გადასახადები მართლა უქმდება
       

       

        ბევრს გაუკვირდება, მაგრამ ახალი ხელისუფლება, როგორც ჩანს, მართლაც «არ ხუმრობს» და აპირებს, გადადგას რთული ნაბიჯები, რაც მთლიანად შეესაბამება წინასაარჩევნო დაპირებებს. ეს არ იქნება უპრობლემო და უკონფლიქტო პროცესი, მაგრამ, როგორც ჩანს, «რევოლუციონერებს» დანაპირების შეუსრულებლობისა ბევრად უფრო ეშინიათ, რაც უდავოდ დადებითი მოვლენაა და მეტყველებს როგორც მათ პასუხისმგებლობაზე, ასევე საზოგადოების მზარდ აქტიურობასა და მის «პრესინგზე».

        ესე იგი, სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში თანდათან რეალურად ყალიბდება, რაკი ეს საზოგადოება, ბოლოს და ბოლოს, სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების პასუხისმგებლობის უზრუნველმყოფი მექანიზმი: სამოქალაქო საზოგადოება არსებობს მხოლოდ იქ და იმ შემთხვევაში, როდესაც და სადაც ხელისუფლებას ეშინია საზოგადოებრივი აზრის. აქ პერსონალიებზე სულაც არა გვაქვს საუბარი. იგულისხმება ინსტიტუტი და არა კონკრეტული პიროვნების განწყობა, თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ზურაბ ჟვანიაც და მიხეილ სააკაშვილიც პირველივე დღებეიდან შეძლებისდაგვარად ცდილობენ ამ ინსტიტუტის კულტივირებას – პრესაში გამოთქმულ მოსაზრებებზე მყისიერი რეაგირებით. გავიხსენოთ თუნდაც თანამდებობის პირთა «ნათესაური ნიშნით» დანიშვნასთან დაკავშირებული სკანდალი და ამ სკანდალზე ხელისუფალთა სავსებით ადეკვატური რეაგირება.
        მაგრამ ახალ ხელისუფლებას, ალბათ, ისიც შესანიშნავად ესმის, რომ გარკვეული ზომიერების დაცვა აქაც აუცილებელია, რადგან საზოგადოებრივი აზრი შეიძლება, პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ რეალიებს არ ითვალისწინებდეს. მაგალითად, როგორი აღშფოთებულიც უნდა იყოს (სამართლიანადაც) ქართული საზოგადოება ბათუმში, ლევან კაჭარავასთან დაკაშვირებული სამარცხვინო ინციდენტის გამო, რამე მკვეთრი მოძრაობა (სამწუხაროდ) გამორიცხულია, ვინაიდან ბათუმის რეჟიმი ნამდვილად არ არის ისეთი სუსტი და უმწეო, როგორიც თბილისური რეჟიმი აღმოჩნდა ნოემბერში, როდესაც, ფაქტობრივად, «წკიპურტის დარტყმით» დაემხო – ძალისმიერი თვალსაზრისით.
        რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას გუშინდელ პრესკონფერენციას, კიდევ ერთი დადებითი ნიშანი ის არის, რომ ახალ ხელისუფლებას ნამდვილად არ აშინებს ყბადაღებული «საერთაშორისო სავალუტო ფონდის» განაწყენება.
        უკვე რამდენიმე წელია, გრძელდება საუბრები უაზრო გადასახადების გაუქმებისა და გამარტივების შესახებ, მაგრამ ედუარდ შევარდნაძის ადმინისტრაცია ამას ვერ ბედავდა. ძირითადად, პოლიტიკური მოტივებით, _ რაკი უმალვე დაადანაშაულებდნენ «დასავლური კურსის შეცვლაში».
        არადა, რა აზრი აქვს ამჟამინდელი საგადასახადო კოდექსის უცვლელად შენარჩუნებას, თუკი ფონდის პროგრამა, ჯერ ერთი, ისედაც შეწყვეტილია და (მეორეც) მისი აღდგენა უფრო გადასახადების ამოღებისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაზე იქნება დამოკიდებული, ვიდრე ფორმალური გადასახადების შენარჩუნებაზე. ზურაბ ჟვანია სგანცხადება «გარეგნული სიმდიდრის გადასახადის» დაწესების შესახებ ძნელად თუ ჩაითვლება «მემარცხენეობად», ან (მით უმეტეს) პოპულიზმად. ასეთ შემთხვევაში, უკლებლივ ყველა დასავლური მთავრობა პოპულისტურად უნდა გამოცხადდეს, რადგან «ზესიმდიდრეზე» გადასახადი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და ამერიკაში სწორედ «ლიბერალებმა» და «კონსერვატორებმა» დააწესეს. ეს არის აბსოლუტურად სამართლიანი, თავისი თვისებით ლიბერალური გადასახადი, რომლეიც გამომდინარეობს «საყოველთაო კეთილდღეობის საზოგადოების» შექმნის დასავლური კონცეფციიდან, _ როდესაც არავინ უშლის ხელს ადამიანებს გამდიდრდნენ, მაგრამ, თავიანთი «ზესიმდიდრისთვის» და სოციალური ცენზისათვის (უკვე ცენზისათვისაც თავისთავად) – ისინი ვალდებულნი არიან, ერთგვარი «ხარკი გადაუხადონ» საზოგადოებეას, რაც აბსოლუტურად სამართლიანია და არაფერი «კომუნისტური» ან «სოციალისტური» აქ არ არის: «ზესიმდიდრეზე» და «ზეშემოსავლებზე» გადასახადი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში 90 პროცენტს (!!!) აღწევს. ჩვენში რომ «მიაბახით» ან «ფერარით» სეირნობის მოყვარულებმა (ღმერთმა ბევრი მისცეთ), გაჭირვებული ადამიანების სასარგებლოდ ცოტაოდენი გადაიხადონ, არაფერი დაშავდება. პირიქით, სამართლიანობის პრინციპი იზეიმებს.
        ასევე საოცრად ზუსტად არის მიგნებული გადაწყვეტილება «მიწის გადასახადთან» დაკავშირებით. იგი არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში საერთოსახელმწიფოებრივ გადასახადად არ ითვლება _ ეს წმინდა წყლის მუნიციპალური გადასახადია და ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა დააწესოს.
        ამით იდგმება პირველი ნაბიჯიც «ადგილობრივი დემოკრატიის» ფინანსური საფუძვლის შესაქმნელად, რადგან ლოკალური დემოკრატია გამოიხატება არა «საერთოსახელმწიფოებრივი» გადასახადის დაწესებაში, რომლეიც არც იკრიფება და რომც იკრიფებოდეს, ადგილობრივ ბიუჯეტებში არ ხვდება, არამედ ადგილობრივი ხელისუფლებისათვის არჩევანის უფლების მინიჭებით.
        უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამ შეღავათებს აუცილებლად მოჰყვება (იმავდროულად) კონტრაბანდისა და გადასახადების დამალვის წინააღმდეგ კანონის გამკაცრება, ვინაიდან, სხვა შემთხვევაში, არავითარ შედეგს ეს ნოვაციები არ მოიტანს და სურთ ავტორებს თუ არა, მართლაც დაემსგავსება პოპულიზმს.

დილის გაზეთი, 23 დეკემბერი, 2003 წელი

მთელ გვერდზე