეხედულებების შეჯერება. ისევე, როგორც «ფედერალისტებისა» და «უნიტარისტების» შერიგება.
        მაშასადამე, საკონსტიტუციო რეფორმა, თუკი მაინც განხორციელდა, იქნება მორიგი «მახინჯი კომპრომისი»: შეუთავსებლის შეთავსება, «იურიდიული ღამურა», რაც განვითარების ყოველგვარ პერსპექტივას მოუსპობს ამ ჩვენს, მართლაც, უბედურ ქვეყანას.

დილის გაზეთი, 7 ნოემბერი, 2003 წელი

მთელ გვერდზე