გადამწყვეტი ბრძოლა შევარდნაძის მემკვიდრეობისთვის

        ნებისმიერი მასობრივი აქციის დროს, მით უმეტეს, თუ საუბარია «რევოლუციაზე» (თუნდაც «ხავერდოვანზე»), ყველაზე მეტად საინტერესოა არა ის, რაც «ზედაპირზე ძევს», არა საბრალო, გულწრფელი, რიგითი მომიტინგე, ახალშობილი ბოჩოლასავით პირდაღებული რომ მონაწილეობს «სამშობლოს მორიგ გადარჩენაში», არამედ ის შინაგანი, დაფარული მექანიზმები და ფარულად «მბრუნავი ბორბალაკები», რომელთა ძალუმი გუგუნი სამიტინგო-პასიონარულ ქუხილში მაინც ისმის და მრავალმხრივ შეიგრძნობა.

        2 ნოემბერს დაიწყო და მიმდინარეობს ძალიან რთული თამაში, მრავალი სხვადასხვა დიდოსტატი მოთამაშისა და გამოცდილი პოლიტიკოსის თუ დაინტერესებული (შიდა და გარე) ძალის მონაწილეობით, რომლის საბოლოო მიზანი, ამოცანა და სანატრელი პრიზი გახლავთ ედუარდ შევარდნაძის მრავალწლიანი მემკვიდრეობის დაუფლება. ეს არის «შევარდნაძის ეპოქის» მზის ჩასვენების უკანასკნელი ბრძოლა, რომლეიც უკვე დაიწყო (უფრო ზუსტად, დაიწყო მისი ღია ფაზა) და დასრულდება მხოლო და მხოლოდ 2005 წლის აპრილში, როდესაც «ეპოქა დასრულდება დიდი». იმ ნათელ და მზიან თვეს საქართველომ ახალი ლიდერი, ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს (ფრთხილად შევნიშნავთ) «წესით», კონსტიტუციით, კანონითა და რიგით. სწორედ ამიტომ გაშიშვლდა ესოდენ ყველა დაფარული ანტაგონიმი, ინტერესთა ყველა ფარული კონფლიქტი, რაკი საპარლამენტო არჩევნები განიხილებოდა პირველ შეტაკებად იმ დიდ ბრძოლაში – ბრძოლაში შევარდნაძის მემკვიდრეობისათვის.
        ძალზე საეჭვოა, რომელიმე ძალას თუ დაჯგუფებას, ომისა და ბრძოლის მოგება პირველივე შეტაკებით (ნოემბრის არჩევნებით) სდომებოდა ან ასეთი ილუზია ჰქონოდა. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ვინმეს სერიოზულად დაეგეგმა აბსოლუტური (მით უმეტეს, საკონსტიტუციო) უმრავლესობა პარლამენტში. მაგრამ ის, რაც ამჟამად ხდება, არის პირველი შეტაკები სშედეგთა ნაწილობრივი გამოსწორება – გაუმჯობესების, შედმგომი შეტაკებებისათვის უფრო ხელსაყრელი პოზიციის მოპოვების, ანუ პარლამენტში უფრო ძლიერი მდგომარეობის დამკვიდრებისათვის მიმდინარე გააფთრებული «არიერგარდული» შერკინება. ბრძოლა ცალკეული შეტაკებებისაგან შედგება, ისევე როგორც ომი ცალკეული ბრძოლებისაგან. წარმოუდგენელია, მოიგო ბრძოლა, თუ არ მოიგებ ცალკეულ შეტაკებათა უმრავლესობას.
        პოლიტიკური ბრძოლის თავისებურება ის არის, რომ აქ არა მხოლოდ მტყუან-მართალის გარჩევაა სერიოზული პრობლემა, არამედ, დაპირისპირებული მხარეებისაც კი, ის, რაც ზედაპირზე ჩანს, სინამდვილეში შეიძლება სულაც ოსტატურად მოწყობილი ილუზია და «თვალშისაცემი» მანევრი იყოს. ვთქვათ, ზემოთხსენებული «პირდაღებული ბოჩოლა», რასაკვირველია, ადვილად დაასახელებს დაპირისპირებულ მხარეებს: ერთი მხრივ, პრეზიდენტი შევარდნაძე, მისი საარჩევნო კოალიცია და გარემოცვა, ასლან აბაშიძე, ხოლო მეორე მხრივ, სააკაშვილი, ჟვანია, ბურჯანაძე, პატიაშვილი და მათ გარშემო გაერთიანებული დემოკრატიული ოპოზიცია. სინამდვილეში, თუ ყურადღებით გავაანალიზებთ და ზოგიერთ სიმპტომს მეტი შორსმჭვრეტელობით დავაკვირდებით, აქ საქმე ბევრად უფრო რთულად არის: ორივე მხარე მართლაც ურთულეს საჭადრაკო პარტიას ასრულებს და, ჯერჯერობით, დიდი წარმატებითაც.
        სინამდვილეში (ხსენებული პრიმიტიული სქემის მიუხედავად) შეიძლება ისეც იყოს, რომ ჟვანია-სააკაშვილი-ბურჯანაძე იმდენად ედუარდ შევარდნაძეს კი არ ებრძვიან, არამედ ებრძვიანე მეორე, ძალიან ძლიერ დაჯგუფებას, რომელსაც აგრეთვე სურს დაეუფლოს «შევარდნაძის მემკვიდრეობას», ანუ ეს არის ბრძოლა არა ედუარდ შევარდნაძესთან, არამდე შევარდნაძის გარშემო – ისევ და ისევ მისი მემკვიდრეობისათვის. მართლაცდა, გიჟის გარდა, ვინ დაიჯერებს, რომ ედუარდ შევარდნაძისათვის ასლან აბაშიძე (როგორც პოლიტიკური ფენომენი) უფრო მისაღებია, ვიდრე «მის ხელში გაზრდილი» ჟვანია-სააკაშვილი, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში შევარდნაძის კურსის გამგრძელებლები იქნებიან? არადა, სწორედ ამ კურსის გაგრძელება გახდება მთავარი გარანტია ბუხრის პირას მემუარების საწერად ჩამუხლული მოხუცი პრეზიდენტისთვის, ან პირიქით: ვინ დაიჯერებს, კვლავ და კვლავ «პოლიტიკით გადარეულის» გარდა, რომ ჯუმბერ პატიაშვილი (როგორც პოლიტიკური ფენომენი და გარკვეული კურსის განსახიერება) ჟვანგია-ბურჯანაძე-სააკაშვილისთვის უფრო მეტად მისაღებია, ვიდრე ედუარდ შევარდნაძე?
        თვით პრეზიდენტი ამ ბრძოლისას, ჯერჯერობით, გონვირულ ნეიტრალიტეტს იცავს და ორივე მხარეს აძლევს გაღიზიანების საფუძველს - «კონტრომოტივაციათა» მისეული («შევარდნაძისეული») დოქტრინის შესაბამისად. რეალურად, საქართველოს პრეზიდენტის პოზიციები ამ შეტაკებისას, ბევრად უფრო მყარია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და ეს უახლოეს მომავალში უეჭველად დადასტურდება. კვლავ და კვლავ უნდა აღინიშნოს, რომ ამ ურთულეს, ფილიგრანული ოსტატობით წარმართულ პარტიაში გარეგნულად შევარდნაძის მხარეს მყოფი შეიძლება სინამდვილეში მისთვის მიუღებელი და მისი მოსისხლე მტერი იყოს, ხოლო გარეგნულად მასთან დაპირისპირებული – სინამდვილეში მისთვის სტრატეგიულად ბევრად უფრო სასურველი არჩევანი მემკვიდრეობის გადაცემისას.

დილის გაზეთი, 13 ნოემბერი, 2003 წელი

მთელ გვერდზე