«გაზპრომი» გვთავაზობს

        გუშინ თბილისში რამდენიმე საათით ჩამოვიდა რუსეთის უდიდესი საწარმოს- «გაზპრომის» მმართველობის თავმჯდომარე ალექსეი მილერი. თავისთავად ეს ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, მით უმეტეს, იმ პროექტის გათვალისწინებით, რომელიც ამჟამად განიხილება.

        აღსანიშნავია, რომ რუსეთის ამ გიგანტური კორპორაციის (მსოფლიოს ენერგეტიკული ლიდერის) ხელმძღვანელები ახლო წარსულშიც ხშირად სტუმრობდნენ თბილისს. მაგალითად, სხვადასხვა დროს საქართველოში იმყოფებოდნენ ვიქტორ ჩერნომირდინი და რემ ვიახირევი. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი საქართველოში პირდაპირ სტამბოლიდან ჩამოვიდა, სადაც ის-ის იყო, გააფორმა მრავალმილიარდიანი ხელშეკრულება შავი ზღვის ფსკერზე გაზსადენის გაყვანაზე.» ცისფერი ნაკადი» მრავალი სკეპტიკური წინასწარმეტყველების მიუხედავად, უკვე ამუშავდა და რუსეთიდან თურქეთში ბუნებრივი აირის მიწოდება ამ არხითაც დაიწყო.
        თბილისში ჩამოსვლისთანავე რემ ვიახირევმა განაცხადა, რომ მზად არის, განაგრძოს თანამშრომლობა ბუნებრივი აირის მიწოდებისა და ტრანზიტის სფეროში. იმთავითვე ნათელი იყო, რომ «გაზპრომს» (და მისი სახით, რუსეთის სახელმწიფოს) ჩვენს ქვეყანაში ძალიან სერიოზული ინტერესი აქვს, ოღონდ ეს ინტერესი ღარიბ-ღატაკ ქართულ ენერგეტიკულ ბაზარზე ენერგოშემცველთა მიწოდებით არ ამოიწურება.
        რუსულ მხარეს ინტერესის ძირითადი საგანი არც დაუმალავს _ ეს გახლავთ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული გაზსადენი, რომელიც რუსეთს აკავშირებს არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ სომხეთთანაც. მეზობელი ქვეყნის ინტერესთა თანხვედრა «გაზპრომის» ინტერესებთან აშკარაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, თითქოს შემოთავაზებული პროექტი რაიმე თვალსაზრისით ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს.
        რაც შეეხება თვით წინადადებებს, ალექსეი მილერმა ისინი ქვეყნის პრეზიდენტს გააცნო. სათბობ-ენერგეტიკული სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, წინადადება ითვალისწინებს პარიტეტულ საწყისებზე ერთობლივი, რუსულ-ქართული საწარმოს შექმნას, სახელწოდებით - «რუსგრუზგაზპრომ». ქართული მხარე საწარმოში შედის მაგისტრალური მილსადენებით (თვით დასახლებულ პუნქტებში არსებული ქსელების გარდა), ხოლო «გაზპრომი» საწესდებო კაპიტალის საკუთარი წილის სახით გვთავაზობს ყოველწლიურად 5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მოწოდებას, რომლის რეალიზაციით შემოსული თანგხა საქართველოდან არ გავა და მოხმარდება მილსადენის რეაბილიტაციას. საქართველოსთვის სწორედ ეს არის საკვანძო პრობლემა – არსებული მილსადენი, შეიძლება ითქვას, მთლიანად დალპა და ელემენტარული შეკეთებისთვის, მინიმუმ, 230 მილიონ დოლარს საჭიროებს. სხვაგვარად, ორ წელიწადში ქვეყანას მაგისტრალური ქსელები არ ექნება და საქართველო რუსეთიდან ბუნებრივ აირს ვეღარ შემოიტანს. ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი რომც აშენდეს და ამოქმედდეს (2006 წლისთვის), ეს ბევრს ვერაფერს შეცვლის, ვინაიდან მილი აზერბაიჯანიდან თურქეთამდე გაივლის საქართველოს რამდენიმე რაიონზე. სხვა ქალაქებსა და რეგიონებამდე საწვავის ტრანსპორტირებისთვის კი ამჟამინდელ მილსადენთა მოდერნიზაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია. «გაზპრომის» გარდა, ამისთვის თანხის გამოყოფას არავინ აპირებს. ბუნებრივია, ისმის კითხვა, რა ინტერესი აქვს მას? პასუხი პარადოქსულია: მხოლოდ მთავრობის მოთხოვნის დაკმაყოფილება. რუსეთის ხელისუფლებას შესანიშნავად ესმის, რომ ბაქო-ერზრუმის გაზსადენით მისი ერთადერთი სტრატეგიული მოკავშირე რეგიონში (სომხეთში) ვერც ერთ კუბურ მეტრ გაზს ვერ მიიღებს, თუ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მილი მწყობრიდან გამოვიდა, რუსეთიდან სომხეთში გაზის მიწოდება საერთოდ შეუძლებელიგახდება. ამ ჰიპოთეტური გარანტიის სანაცვლოდ კი საქართველო ბევრად მეტს იღებს: 1)  გაზის შეუფერხებლად მოწოდების გარანტიას; 2) საწვავის მოწოდების წყაროთა დივერსიფიცირებას )გაზს უკვე არამხოლოდ «იტერასგან» მივიღებთ), ურფო იაფად შესყიდვის საშუალებას, ვიდრე «იტერასგან» ვყიდულობთ და 3) მილების მოდერნიზებას, რასაც რუსები ზურგზე ვერ მოიკიდებენ და თან ვერ წაიღებენ.
        მიუხედავად ამისა, საეჭვოა, საქართველოს ხელისუფლებამ ამ პროექტის განხორციელება შეძლოს, ვინაიდან ოპოზიციური ძალების მხრიდან მას უეჭველად უმწვავესი რეაქცია მოჰყვება.

დილის გაზეთი, 29 მაისი, 2003 წელი

მთელ გვერდზე